რუსეთ-ირანის ენერგოთანამშრომლობა და საქართველო (წერილი პირველი)

რუსეთ-ირანის ენერგოთანამშრომლობა და საქართველო (წერილი პირველი)

ირანში ჰ. რუჰანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის დელეგაცია ერთ–ერთი პირველი ეწვია თეირანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იმპორტის დივერსიფიკაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების სასიცოცხლო აუცილებლობაა. თუმცა, ბოლო ხანებში რუსეთ–ირანის ენერგოთანამშრომლობა საქართველოსთვის გარკვეულწილად საფრთხისშემცველია.

საქართველოს ირანის ენერგოსექტორი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აინტერესებს. გასული საუკუნის 70–იან წლებში „სვოპის“ სქემით საქართველოში ირანიდან გაზის იმპორტი ხორციელდებოდა. „სვოპის“ არსი ისაა, რომ საბჭოთა გაზი ევროპაში გადიოდა როგორც ირანული, მაშინდელი ამიერკავკასიის რესპუბლიკები კი სანაცვლოდ ირანიდან იღებდნენ საბჭოთა ექსპორტირებული აირის ექვივალენტური მოცულობის, რუსულზე გაცილებით მაღალხარისხიან, ირანულ საწვავს. აირის იმპორტი ირანიდან, საქართველოში ჩრდილოეთიდან განხორციელებული ენერგოემბარგოს გამო შეწყვეტილი რუსული საწვავის ჩასანაცვლებლად, პერიოდულად, ამ საუკუნის დასაწყისშიც ხდებოდა.

საქართველოში გაზის იმპორტს 2002 წლამდე რუსული კერძო კომპანია "იტერას" შვილობილი "იტერა-ჯორჯია" ახორციელებდა. მასვე ეკუთვნოდა რაიონული გაზგამანაწილებელი ქსელების ნაწილიც. 2002 წლიდან საქართველოში გაზის იმპორტიორი გახდა "გაზპრომექსპორტი" (რაიონული ქსელის ნაწილი მაშინ "იტერა-ჯორჯიას" საკუთრება დარჩა). ესაა "გაზპრომის" ფილიალი, რომელიც გაზს ე.წ. შორეულ საზღვარგარეთში აწვდის. დსთ-ს მასშტაბით და რფ-ში ფუნქციონირებს "გაზპრომის" სხვა ფილიალი – "მეჟრეგიონგაზი".

2007 წლიდან "გაზპრომექსპორტი" ჩაანაცვლა "სოკარმა", რომელსაც საქართველოს მთავრობამ, იმპორტიორის ექსლუზიური უფლების მიცემის გარდა, კიდევ 30 გაზგამანაწილებელი რეგიონული კომპანია 10 მილიონ დოლარად გადასცა. შესაბამისად, 30 რეგიონს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მხოლოდ საკუთარი გაზით ამარაგებდა.

რუსული “იტერას” შვილობილი კომპანია "იტერა-ჯორჯიაც" "სოკარისგან" ყიდულობდა გაზს საქართველოს იმ რაიონების ბუნებრივი აირით მოსამარაგებლად, რომელთა გაზგამანაწილებელ კომპანიებსაც ის ფლობდა. თუმცა, 2012 წლის 1 ნოემბერს “სოკარის” ხელმძღვანელმა რ. აბდულაევმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ მთლიანად შეისყიდა რუსული “იტერას” ფილიალი “იტერა-ჯორჯია”, რომლის აუდიტსაც ის 2010 წლიდან ატარებდა. ამით აზერბაიჯანმა ხელში ჩაიგდო საქართველოს გაზის სადისტრიბუციო ქსელის დიდი ნაწილი. "სოკარის" გაზს ყიდულობს ჩვენი დედაქალაქის გაზის მომწოდებელი "ყაზტრანსგაზთბილისიც".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "გაზპრომს" სურვილი აქვს, რომ უკვე ირანის საშუალებით საქართველოში დაიკავოს “სოკარის” ადგილი და კვლავ შემოვიდეს 2007 წელს დაკარგულ ბაზარზე. ამავე დროს, უკვე 2017 წლისათვის ("შაჰ-დენიზი 2"-ის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ) აზერბაიჯანს საექსპორტოდ 25 მლრდ კუბმეტრი “შაჰ-დენიზის” ორივე ფაზის გაზი ექნება, რომლის ევროპაში გატანა ბაქოს “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტებით, რუსეთის გვერდის ავლით სურს. ამიტომ მოსკოვი შეეცდება აზერბაიჯანიდან სულ უფრო მეტი გაზი შეისყიდოს კაზიმაგომედ-მოზდოკის გაზსადენით და არ დაუშვას „შაჰ–დენიზი 2“–ის გაზი საქართველოზე გამავალ „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“. ასევე, მოსკოვი ეცდება აღკვეთოს თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი, “ტრანსკასპიური გაზსადენის” (TCGP) კასპიის ფსკერზე გაყვანა. კასპიაზე რუსეთისა და ირანის პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა დასტურდება ირანის ნავთობის მინისტრის, ბ. ზანგანეჰის 2014 წლის თებერვლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით მასზედ, რომ კასპიის ირანულ სექტორში (რომელიც კასპიის აკვატორიაში კვეთს TCGP–ის მარშრუტს – ზ.გ.) ვერავინ ვერ შევა. მან მიუთითა, რომ ირანი ამ სექტორში გაზის და ნავთობის მოპოვებისთვის ემზადება.        

