გართულდება თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მიხეილ სააკაშვილის გამო? სრულფასოვან კრიზისზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მცირე დაძაბულობას ან, როგორც მინიმუმი, გაუგებრობას ადგილი უკვე აქვს და ბოლო პუბლიკაციები ამერიკულ მედიაში ამაზე აშკარად მიუთითებს. როგორ მოიქცევა ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება?
პროკურორებად ქცეული ადვოკატები
26 აპრილს «ვაშინგტონ პოსტმა» გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს მორიგი წერილი სათაურით «საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ», რომელშიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის თემას კიდევ ერთხელ შეეხო. ვიდრე მის ციტირებას დავიწყებთ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული მედიის პუბლიკაციებიდან თეთრი სახლის პოზიციასთან ყველაზე ახლოს სწორედ «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭოს წერილები დგას. ეს არ არის ხელისუფლების პოზიციის პირდაპირი ტრანსლირება, ჩინური «ჟენმინ ჟიბაოს» სტილში და ლობისტებს ამ წერილების შინაარსზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭო არასოდეს მოაწერს ხელს იმას, რაც ადმინისტრაციის პოზიციას პრინციპულად ეწინააღმდეგება.
ახლა კი ჩვენთვის საინტერესო ციტატა: «უფრო უსიამოვნო პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსული მთავრობა საკუთარი თავისთვის საზიანო ომს აგრძელებს წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან, მაგრამ, აგრეთვე, გაფრთხილება მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, 22 მარტს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის ჩვეულებრივი პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერმინისტრის სისხლისსამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, დაკითხვაზე არ გამოცხადდა, ობამას ადმინისტრაციამ კი უმალ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყნის ენერგია მომავლისკენ მიმართოს. თუ საქართველო დასავლეთისკენ სვლას აპირებს და არა მოსკოვისთვის დანებებას, მთავრობამ ყურად უნდა იღოს ეს რჩევა».
ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭო ამ თემას ეხება. თავიდან ავტორები არ უარყოფდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო ბრალეულობას, ხოლო მოწოდებებს კანონის უზენაესობის პრინციპის აშკარა უგულვებელყოფისკენ, ასე თუ ისე, ნიღბავდნენ. ციტატა 2012 წლის 28 ნოემბრის წერილიდან: «შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი მართლაც დამნაშავეა. მაგრამ გარკვეული საქმეები ფოკუსირებულია შედარებით ნაკლებ კანონდარღვევებზე ან ისეთ ბრალდებებზე, რომლებიც ბოლოდროინდელი საარჩევნო კამპანიის ბინძურ ტრიუკებს უკავშირდება. ბ-ნი ივანიშვილი რომ სერიოზულად გეგმავდეს, დაანახოს დასავლურ მთავრობებს, რომ საქართველო მათ რიგებშია, ის უარს იტყოდა ამგვარ საქმეებზე...». 2013 წლის 1 ივნისის პუბლიკაციაში კი სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ იყვნენ წარმოჩენილნი დამნაშავეებად, რაც, აშშ-ის სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით, სრული ნონსენსია: «საქართველოს წინა მთავრობა, ბატონი მერაბიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დამნაშავე იყო კანონის გვერდის ავლაში და ხანდახან ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლას ახდენდა». თუმცა ამის შემდეგ მოდიოდა პასაჟი, რომელიც წინარე ფრაზას აბათილებდა: «მაგრამ, ამასთანავე, ამ წყვილმა უზრუნველყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და სწრაფად აღიარა მარცხი არჩევნებში, რამაც ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბატონ მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზების გამო არ დევნიან, ისევე ნაკლებად სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეში იმიტომ ზის, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე სამსახურებრივი გადაცდომები ჰქონდა». კაცმა რომ თქვას, საკმაოდ უცნაური ლოგიკაა _ ჯერ დაწერო «დამნაშავე იყო» და დაუყოვნებლივ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ადგილი აქვს ფიგურანტის პოლიტიკურ დევნას, თანაც იმ კოშმარული არჩევნების «ყველაზე დემოკრატიულად» გამოცხადების ფონზე. შემდგომ დაფიქსირდა კანონის უზენაესობის პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ დაქვემდებარების მოწოდება: «ბატონ ივანიშვილს, რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერს, შეეძლო ბატონი სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის სანაცვლოდ არ დაეშვა წინა რეჟიმის დევნა და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე».
ახალ წერილში რიტორიკა შეიცვალა და შედარებით გამკაცრდა; ამჯერად ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე არაფერი თქმულა, ხოლო სააკაშვილის დაბარება დაკითხვაზე აღწერილია, როგორც «სისხლისსამართლებრივი დევნის ჩვეულებრივი პრელუდია» (ამ ფორმულირებამ შეიძლება ნებისმიერი ამერიკელი იურისტი გააგიჟოს) და ცალსახად წარმოჩენილია, როგორც პოლიტიკური დევნის აქტი. წერილის ავტორები აპელირებენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 24 მარტის განცხადების მიმართ, რომელშიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ნათქვამი იყო: «კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის ფიგურირებით ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია», მაგრამ აღარ ახსენებენ კანონის უზენაესობას და ამტკიცებენ, რომ სახეზეა «პოლიტიკური დევნა», ხოლო ღარიბაშვილმა ამერიკელი პარტნიორების მოწოდება არაფრად ჩააგდო (ეს გამომდინარეობს სიტყვებიდან «მაგრამ, მიუხედავად ამისა...»). ეს კი უკვე სააკაშვილის დაცვა კი არა, მთავრობის აშკარა დადანაშაულებაა; ყოფილი დიქტატორის ადვოკატები აშკარად პროკურორის მანტიას ირგებენ.
