საქართველოს მთავრობა, როგორც იქნა, ნანატრ მაჩვენებლებამდე მივიდა. წინ კიდევ 3 კვარტალია, მაგრამ ხელისუფლებას უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ წლის ბოლოს მინიმუმ 5%-იანი ეკონომიკურ ზრდას დააფიქსირებს. როგორც მინისტრები ამბობენ, წლის მეორე ნახევრიდან ამ მაჩვენებლების სიკეთეს მოსახლეობაც იგრძნობს.
„საქართველო წელს ეკონომიკის სულ მცირე 5-პროცენტიან ზრდას მიაღწევს. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 8 პროცენტით არის გაზრდილი“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„პირველი კვარტლის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალურობას. სასიხარულოა, რომ არის ექსპორტის ზრდა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გააქტიურება.
აქედან გამომდინარე, ეკონონიკურ ზრდასთან დაკაშირებით ჩვენი გეგმა არ შეცვლილა. ისევ ვამბობთ, რომ იქნება მინიმუმ 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა პირველი კვარტალი უფრო ოპტიმისტური იმედებსაც გვისახავს“, - განაცხადა ხადურმა.
მინისტრის ინფორმაციით, იანვარში ზრდა იყო 8,2 პროცენტი, თებერვალში - 5,5 პროცენტი, 8 პროცენტზე მეტი იყო მარტშიც, კვარტალურად კი აღნიშნული მაჩვენებელი 7,4 პროცენტს შეადგენს.
ოპტიმიზმში ფინანსთა მინისტრს აჭარბებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი პროგნოზი, ნოდარ ხადურისას 1%-ით აღემატება. „იმედიანად ვართ. წლის ბოლომდე დაახლოებით 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა გვექნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პროექტები დამუშავების ფაზაშია და წლის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე აისახება.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საგარეო ფაქტორებს საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად ექნება გავლენა.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გარკვეული საგარეო ფაქტორები საქართველოს ექსპორტზე და მათ შორის იმპორტზეც იქონიებენ ზეგვალენას. ჩვენ მაინც იმედიანად ვართ, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა.
საგარეო ვაჭრობა საკმაოდ დადებითი ტენდეციებით ხასიათდება. ძალიან ბევრი პროექტია დამუშავების ფაზაში და ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. განწყობა არის ოპტიმისტური, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საგარეო ფაქტორებს, მისი ინტეგრაციის ხარისხიდან გამომდინარე ჩვენს მეზობლებთან, საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად ექნება ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი კი ოპონენტებს პასუხობს, რომლებიც ეკონომიკის ცუდ მდგომარეობაზე მიანიშნებენ. დეპუტატის აზრით, საქართველოში რეალურად დაიწყო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი.
„წინასაარჩევნო კამპანიაა და გვესმის დემაგოგია და პოპულიზმი. ეკონომიკური ზრდა მარტში 8.3%-ია. 2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალია. ეს სტაბილურობა ბოლო 5-6 თვეა გრძელდება. 2008 წლის ომის შემდეგ 7.4%-იანი ზრდა პირველ კვარტალში ჯერ არ ყოფილა. გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, ასევე ინვესტიციების მდგომარეობა. პირდაპირი ინვესტიციები 914 მილიონია. 2014 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებაა დაგეგმილი და ბევრი დაწყებულია“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.