ქურდების ნებართვის გარეშე ციხეებში შიმშილობის დაწყების უფლებას არ აძლევენ?!

ქურდების ნებართვის გარეშე ციხეებში შიმშილობის დაწყების უფლებას არ აძლევენ?!

"მთავარი, რაზეც გვინდა აქცენტის გაკეთება ის არის, რომ ბოლო დროს გახშირდა პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ეს კონკრეტული ფაქტები დაფიქსირდა ჩვენი ადვოკატების წარმოებაში არსებულ საქმეებში. ეს ტენდენცია არის შემაშფოთებელი, რამდენადაც, ზოგადად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საპატიმროებში ვითარება გამოსწორდა - ვგულისხმობ იმას, რომ წამება, როგორც სისტემური დანაშაული არ არსებობს, მაგრამ ბოლო დროს იმდენად შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო - კონტრეტულად კი სასჯელაღსრულების სამინისტრო, გენერალური ინსპექცია და პროკურატურა არანაირ რეაგირებას არ ახდენს იმ შემთხვევებზე, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით. ამ ფაქტებმა უკვე შეიძლება ტენდენციის ხასიათი მიიღოს და ჩვენს ქვეყანაში მივიღოთ პატიმრების წამება, როგორც სისტემური დანაშაული", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი გაზეთ "ალიასთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქურდების ნებართვის გარეშე ციხეებში შიმშილობის დაწყების უფლებას არ აძლევენ?!

"თუკი არ მოხდა იმ მოძალადეების დასჯა, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ პატიმრებს სასტიკად მოეპყრონ - აწამონ, სცემონ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კვლავ მიიღებს იმას, რაც მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მოხდა პატიმარ ამირან ფატოევის ცემა - მას სასტიკად გაუსწორდნენ, რაც მოჰყვა შიმშილობის აქციას წინა წლის დასასრულს, ის პროტესტს გამოხატავდა და სხვა სასჯელაღსრულოების დაწესებულებაში გადაყვანისას მას დამატებით გაუსწორდნენ ფიზიკურად. ასევე დიზაინერ ლიკა ყაზბეგის მეუღლის - გენადი ჯელაძის ცემისა და დამცირების ფაქტი, რომელიც ახლახან მოხდა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში. ხოლო როცა ჯელაძემ განუცხადა ადვოკატს შიმშილობის შესახებ, მასთან მივიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულოების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჰკითხეს, თუ არის შენი შიმშილობის აქცია შეთანხმებული ქურდებთანო!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ცქიტიშვილი. 

"ეს არის ძალიან შემაშფოთებელი შემთხვევა, როცა ციხის ადმინისტრაციისა და ქურდული სამყაროს გადაჯაჭვა ხდება ერთმანეთზე - გამოდის, რომ მათი ინტერესები საერთოა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. პატიმრის დაშინება, თითქოსდა ქურდები ჩაერეოდნენ იმ შიმშილობის აქციაში და გააკონტროლებდნენ ამ ფორმით, ეს არის საგანგაშო", - განაგრძობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი და შეკითხვას - "რა გამოდის, ისევ ქურდები მართავენ საპატიმროებს?" - პასუხობს:

"ნამდვილად არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, რომ ქურდები ძველებურ გავლენებს ფლობენ, მაგრამ ასეტი ერთეული შემთხევვები, რაზეც გესაუბრებით, ისეთ შემაშფოთებელ ხასიათს იძენს, არსებობს საშიშროება, რომ ამან სისტემური სახე მიიღოს არცთუ შორეულ მომავალში"

"გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა პატიმრებთან, იგივე გეგუთის ციხის პატიმრებთან და ისინი წერილებში საუბრობენ. განსაკუთრებირთ ჯანმრთელობის პრობლემებზე გვწერენ - როცა არ ხდება რეაგირება და სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტი არ ახდენს დროულად მედიკამენტების მიწოდებას, არ ხდება მათი გადაყვანა სამკურნალოდ. სამინისტრომ გადადგა ნაბიჯები, არის მიღებული პრევენციული ზომებიც, მაგრამ ჩანს, ეს ზომები არაა საკმარისი, პატიმრები დროულად დახმარების აღმოჩენას ითხოვენ. 25 წლის პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც სიკვდილამდე გვწერდა, რომ ცემისა და წამების შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა და იმის გამო, რომ სახელმწიფომ დროულად ვერ აღმოუჩინა დახმარება (მხოლოდ დიაგნოსტიკური ოპერაცია არ აღმოჩნდა საკმარისი), ახალგაზრდა გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ოფიციალურად მივმართეთ გენერალურ ინსპექციასაც და პროკურატურასაც. სამწუხაროდ, დღემდე გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, პატიმრებს უკვე ესაუბრნენ, მოკვლევა დაწყებულია. ჩვენი შეშფოთება იმითაა განპირობებული, ასეთი ფაქტები ქმნის იმის წინაპირობას, რომ სისტემურ სახეს მიიღებს", - დასძენს ალეკო ცქიტიშვილი.