"კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დავით კოდუას ცემისა და "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილი უკანონო ჩანაწერების ფაქტების კომენტირებისას აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, მსგავსი შემთხვევები გამოიძიოს, უნდა გადადგეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: თუ ეს ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" დაემსგავსება, კიდევ ერთ რევოლუციას მიიღებს.
"დანამდვილებით ერთი რამის თქმა შემიძლია - აგრესია ყოფილი ხელისუფლების მიმართ ძალიან მაღალია. ასე რომ, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - მთავრობამ მასალები უნდა დადოს, თუ რა და როგორ იმუშავა. თავი დავანებოთ საზოგადოების დამოკიდებულებას "ნაცმოძრაობის" წევრებისა და აქტივისტებისადმი. ხელისუფლებას რა უნდა? ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუწყოს და და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს? თუ ეს არ უნდა, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და ეს ფაქტები გამოიძიოს. პრობლემა მოსახლეობის "ნაცმოძრაობისადმი" დამოკიდებულება კი არ არის, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ფაქტებისადმი. ამიტომ მთავრობამ მკაცრად უნდა დასაჯოს ის, ვინც ლინჩის წესით შეეცდება სამართლიანობის დამკვიდრებას. ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა, თუკი იგი სახელმწიფოებრივად აზროვნებს", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
"ემსგავსება თუ არა ახლანდელი ხელისუფლება ძველ ხელისუფლებას? გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან არ მინდა, ასე მოხდეს და ვცდილობ, ამ მიმართულებით არც ვიფიქრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსმენასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციასა და მიდგომას ვიზიარებ. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ეს არ მოსწონს, მაგრამ არ იცის, რა ქნას, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ, რათა გააკეთოს ის, რაც მის მოვალეობაში შედის. თუ იცი, რომ საქმე გასაკეთებელია, მაგრამ ვერ აკეთებ, მიზეზები საერთოდ არ მაინტერესებს. ხალხს მიზეზი კი არა, შედეგი სჭირდება. თუ საქმე ასე წავა და ეს ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" დაემსგავსება, კიდევ ერთი რევოლუციის მოწმეები გავხდებით. რევოლუცია კი, მგონია, რომ აღარ გვჭირდება და რომ ხელისუფლებას აქვს წესრიგის დასამყარებლად საჭირო რესურსი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
"ერთი რამ ცალსახაა - როცა "რუსთავი 2"-ის მთელი შემოქმედებითი კოლექტივი ძალიან წუხს იმაზე, რომ მას უსმენენ, ამის მორალური უფლება, წარსული ბიოგრაფიიდან გამომდინარე, არ აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც არ მაქვს უფლება, ხელისუფლებას მოვთხოვო, აღარ მოუსმინონ. ეს სხვადასხვა რამეებია და ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და "ნაცმოძრაობას" 9-წლიან პერიოდზე პასუხი სამართლიანი გზითა და მეთოდებით ვაგებინოთ და არა ქუჩაში გარჩევებითა და მოსმენით და სხვა არასახელმწიფოებრივი ქმედებებით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სასამართლოს თავისუფლება არა მხოლოდ მოსამართლეზე, არამედ სტრუქტურაზეა დამოკიდებული. რაღაცები შეიცვალა, მე ვიტყოდი, კოსმეტიკურ დონეზე, მაგრამ სტრუქტურა რადიკალურად არ შეცვლილა. შეიძლება დღეს ხელისუფლება უშუალოდ არ ერევა განაჩენის გამოტანაში და სატელეფონო სამართალს არ ახორციელებს, მაგრამ ეს საერთო განწყობას ვერ და არ ცვლის. სასამართლო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში ზუსტად იგივეა, რაც "ნაციონალების" პერიოდში იყო, ვინაიდან არც მოსამართლეთა კორპუსი შეცვლილა და არც სტრუქტურა. არაფერი ახალი არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, დღევანდელი სასამართლო ობიექტურიც რომ იყოს და "ნაციონალები" გაამართლოს, საზოგადოებაში ეს მაინც უარყოფითად აღიქმება", - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.