"ლოპოტის სპეცოპერაციის საკითხი არაერთხელ დასმულა უხუცესთა საბჭოს წინაშე - როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ემიგრაციაში მყოფი უხუცესები წინაშე - დღემდე ყველა ერთ აზრზე იყო - ისინი პატივს სცემდნენ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებასა და დამნაშავეთა დასჯა მათ მიანდეს. დღემდე ყველა ელოდა გამოძიების შედეგებს და იმედიც ჰქონდათ, რადგან პირადად ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაში დამნაშავე პირები აუცილებლად დაისჯებოდნენ. პრესით თუ ტელევიზიით მუდმივად მიდიოდა საუბარი ლაფანყურის გამოძიების მიმდინარეობაზე. მაგრამ ახლა რა ხდება? ლაფანყურის სპეცოპერაციას აღარავინ ახსენებს, მით უმეტეს, არავინ საუბრობს გამოძიებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე. ყველა მიხვდა და პირველ რიგში უხუცესები, რომ არც მთავრობა და სამართალდამაცავი ორგანოები არაფრის გამკეთებელნი არ არიან", - აცხადებს იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელი მათე ციხესაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მათე ციხესაშვილი: უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს!
"ქისტები უკვე რამდენი ხანია ამ საკითხზე ხმას აღარ იღებენ - მათ თქვეს, რომ აღარ ილაპარაკებენ. მაშინ ისმის კითხვა - რას გააკეთებენ? უხუცესებმა უკვე გააკეთეს დასკვნა - დაუწერელი კანონი დაწერილზე ძლიერია და უკვე მოქმედებაა საჭირო. სისხლის აღების საკითხი დადგა და ეს გარდაუვალია. ეს საკითხი უკვე დააყენეს. - გადაწყდა, რომ ამის შემდეგ უკვე არარ მიმართავენ პროკურატურას და გამოძიებას დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით - სამართალს თავად აღასრულებენ. ამის მოლოდინი ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა. ჩვენთვის ერთადერთი სამართალი სისხლის აღებაა! ამის მიუხედავად წავედით ამაზე და სახელმწიფოს, პროკურატურას მივეცით საშუალება, დამნაშავეები დაესაჯა. რა მივიღეთ? ლაპანყურის ტრაგედიისთვის სასჯელს ვინ იხდის? მხოლოდ ახალაია ზის ციხეში და ისიც სხვა ბრალდებით! აი, ამიტომ მიიღეს უხუცესებმა გადაწყვეტილება - სისხლი უნდა აიღონ!", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მათე ციხესაშვილი.
"პატიება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები იტყვიან ვაპატიოთო. საქმე ისაა, რომ არა მარტო ქისტების ამოხოცვას ეხება საქმე, არამედ მათი ცხედრების შეურაცხყოფას. წესის მიხედვით დაკრძალვის უფლებაც არ მისცეს ოჯახებს, რაც ქისტისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. გათხრილი საფლავები 4 დღის განმავლობაში ცარიელი იყო. ამის პატიებაც გაუჭირდებათ ქისტებს, უფრო სწორად ეს არ მოხდება. სისხლის აღების პროცესი დაწყებულია. ისინი არავის შეუთანხმდებიან და გარდაცვლილთა ახალგაზრდა ნათესავები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ბაჩო ახალაიამ, რომელიც ციხეში დიდ გულზეა, იცის, რომ ყველაზე მეტად ახლა აწყობს იქ ყოფნა. მისი პირველი მოადგილე ლორთქიფანიძე კი ავიდა პანკისის ხეობაში და შეხვდა უხუცესებს - მათ წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნა უნდოდა და ასეთი რამ უთხრა - ვეხვეწებოდი ბაჩო ახალაიას ცეცხლი არ გაეხსნა, მაგრამ შეჩერება ვერ შევძელიო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა - ის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ახალაია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხებათ სააკაშვილსა და მერაბიშვილს, პირველ პირებს, რომელტა ნებისა და ბრძანების გარეშე ეს მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა ვერ მოხდებოდა, მათ ქისტების შურისძიება არ დასჭირდებათ - ის კონკრეტული შემსრულებლები მალე ისეთ დღეში ჩაცვივდებიან, რომ სააკაშვილსა და მერაბიშვილს თავად მოსთხოვენ პასუხს, ამ მკვლელობაში რომ გარიეს", - დასძენს მათე ციხესაშვილი და შეკითხვას - "ბატონო მათე, ხელისუფლებას არარ ავქს დრო, რომ საქმე გამოიძიოს?" - პასუხობს:
"დრო ამოწურა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. არადა, ხალხმა მას დაუჯერა. ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თელავშიც და ახმეტაშიც გააკეთა განცხადება, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება იქნებოდა პირველი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებდა. რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, შესაბამისად, უხუცესებმა განაცხადეს, აღარ გვაინტერესებს გამოძიება, რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ ვიცითო. უხუცესები სისხლის აღებაზე უკან აღარ დაიხევენ. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა!"