ამით საქართველოზე კასპიური გაზის ტრანზიტი, და შესაბამისად, ტრანზირის საფასურად უფასოდ და შეღავათიანად ადგილზე დატოვებული აირის მოცულობა შეიზღუდება, რაც ქართველი მომხმარებლის გაზის ტარიფზე ნეგატიურად აისახება.

რუსეთის მთავრობა სავარაუდოდ შეეცდება ასევე, “ცენტრალური აზია-ცენტრის” (САС) და დაპროექტების სტადიაზე მყოფი “კასპიისპირა” (Прекаспийский) გაზსადენებით ევროპაში რეექსპორტით სულ უფრო მეტი აზიური გაზი გაიტანოს და ამით შეინარჩუნოს მონოპოლიური მდგომარეობა ევროპის ბაზარზე. ესეც საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ დაგეგმილი აზიური აირის მომავალი ტრანზიტის მოცულობას შეზღუდავს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოდ განვითარდა რუსული მონოპოლიიის საინვესტიციო პოლიტიკა. 2013 წლის 30 ოქტომბერს "გაზპრომის" დირექტორთა საბჭომ ცვლილებები შეიტანა კომპანიის საინვესტიციო პროგრამაში და ის გაზარდა 31 მლრდ დოლარამდე. ანუ წინა, 2011 წლის დეკემბერში დამტკიცებულ პროგრამასთან შედარებით, ზრდამ 25% შეადგინა. ინვესტიის უდიდესი ნაწილი - 27 მლრდ დოლარი დაიხარჯება მოპოვებაზე და გაზსადენების გაყვანაზე, ხოლო დანარჩენი თანხით დაიწყება ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების კონკურენტის – რფ–ბულგარეთის მარშრუტის მქონე "სამხრეთის ნაკადის" მშენებლობა. ყირიმის ანექსიის გამო, ამ გაზსადენის მშენებლობა მართალია ბრიუსელმა უკვე ერთი თვეა შეაჩერა, მაგრამ სერბიის, ავსტრიისა და ბულგარეთის პოლიტიკურ წრეებში მისი გაყვანის მხარდასაჭერი ხმები, უკრაინის ოკუპაციის ფონზე, მაინც ყოვედღიურად ისმის.

აღნიშნული საინვესტიციო გეგმით, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯება ე.წ. "აღმოსავლეთის გაზის პროგრამაზე", ანუ სატრანსპორტო სისტემაზე, რომელიც სახალინი-ხაბაროვსკი-ვლადივასტოკის გაზსადენის და ვლადივასტოკში გაზის გათხევადების ქარხნის აგებას მოიცავს. ამ დაბანდების მოცულობა 2018 წლისათვის 35 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. პროექტის სარესურსო ბაზა – იაკუტიაში მდებარე “ჩაიანდას” გაზის საბადოს ათვისება დაჯდება 14 მლრდ დოლარი.

“გაზპრომის” საინვესტიციო ბიუჯეტის გაზრდა ექსპერტებს მიაჩნიათ კომპანიის პასუხად ვ. პუტინის მოწოდებაზე – მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელონ "აღმოსავლეთის გაზის პროგრამა", რომლითაც უნდა შეიქმნას ახალი საწარმოო ცენტრი აღმოსავლეთ ციმბირში. ამ ცენტრის საშუალებით უნდა მოხდეს “გაზპრომის” ექსპანსია აღმოსავლეთში, კერძოდ ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ბაზრებზე. ამ სამუშაოების დაჩქარება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ უკრაინის მოვლენების გამო დაჩქარდება ისედაც მაღალკონკურენტულ ბუნებრივი აირის ბაზრებზე აშშ-ს, კანადისა და ყატარის თხევადი გაზის (LNG) საკმაოდ დიდი მოცულობების იმპორტი. აზიის ბაზრებზე “გაზპრომის” შესვლა მის ინტერესებშია, რადგან აზიის ბაზარზე სწრაფად ადგილის დამკვიდრების გზით, ის მოახერხებს ექსპორტის დივერსიფიკაციას.

თუმცა, კვლავ გადასაწყვეტია "აღმოსავლეთის გაზის პროგრამის" დაფინანსების საკითხი, რაც ექსპერტული გათვლებით 50 მლრდ დოლარამდე, ხოლო ზოგიერთი შეფასებით – 60 მლრდ დოლარამდე აღწევს. ეჭვებს ბადებს “პროგრამის" სასურველი დროის გრაფიკში განხორციელებაც. დღევანდელ, სწრაფად ცვალებად საბაზრო სიტუაციაში (ბაზრებზე თხევადი გაზის მზარდი მიწოდება, გაზმომარაგება არატრადიციული წყაროებიდან), ძნელი გასარკვევია დაფარავს თუ არა “პროგრამიდან" მისაღები პოტენციური სარგებელი, მისი განხორციელების ხარჯებს. როგორც “გაზპრომის” 2013-2014 წწ. საინვესტიციო ბიუჯეტებიდან ირკვევა, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ახლანდელი ინვესტიციებითაც კომპანია შეეცდება ფინანსების დიდი ნაწილი დახარჯოს ევროპისაკენ მილსადენების – იამალიდან (“ბავანენკოვოს” საბადოდან) “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზმომარაგების გაფართოებაზე და “სამხრეთის ნაკადის” აგებაზე.

ამ მიმართულებით “გაზპრომის” გაფართოების გეგმები, „დერეფნის“ პროექტების კონკურენციის თვალსაზრისით, 2014 წლის მარტამდე უცვლელი რჩებოდა, მიუხედავად ევროპის გაზის ბაზარზე მომხდარი ისეთი სერიოზული ცვლილებებისა, როგორებიცაა – მზარდი კონკურენცია სხვა მომწოდებლების მხრიდან, მოხმარების დაცემა და ძვირი რუსული გაზის შესყიდვისადმი ინტერესის შემცირება. ევროპის ბაზარი ა/წლის მარტამდე კვლავ რუსული მონოპოლისტის ინტერესების სფეროში იყო. თუმცა, ყირიმის ანექსიის გამო, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის მოსალოდნელი შეფერხება, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ენერგობაზრებისადმი რუსეთის ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებს, რაც სავარაუდოდ, „გაზპრომის“ საინვესტიციო პროგრამაში ცვლილებებს გამოიწვევს.

ამ მოვლენებს უკავშირდება ირანში რუსული კომპანიების მენეჯერების გახშირებული ვიზიტები. არჩევნების შემდეგ თეირანში ერთ-ერთი პირველი ვიზიტორები იყვნენ „გაზპრომი“ და კერძო ნავთობკომპანია "ლუკოილი". ეს უკანასკნელი ანტიირანული სანქციების შერბილების კვალობაზე, ნორვეგიულ „სტატოილთან“ ერთად, ირანის "ანარანის" ბლოკზე დაბრუნდება. ამ პროექტის შეწყვეტით "ლუკოილმა" თავის დროზე 63 მლნ დოლარი იზარალა. საქმე ისაა, რომ 2014 წლის 20 იანვარს ევროკავშირის საბჭომ, ირანსა და „ექვსეულს“ შორის გასული წლის ნოემბერში, ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შეარბილა ანტიირანული სანქციების ნაწილი. ამას კიდევ ორი ევროპული ენერგოგიგანტის – ფრანგული „ტოტალისა“ და იტალიური „ენის“ მენეჯერების თეირანში ვიზიტები მოჰყვა. ამის გამო ირანის მთავრობის წარმომადგენლები გამუდმებით აცხადებენ, რომ ირანი მზადაა ევროპის გაზის მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, მაგრამ არ უნდა რუსეთთან კონკურენცია. რუსეთში ირანის ელჩის მეჰდი სანაის განცხადებით, რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ირანულ ბაზარზე, რადგან მძიმე დროს იგი ირანის გვერდით იდგა. ამასთან, ელჩი აღნიშნავს, რომ რფ ერთადერთი ქვეყანა არ არის, ვისთანაც ირანი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.

ამიტომაა, რომ ანტიირანული სანქციების შერბილების შემდეგ, დასავლეთი ყოველთვის შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსული ენერგოკომპანიების ირანში მუშაობას. ამის შესახებ ირანში რფ-ს ელჩმა ლ. ჯაგარიანმა აღნიშნა, რომ დასავლეთს „ორმაგი სტანდარტები“ აქვს და მოსკოვისთვის "...მთავარია მუშაობის პირობები ურთიერთხელსაყრელი იყოს". მან არ გამორიცხა რფ-ში ირანული ნავთობის იმპორტიც. ელჩმა მიუთითა, რომ მაშინ როცა რფ–ს საყვედურობენ სანქციების რეჟიმის დარღვევაში, ირანში ახალი ხელისუფლების არჩევასთან ერთად, დასავლური კომპანიები ძალზე გააქტიურდნენ. საფრანგეთი ამ მხრივ ლიდერია, რადგან თეირანში ამ ქვეყნის 107 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. ანალოგიურად მსჯელობს ირანული მხარეც.

კერძოდ, 2014 წლის დასაწყისში ITAR-TASS–მა ელჩის, მ. სანაის რუსულ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ირანი მზადაა გააქტიუროს ურთიერთსასარგებლო და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც ირანულ ბაზარზე „...ხელსაყრელ მდგომარეობაში უნდა იყოს“. ეს პირველ რიგში გაზს ეხება, რაც მსოფლიოს უდიდესი „სამხრეთ ფარსის“ და პერსპექტიული „ასალუეს“ ირანული გაზის საბადოების ერთობლივ ათვისებას გულისხმობს.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და ირანი ამზადებენ ახალ ხელშეკრულებას ნავთობთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ირანის ნავთობის ბარტერს ჯერჯერობით გაურკვეველი საქონლის საფასურად. კერძოდ, 2014 წლის 10 იანვარს სააგენტო “როიტერმა” გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი და რუსეთი აწარმოებენ მოლაპარაკებას ირანული ნავთობის რუსულ საქონელში გაცვლის შესახებ. მოლაპარაკებების მიმდინარეობას ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. სამაგიეროდ, რუსული მედია აქტიურად საუბრობდა ამ სავარაუდო გარიგებაზე და მას დასაშვებად მიიჩნევდა. მედიის ცნობით, საუბარია 500 ათას ბარელ ნავთობზე, რაც ირანის ნავთობექსპორტს 50%-ით გაზრდის. თუკი გარიგება შედგა, ბარელი ნავთობის 100$-ად შეფასების შემთხვევაში, ის ირანს დამატებით ყოველთვიურად დაახლოებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, ან ამ თანხის შესატყვის საქონელს მოუტანს და, შესაბამისად, ქვეყნის შესუსტებულ ეკონომიკას მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს. რიგი გამოცემები გარიგების ფარგლებში რუსეთიდან ირანში მისაწოდებელ “საქონლად” იარაღს განიხილავენ(http://argumenti.ru/politics/n421/312151http://www.bbc.co.uk/russian/russia/2014/01/140116_lavrov_iran_talks.shtml).

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია რფ-ირანს შორის არა ბარტერის, არამედ “სვოპის” ირგვლივ მოლაპარაკებებზეც. საქმე ეხება ამ წლის დასაწყისში ირანიდან ჩინეთში ნავთობის გადატვირთვის დაწყებას. საუბარი იყო 2013 წლის ზაფხულში ხელმოწერილი კონტრაქტით, “როსნეფტიდან” 25 წლის განმავლობაში, 360 მლნ ტონა ნავთობის ჩინეთში მიწოდებაზე და სანაცვლოდ რუსულ ნავთობთან ერთად, ირანულის ექსპორტზე გატანაზე. ეს რფ-ს შესაძლებლობას აძლევს ანტიირანული სანქციების შემსუბუქებისთანავე დაასწროს დასავლურ კომპანიებს ირანში სასაქონლო, ტექნოლოგიურ და მომპოვებელ აქტივებში ინვესტირება. რუსეთში არ თვლიან აუცილებლად ირანული ბირთვული პროგრამის სრულ შესაბამისობაში მოყვანას დასავლეთის მოთხოვნებთან.

