არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

რამდენიმე დღის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმაშენებლის 123 ნომერში მდებარე არაბულ ღამის კლუბ "დისკო ბეირუთში" პროსტიტუციის ფაქტები გამოვლინდა და ამ საქმით 12-13 წლის ქართველი გოგონები არიან დაკავებული. პროსტიტუციის შემთხვევა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, "ანტიკორუფციული კავშირის" მიერ იქნა გამოვლენილი. Ambebi.ge ორგანიზაციის უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ თავად დისკო-კლუბის წარმომადგენლები საუბრობენ, რასაც მათ ხელთ არსებული ფარული ვოდეო-ჩანაწერიც ადასტურებს.

- ფარულ ჩანაწერში კლუბის თანამშრომელი აღიარებს, რომ მათ ჰყავთ არასრულწლოვანი გოგონები. ჩვენი ორგანიზაციის ოპერატიული მონიტორინგის ჯგუფმა გადაიღო ეს ფარული ჩანაწერი. ქართველებს არ უშვებდნენ და ამიტომ მოგვიწია უცხოელი მიგვეგზავნა.

- რატომ არ უშვებენ კლუბში ქართველებს?
- ხშირია შემეთხვევები, როდესაც ქართველი მამაკაცები გვერდზე სუფრიდან ხედავენ მსგავს ამაზრზენ ფაქტს, ემოციის ფონზე ვეღარ აკონტროლებენ აგრესიას. ეს ჩხუბსა და დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ბარის მფლობელებს არ აწყობთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამიტომაც ერიდებიან ქართველი სტუმრების მიღებას.

ზოგადად ეს პრობლემა არამარტო თბილისს, რეგიონებსაც ეხება და ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ჩვენი გაღიზიანება ამ შემთხვევაში გამოიწვია არასრულწლოვანი გოგონების აღვირახსნილ საქმიანობაში ჩაბმამ. საზოგადოებამ რაღაც ფორმით სათქმელი უნდა თქვას. მხოლოდ წერა და კითხვა ამ საქმეს არ უშველის. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ვფიქრობთ რა სახის კამპანია წამოვიწყოთ სამომავლოდ, რომ საზოგადოებას უფრო მასშტაბურად მივაწვდინოთ ხმა.

- აცნობეთ თუ არა შესაბამის სამსახურებს ამ ფაქტის შესახებ და დაწყებულია თუ არა საქმის წარმოება?
- დიახ, საქმის წარმოება დაწყებულია. ეს საქმე მკაცრ კონტროლზეა აყვანილი და საბოლოოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვინაიდან კანონმდებლობით პროსტიტუცია საქართველოში აკრძალულია, არ უნდა ხდებოდეს გამონაკლისების დაშვება. არ არსებობს ამ შემთხვევაში განსხვავება ჩინელს, იაპონელსა და არაბს შორის.

- ზოგადად რა ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში? ცნობილია, რომ თქვენმა ორგანიზაციამ გასულ წელს პროსტიტუციის ფაქტები გონიოში გამოავლინა...
- დიახ, შარშან გონიოში ამ საქმეში ჩაბმული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვყავდა შემჩნეული, თუმცა 15%-ს ქართველებიც შეადგენდნენ. გამოვავლინეთ ფაქტები, რის შემდეგაც რაღაც სეგმენტმა დატოვა საქართველო. მაგრამ წელს საზღვაო სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდნენ. ვესაუბრე გონიოში ადგილობრივ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ, რომ პროსტიტუციის ფაქტები არათუ შემცირდა, არამედ - პირიქით, იმატებს"- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შენობა, რომლის პირველ სართულზეც ეს დისკო კლუბია გახსნილი, კომპოზიტორთა სახლს ეკუთვნის. როგორც კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელმა კახა ცაბაძემ ambebi.ge-ს აცნობა, ფართი, სადაც დისკო-კლუბია გახსნილი, კომპოზიტორთა კავშირმა უცხოელ ინვესტორებს უზურფრუქტით გადასცა. თავად კი მსგავსი სიბინძურის შესახებ წარმოდგენა არ აქვს და პროსტიტუციის ფაქტს ტყუილს უწოდებს:

"უპირველეს ყოვლისა ვამბობ, რომ ეს არის გაურკვეველი ადამიანების მიერ აგორებული სიცრუე. როგორ მოსდით თავში აზრად მსგავსი რამ. მითუმეტეს, რომ ისეთი ადგილია, სადაც მხოლოდ ორი სველი წერტილია და იქ რომც მოინდომონ, ფიზიკურად შეუძლებელია პროსტიტუციით დაკავდეს ვინმე. ეს ცილისწამებაა, თუმცა არასდროს მინახავს, რომ საქართველოში
ცილისმწამებელი დასჯილიყოს. ამბობენ საქმეს შსს იძიებსო, ძალიან კარგი, გამოიძიონ და დაადგინონ სიმართლე. რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასულ სიუჟეტს, სადაც იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, თითქოს ღამის საათებში კლუბიდან გამოსული ხმაური აწუხებთ, ესეც სიცრუეა. მიბრძანდით და თავად დარწმუნდებით, რომ კომპოზიტორთა სახლთან ახლოს არცერთი იტალიური ეზო არ არის"- განუცხადა ambebi.ge-ს კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელმა, კახა ცაბაძემ.