პარლამენტმა ძლივს მიიღო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ჩალის ფასად განაივების შემაჩერებელი კანონი და ახლა ე.წ. საქმოსანი ხალხის დიდი ნაწილი მის წინააღმდეგ დაირაზმა. ბანკებისა და მავანი ავსტრიელი მომჩივანის შემდეგ, თავი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წამოყვეს. მიწების ხელში ჩაგდების სურვილით აღტკინებულ ჯგუფს წინ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუძღვიან.
გუშინ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მორატორიუმთან დაკავშირებით შეთავაზებული მორიგი საკანონმდებლო წინადადება არ გაიზიარა. სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტი მიზნად ისახავდა, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის მიმართ ერთნაირი და სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფას და ბანკების მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლებაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მორატორიუმით დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ნათია კუტივაძის თქმით, 2014 წლის თებერვალში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით ბანკებს მოეხსნათ ზემოაღნიშნული აკრძალვა, თუმცა აკრძალვისაგან არ გათავისუფლებულან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები, რაც ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. კერძოდ, უცხოელი აქციონერების მონაწილეობით შექმნილი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები (მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) ბანკებთან და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებთან არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქართველი ფერმერების მიერ უცხოური სასოფლო-სამეურნეო სესხებით სარგებლობის შესაძლებლობასაც.
კუტივაძის განმარტებით, საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი მზარდი დარგია. 5 წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები ექვსჯერ გაიზარდა. ეს სექტორი უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს − მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს უცხოელი დამფუძნებლები და აქციონერები ჰყავს.
კომიტტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ცვლილებებბი კატეგორიულად არ გაიზიარა. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოთხოვნა შემცირების ნაცვლად გაიზარდა, ასევე გაიზარდა მათი ღირებულებაც. ამას სტატისტიკაც აჩვენებს. მორატორიუმს ეს პროცესი არ შეუჩერებია. არსებობს სამართლებრივი პრობლემა და ამას მოგვარება სჭირდება. საჭიროა მეტი კომუნიკაცია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად სცნო. ავტორებს მიეცათ რეკომენდაცია, საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობისას კონსულტაციები აგრარულ საკითხთა კომიტეტთან გამართონ.
კანონში ზომიერი რეგულირების მომხრეა ექსპერტი მერაბ კაკულიაც. „ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მიწის საკუთრების გარკვეული რეგულირება უცხოელებისთვის. ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ეს გამოცდილებაც და ჩვენი ინტერესებიც ავსახოთ იმ ჩანაწერში, რომელიც კანონში შეიძლება მომავალში გაკეთდეს. მიზანშეწონილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ასოცირების შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა მერაბ კაკულიამ.