ქართულ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში ბოცვერის ნაცვლად კატის ხორცს ასაღებენ?

ქართულ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში ბოცვერის ნაცვლად კატის ხორცს ასაღებენ?

ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული, საბჭოური შინშილა - გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ბოცვრის ამ ჯიშებს ამრავლებდნენ. ოფიციალური სტატისტიკით, 1975 წელს ჩვენს ქვეყანაში მებოცვრეობის 35 სანაშენე მეურნეობა და ფერმა არსებობდა. შემდეგ რაც მოხდა, ამის შეხსენება ზედმეტია. საწყენია, რომ მეცხოველეობის სხვა დარგებთან ერთად, მებოცვრეობა, ფაქტობრივად, დაიკარგა. დღეს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ბოცვრის ხორცზე მეტია, ვიდრე მიწოდება. საქართველოში მებოცვრეობის დიდი ფერმა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ძირითადად, მცირე მეურნეობებში ხდება მათი მოშენება.

bpn-ისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც ბოცვრის ხორცის ნაცვლად, დაუდგენელი ტიპის ხორცს აბარებენ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. ვინაიდან დაკლული ბოცვრისა და კატის აგებულება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კატის ხორცის გასაღებას ახერხებდნენ.

bpn შეეცადა გაერკვია, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს შეესაბამებოდეს და რა მეთოდებს იყენებენ რესტორნები და სუპერმარკეტები კურდღლის ხორცის შესამოწმებლად.

ლაშა გუჯარელიძე დიდი ხანია ფერმერია. დისტრიბუტორები მისგან ყიდულობენ ცოცხალ ბოცვერს და ხორცს ყველაზე მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და რესტორნებში აბარებენ. ფერმერი ამბობს, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი რესტორანის წარმომადგენელი დაუკავშირდა, რომელმაც აცნობა, რომ სხვა დისტრიბუტორისგან მიღებული დაკლული კურდღლის ხორცი არაბუნებრივად წითელი შეფერილობის იყო:

” ვინაიდან ცოტა ხნის წინ უკრაინაში კატის ხორცის კურდღლის ხორცად გასაღების ფაქტები დაფიქსირდა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ჩვენთანაც მსგავს შემთხვევას ჰქონოდა ადგილი”, - განაცხადა ლაშა გუჯარელიძე.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არცერთმა რესტორანმა არ ისურვა მათი ვინაობის გამხელა, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ საეჭვო შემთხვევები კურდღლის ხორცთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონიათ. რაც შეეხება ჰიპერმარკეტებს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეუძლებელია მათი მოტყუება, ვინაიდან ხორცის შემოწმების უმკაცრეს ნორმებს ზედმიწევნით იცავენ.

ზოგი რესტორანისა და სუპერმარკეტის წარმომადგენელმა კურდღლის ხორცის შემოწმების უფრო მარტივ და უტყუარ ხერხს მიაგნო, რომლის შესახებაც bpn-ს ერთ-ერთმა ფერმერმა უამბო:

”თავდაცვის მიზნით, ფერმერები დაკლულ ბოცვერს ერთ-ერთ თათზე ვუტოვებთ ხოლმე ბეწვს, რომ ჩაბარების დროს თუნდაც 1% ეჭვი არ გაჩნდეს იმის შესახებ, ნამდვილად არის თუ არა ხორცი კურდღლის. კატისა და ბოცვრის გარჩევა სწორედ თათის მეშვეობით არის ყველაზე მარტივი. ეს მოთხოვნა მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლებმა თავად წამოგვიყენეს”,- აცხადებს ფერმერი მიშა.

შეგახსენებთ, რომ ბოცვრის გაყინული ხორცი საქართველოში იმპორტით, ძირითადად, უკრაინიდან შემოდის. გაყინულ პროდუქტს, რომელმაც უნდა გაუძლოს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას, დაკარგული აქვს როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებები. არადა, ბოცვრის ხორცი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის საკვებად მიღება რეკომენდებულია ყველა ასაკში, მათ შორის დიაბეტით დაავადებულისთვისაც. ბოცვრის გულ-ღვიძლი დელიკატესია და უკრაინაში 1 კილოგრამი 25 დოლარი ღირს. ჩვენთან კილოგრამი კურდღლის ხორცის ფასი 15-16 ლარის ფარგლებში მერყეობს.