ინფორმაციის წყაროდ “როიტერმა” მოლაპარაკებებთან კავშირში მყოფი რუსი და ირანელი პირები დაასახელა. მათგან ერთ-ერთი წყარო რუსი დიპლომატია, რომელმაც, სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადა, რომ “...მხოლოდ დეტალებიღაა შესათანხმებელი და ხელშეკრულების გაფორმების ვადაც ამ დეტალებზეა დამოკიდებული”. “როიტერის” მეორე წყაროს, ირანელი ანონიმი მაღალჩინოსნის განცხადებით კი, “[ირანულ მხარის] სურვილია, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ეს შეთანხმება. ირანელი ჩინოვნიკები ათანხმებენ ამ თემას რუსებთან და იმედია, საკითხი მალე გადაწყდება, იმისდა მიუხედავად, მიიღწევა თუ არა რაიმე შეთანხმება ჟენევაში”. ის მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უნდა დაჩქარდეს, ვინაიდან ირანმა დროულად უნდა იპოვნოს ნავთობის კლიენტი, რუსეთმა კი – გაზარდოს ექსპორტი, ბარტერი კი ამის კარგი საშუალებაა. “როიტერი” წერს, რომ კრემლმა ამ თემის კომენტირებისგან თავი შეიკავა და ოფიციალური კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია.

ირანმა რუსეთთან გარიგების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მეორე დღესვე, 11 იანვარს უარყო. თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი იმით არის საინტერესო, რომ მოლაპარაკების მიმდინარეობის არსებობა-არ არსებობის თაობაზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ, რუსულმა გაზეთმა “კომერსანტმა” 16 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც რუსეთის დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის მინისტრთა კაბინეტი ამ გარიგებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღესვე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ა. დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებთან რუსეთ-ირანის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილება. თუმცა, მისი განმარტებით, ამ კონკრეტული გარიგების შესახებ კითხვები “...ჯობს, ირანის ხელმძღვანელობას დავოსში დაუსვან”.

თეთრმა სახლმა “როიტერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და იმავე დღეს განაცხადა, რომ თუ ეს გარიგება შედგებოდა, ირანი შეძლებდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციის გვერდის ავლით გაეზარდა ნავთობის ექსპორტი. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ქეთლინ ჰეიდენმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების გამო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ადმინისტრაციის შეშფოთება უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს გაუზიარა. აშშ-ს შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი ქარნიმაც გამოხატა.

ამასობაში ჟენევაში ირანსა “ექვსეულს” შორის შუალედური – 6-თვიანი შეთანხმება შედგა. შედეგად, 20 იანვარს აშშ-მ და ევროკავშირმა ირანს ეკონომიკური სანქციები შეუსუსტეს, რაც ქვეყანას დამატებით 7 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მოუტანს. ამავე დღეს ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს ურანის 20%-მდე გამდიდრებას და პლუტონიუმის წარმოებას, გამორთავს ცენტრიფუგებს და ბირთვულ ობიექტებზე “მაგატე”-ს ექსპერტებს დაუშვებს. თუმცა, ირანის პრეზიდენტმა ჰ. რუჰანიმ დავოსის ფორუმზე აღნიშნა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე სრულად უარის თქმას არ აპირებს, რადგან ეს პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

დასავლეთი რუსეთ-ირანის ზემოაღნიშნულ სავარაუდო გარიგებას “ექვსეულსა” და ირანს შორის შუალედური შეთანხმების ჩამშლელ გარემოებად აღიქვამს, ვინაიდან გარიგების გახმაურებული დეტალები ჟენევის მოლაპარაკების პირობებს ეწინააღმდეგება.  აღნიშნული, აშშ სახელმწიფო მდივნის სპიკერის აპრილში გაკეთებული განცხადებით, ეწინააღმდეგება გასული წლის ნოემბერში მიღწეულ შეთანხმებას. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი ისარგებლებს ირან-დასავლეთის ურთიერთობების დროებითი დათბობით და გააღრმავებს ეკონომიკურ თანამშრომლობას თეირანთან. მათივე აზრით, დასავლეთს აფიქრებს მოსკოვი-დამასკო-თეირანის ღერძის წარმოქმნაც. ამასთან, აშშ–ს მხრივ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ ანტირუსულ სანქციებს, 2014 წლის ივლისში დაგეგმილ ირანსა და „ექვსეულს“ შორის ძირითადი შეთანხმების გაფორმების ნაცვლად, სავარაუდოდ, დაემატება ახალი ანტიირანული და ანტირუსული სანქციები.

იმის შესახებ, რომ ზოგადად რუსეთ-ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბარი ამჟამადაც მიმდინარეობს, ღიად ითქვა რუსეთში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის ვიზიტის დროს. ვიზიტის ფარგლებში ზარიფი შეხვდა როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ს. ლავროვს, ისე პრეზიდენტ ვ. პუტინს. ეკონომიკურ საკითხებს დრო ორივე შეხვედრისას დაეთმო. თუმცა, ზემოხსენებული კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარეს ოფიციალურად დღემდე არ დაუდასტურებია. ადრე რფ-ს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ნოვაკმა უარყო ინფორმაცია ირანთან ნავთობის ბარტერულ გარიგებაზე.

ასევე პირდაპირ არ დასტურდება მოლაპარაკების არსებობა რუსულ მედიაში. ინტერნეტ-სივრცეში საუბარია, რომ რუსეთს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა ხელშეკრულება გააფორმოს ირანთან და რა პირობებით. აშშ და ევროპელი ავტორების ბლოგებში, ასევე, დსთ-ს სივრცის წარმომადგენელ ექსპერტებს შორის ჭარბობს მოსაზრება, რომ რუსეთი წამსვლელია გარიგებებზე, რომლებიც სამშვიდობო პროცესებში დასავლეთის მიღწევებს შეასუსტებს. ამ გზით ის პირდაპირი ეკონომიკური მოგების გარდა, რეგიონის პოლიტიკური ცენტრის სტატუსის მიღებას ცდილობს. კვლავ გრძელდება საუბარი იმაზეც, რომ რუსეთი ირანული ნავთობის ჩინეთში გატანას გეგმავს. ასევე, ბევრი მომხრე ჰყავს მოსაზრებას, რომ რომ რუსეთს ირანული ნავთობი არ სჭირდება და ასეთი გარიგება მხოლოდ თეირანისთვისაა გამიზნული, რათა მან თავი დააღწიოს საერთაშორისო სანქციებს. თუმცა, დასავლეთში უკვე აქტიურად განიხილება რფ–ირანის ზემოაღნიშნული, 20 მლრდ დოლარიანი ბარტერული გარიგების დეტალები. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოები რუსი მაღალჩინოსნების ინფორმაციებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მოსკოვს თავის მხრივ მომზადებული აქვს ყველა სჭირო დოკუმენტი და მოლაპარაკებები მხოლოდ იმ ფასზე მიმდინარეობს, რითაც უნდა შეფასდეს ირანული ნავთობი რუსულ საქონელზე გასაცვლელად. ირანული მედიის ინფორმაციით, რაკეტები ამ საიდუმლო გარიგების ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი კი ამ კონტრაქტში, რუსეთის დახმარებით ირანში, ორი ახალი ატომური სადგურის აგებას ეხება. 

ამ ფონზე საუბარი ორ ქვეყანას შორის გაგრძელდა 2014 წლის 21 მარტს, როცა რფ-ს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ა. ულიუკაევი თეირანში ჩავიდა. რუსეთი ნავთობის სანაცვლოდ ირანს უკვე რკინიგზის აგებას სთავაზობს. სავარაუდოდ, აშშ ამ გარიგებაზე (თუ ის გაფორმდა) სანქციებს შემოიღებს. ამ ვიზიტის შემდეგ დაკონკრეტდა ირანის შეთავაზების დეტალები. კერძოდ, ნახევარი მილიარდი ბარელი ნავთობიდან, 300 ათასს რუსეთი კასპიის ზღვით მიიღებს, ხოლო დანარჩენს – სპარსეთის ყურის ირანული პორტებიდან.