2015 წლიდან ავტომფლობელებს ხარჯი ერთბაშად გაეზრდებათ

2015 წლიდან ავტომფლობელებს ხარჯი ერთბაშად გაეზრდებათ

სავალდებულო ავტოდაზღვევის ახალი კანონი ძალაში 2015 წლიდან შევა. ჯერ ცნობილი არ არის, ავტომფლობელებს ახალი გადასახადის გადახდა კანონის ამოქმედებისთანავე მოუწევთ თუ ამისათვის დრო მოგვიანებით დაწესდება. ფაქტია, რომ მძღოლებს გაისად დაზღვევისა და ტექდათვალიერების სახით, საკმაო ხარჯის გაღება მოუწევთ.

დაზღვევის ზედამხედველობის დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის შემოღების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების დროს გათვალისწინებული იქნება დაახლოებით 17-18 ათასი ლარის გადახდა, მკურნალობაზე კი 15 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.

დაზღვევის სახეობა შემდეგი პრინციპით მოქმედებს: თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ავტოტრანსპორტის მფლობელია და დადგა მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ, მძღოლი - მფლობელი ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს ზარალი, მიყენებული სხეულზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა თუ ქონებაზე. დაზღვეული მძღოლის ნაცვლად, ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

„ახლა მიმდინარეობს პირობების დადგენა. კერძოდ, ლიმიტების შემუშავება. მას შემდეგ რაც მოხდება ლიმიტების დადგენა, დადგენილი იქნება გადასახდელი პრემიის ოდენობაც“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, სავალდებულო იქნება მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. რომელი სადაზღვევო კომპანიების დააზღვევენ სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში რეგისტრირებულ 900 ათასზე მეტ ავტომობილს, ეს სპეციალური ტენდერის მეშვეობით გარკვევა.

აქედან გამომდინარე, 2015 წელი ქართველი მძღოლებისთვის ფინანსურად მეტად რთული იქნება. დაახლოებით 1 წელიწადში სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება. მისი საფასური 48 ლარი იქნება, მაგრამ მანქანის წესრიგში მოსაყვანად მის მფლობელს საკმაო თანხა დასჭირდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზოგიერთი ავტომობილის ტექდათვალირებაზე გასატარებლად იმაზე მეტი ფული იქნება საჭირო, ვიდრე თავად მანქანის თვითღირებულებაა.

თუკი 2015 წლიდან სავალდებულო ავტოდაზღვევაც ამოქმედდა, მაშინ მძღოლებს ხარჯი ძალიან დაუმძიმდებათ. დაზღვევის პაკეტის ღირებულება მცირე არ იქნება, რამდენადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია. საბოლოო ჯამში, მძღოლებს ცხოვრება გაურთულდებათ, სადაზღვევოებს კი ცოტა შვება მიაცემათ.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამებიდან და სავალდებულო დაზღვევებიდან საქართველოში ამ კანონისთვის პირველად მოხდება დაზღვევის ფასის (პრემიის, ტარიფის) გამოანგარიშება პროფესიონალურად, სადაზღვევო პრინციპების მიხედვით, სადაზღვევო მათემატიკის მეთოდების გამოყენებით.

კომპანიებმა აქცენტი უნდა გააკეთონ და გაამახვილონ ყურადღება ახალ პროდუქტებზე: ავტომობილების დაზღვევა და შენობა-ნაგებობების დაზღვევა, ასევე უნდა გააქტიურდეს პასუხისმგებლობის დაზღვევა.

„დიდი ალბათობით, 2015 წლიდან ავტოტრანსპორტის დაზღვევა სავალდებულო გახდება, შესაბამისად, ამ მომსახურებაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება. საყურადღებო აგროდაზღვევაც, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში სერიოზული პროექტების განხორციელება შეიძლება დაიწყოს“, - აცხადებს გიგოლაშვილი.