მეწარმეობის 150-მილიონიანი სააგენტო ერთ თვეში გაეშვება

მეწარმეობის 150-მილიონიანი სააგენტო ერთ თვეში გაეშვება

მეწარმეობის განვითარების სააგენტო მაისიდან ამოქმედდება, ხოლო ივნისიდან ტენდერს გამოაცხადებს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწობაა. ორგანიზაცია 3 წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

მეწარმეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ციკოლიას განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ბანკებს, ისე მიკროსაფინანსო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

რაც შეეხება სესხის და გრანტის გაცემის დეტალებს, ციკოლიას განცხადებით, დეტალები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდება.

ერთ–ერთი პროდუქტი, რომელზეც მუშაობა მიდის, არის რეგიონებზე და მიკრობიზნესზე გათვლილი პროგრამა, რომლის მიხედვითაც რეგიონებში ხელი შეეწყობა მცირე მეწარმეებეობის განვითარებას მიკრო გრანტების გაცემის სახით. მისი თქმით, ჯამში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისათვის გრანტის სახით 3.5 მილიონი დოლარის გაცემაა დაგეგმილი. ერთი გრანტის მოცულობა კი დაახლოებით 3500 დოლარი უნდა იყოს.

მეწარმეობის სააგენტოს მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ხელშეწობაა. რამდენად სწრაფად მოხერხდება ეს ყველაფერი რთული სათქმელია, რადგან ასეთი ტიპის ბიზნესი ქვეყანაში დიდ პრობლემეს აწყდება.

ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების 96%-ს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეადგენენ, მაგრამ მათი აბსულუტური უმრავლესობა ქაღალდის კომპანიებია. აქტიური ბიზნესების რაოდენობა გაცილებით დაბალია და დარეგისტრირებულთა მხოლოდ 13 პროცენტია. ერთ-ერთი პრობლემაა ასევე რეგიონალური უთანასწორობა - კომპანიათა 45% თბილისშია რეგისტრირებული.

კიდევ უფრო დამაფიქრებელია წარმოებისა და დასაქმების მაჩვენებლები – სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში მშპ-ს 6%-ს ქმნის და სამუშაო ძალის მხოლოდ 9%-ს ასაქმებს.

ევროპაში კი საწარმოთა 98 პროცენტი მცირე და საშუალო ზომის არის, ისინი ქმნიან სამუშაო ადგილების 2/3-ს და მთლიანი დამატებული ღირებულების 60%-ს კერძო სექტორში.

სამი უმთავრესი პრობლემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლები ასახელებენ, ესაა: ფინანსების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო სისტემის სრულყოფის აუცილებლობა და მაღალი კომუნალური გადასახადები.

მართლაც, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომერციული ბანკების მიერ ბოლო წლებში გაცემული კრედიტების 40% სამომხმარებლო სესხია, დანარჩენი 60% კი იმ სექტორებზე გაიცა, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას მხოლოდ უმნიშვნელოდ ან გრძელვადიან ზრდას საერთოდ არ უწყობენ ხელს. ფინანსური რესურსების სიმცირეს, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს.

მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გახდა. არსებული ინფორმაციით, სააგენტო 3 წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს.