შიდა ვალის ზრდის ტემპი სახიფათოა

შიდა ვალის ზრდის ტემპი სახიფათოა

2014 წელი საქართველოსთვის შიდა ვალის ზრდის თვალსაზრისით უპრეცედენტო იქნება. მთავრობა ისეთი სისწრაფით შეუდგა ამ ტიპის ვალის აღებას, რომ წლის ბოლოს უთუოდ სარეკორდო მაჩვენებელზე გავა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაიზარდა, მხოლოდ აპრილში ვალის მოცულობა 65 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2014 წლის 30 აპრილისთვის ქვეყნის საშინაო ვალი (ე.წ. „ისტორიული ვალის“ გამოკლებით) 1,6 მილიარდ ლარს აღემატება. ვალის უმეტესი წილი, დაახლოებით 1 მილიარდი ლარი სახაზინო ფასიან ქაღალდებზე მოდის. აქედან, 10 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების მოცულობა 85 მილიონი ლარით განისაზღვრება, 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 298,937 მლნ ლარით, 2 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები - 317,367 მლნ ლარით, 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები - 304,2 მილიონი ლარით. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობას, იგი 603 მილიონ ლარამდეა.

ფინანსთა მინისტრის რამდენიმე თვის წინათ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მიუთითებდა, რომ საგადასახადო შემოსავლების გარდა, სხვა შემოსავლებიც გვაქვსო და ამაში თურმე შიდა ვალის მასშტაბურ ზრდას გულისხმობდა.

„გვაქვს სხვა შემოსავლებიც. ძალიან მნიშვენელოვანია ვალის აღება. 2014 წელს ჩვენ ვაპირებდით 400 მილიონის აღებას, მაგრამ ავიღებთ 600 მილიონს“, - რიხიანად აცხადებდა ნოდარ ხადური და დასძენდა, რომ 200 მილიონი ლარი ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე განთავსდებოდა.

მართალია, მინისტრის ეს გამოვლა სასიამოვნო მოსასმენი არც მაშინ იყო, მაგრამ ბევრი მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ ქვეყნის საშინაო ვალი ასეთი სისწრაფით გაიზრდებოდა.

მაგალითად, 2014 წლის პირველ ორ თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი - 46 მილიონი ლარით. აღსანიშნავია, რომ შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად დაფიქსირდა.

2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კი, ქვეყნის საშინაო ვალმა 1,491 მილიარდ ლარს მიაღწია. ადრე შიდა ვალის ასეთი ტემპით არათუ 2 თვეში, არამედ ერთ წელიწადშიც კი არ იზრდებოდა. მაგალითად, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, შიდა ვალი სულ 114 მილიონი ლარით გაიზარდა.

ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით კი, სახელმწიფოს შიდა ვალის აღებისკენ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა უბიძგებს. შეიძლება ითქვას, ახლა ეკონომიკა სტაგნაციაშია, ამიტომ იგი ასეთი ტიპის ვალის აღებას გამართლებულად მიიჩნევს. „ქვეყანაში იყო დეფლაცია. ამჯერად გვაქვს ინფლაცია, მაგრამ უმნიშვნელო. ეკონომიკა ჯერაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. სახელმწიფოს კი მთელი რიგი ვალდებულებები აქვს დასაფინანსებელი, რომლის ერთ-ერთი წყარო შიდა ვალია. სახელმწიფოს მიერ ვალის აღება და ეკონომიკაში გადასროლა, გარკვეულწილად, სტიმულირებას მისცემს ეკონომიკის განვითარებას“, - ამბობს თოქმაზიშვილი.

სპეციალისტები ჯერჯერობით არ შფოთავენ, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ვალები (როგორც საგარეო, ისე საშინაო) დიდი სისწრაფით იზრდება, სახელმწიფო მოხელეებს ბიუჯეტის დაგეგმვისას მეტი სიფრთხილე მართებთ. მით უფრო, რომ დღევანდელი მთავრობის წევრთა ნაწილი სულ რაღაც 2 წლის წინათ ნაციონალურ ხელისუფლებს, „ვალების წამოკიდების“ გამო, სასტიკად აკრიტიკებდა.