რაზე ესაუბრნენ ღარიბაშვილს ამერიკაში? გაითვალისწინებს თუ არა ამერიკელების რჩევებს და რას მოიმოქმედებს ახლო მომავალში?
რა მოხდა ვაშინგტონში?
როგორც ჩანს, გარკვეულ «გაფრთხილებას» ვაშინგტონში ადგილი მართლაც ჰქონდა. «ვაშინგტონ პოსტი» ასეთ დელიკატურ სიტუაციაში, ობამას ადმინისტრაციას უხერხულობაში არ ჩააყენებდა და ფაქტების პირდაპირ გაყალბებაზე არ წავიდოდა. ამ გარემოებას თავი რომც დავანებოთ, გაფრთხილება პოლიტიკური დევნის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ადრეც არაერთგზის გაჟღერებულა. ამ შემთხვევაში მთავარია, თუ რას აღიქვამენ მხარეების «პოლიტიკურ დევნად». «ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. მითუმეტეს, პროკურატურას საუბარი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულებზე», _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის 24 მარტის განცხადების კომენტირებისას და ამავე კონტექსტში ნიკოლა სარკოზისა და სილვიო ბერლუსკონის დაკითხვა გაიხსენა. თუმცა სააკაშვილის მეგობრებს ამერიკაში, როგორც ჩანს, პრობლემის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვთ და მის დაკითხვაზე დაბარებასაც კი დაუშვებლად მიიჩნევენ.
ოფიციალურ რელიზებში, რომელნიც აღწერენ ღარიბაშვილის ვიზიტს ამერიკაში, 24 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებსა და სხვა შეხვედრებს, განხილული საკითხი მოხსენიებული არ არის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ნებისმიერ დეტალიზაციას, დიდი ალბათობით, მოჰყვებოდა ფაქტების დამახინჯება და მწვავე კრიტიკა, რომლის ფარგლებში სიტუაცია წარმოჩენილი იქნებოდა ისე, თითქოს ამერიკული მხარე მოუწოდებდა ქართულს, უარი ეთქვა კანონის უზენაესობაზე, ხოლო ჩვენი პრემიერი იჯდა და ამას მორჩილად ისმენდა. სხვათა შორის, ამ სიტუაციას არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ იურიდიული ასპექტიც აქვს, რადგან, ქართული კანონმდებლობის თანახმად, მოლაპარაკებები სააკაშვილისთვის (ან ნებისმიერი სხვა პირისთვის) იმუნიტეტის მინიჭებაზე და, შესაბამისად, მის კანონზე მაღლა დაყენებაზე, შეიძლება შეფასდეს, როგორც კანონსაწინააღმდეგო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლი:«უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენლებთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე». ძნელი წარმოსადგენია რაიმე უფრო ანტიკონსტიტუციური და სუვერენიტეტის შემზღუდავი, ვიდრე უცხო სახელმწიფოს ზეწოლით კანონის უზენაესობის პრინციპზე უარის თქმაა. თუ ვითარებას სს კოდექსის ამ მუხლზე დაყრდნობით შევაფასებთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ მთავრობას, უბრალოდ, არ აქვს ამ თემაზე მოლაპარაკების გამართვის უფლება და, თუ ამას მართლა აკეთებს, მით უარესი მისთვის. ამავე მიზეზით, ეს თემა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც საიდუმლო დიპლომატიის ნაწილი _ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, არღვევს თუ არა ხელისუფლება კანონს.
მიხეილ სააკაშვილის ვერსიით (22 აპრილის ჩართვა მისი ინიციატივით შექმნილი ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიაზე), მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: «თქვეს, ახლავე დავაკავებთ, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდებაო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ, უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ?! _ არა. ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო _ მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო».
ზოგიერთმა მონაკვეთმა ამ განცხადებაში შეიძლება სერიოზული ეჭვი გამოიწვიოს. მაგალითად, აშშ-ის არც ერთი ოფიციალური პირი, 99%-იანი ალბათობით, არასოდეს იტყვის საჯაროდ «მის საფრანგეთის მოქალაქეობას გადავხედავთ», რადგან ეს საფრანგეთის სუვერენიტეტის ღია და აშკარა შეურაცხყოფაა, რომელსაც შეიძლება სერიოზული სკანდალი მოჰყვეს. ზოგადად, ჩვენი მთავრობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში, დიდი ხანია, არ რეაგირებენ მსგავს განცხადებებზე, რადგან, ფორმალური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი ერთი კერძო პირია, რომლის მენტალური მდგრადობა, სავარაუდოდ, ძლიერ შეირყა, მაგრამ კონკრეტულად ამ განცხადების დატოვება რეაგირების გარეშე, ალბათ, არ შეიძლება _ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ახდენს თუ არა ვინმე ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ მან საქართველოს სუვერენიტეტსა და კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს გადააბიჯოს.
არც ერთი ნაბიჯი უკან
როდესაც საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა უცხო ძალების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მისთვის სასურველია, საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსიროს უცხოელი პარტნიორების წინაშე, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც საკუთარ (დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის) კანონებს ვერ გადაუვლის. საქართველო, მისი სისუსტის მიუხედავად, არავისი არ არის, მათ შორის არც აშშ-ის კოლონიაა, არც 100 წლის წინანდელი ფილიპინები, არც 50 წლის წინანდელი ლათინოამერიკული «ბანანის რესპუბლიკა». თუ ვინმეს ეს არ ესმის, მთავრობამ უნდა შეაგნებინოს, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვაზე.
დროებით თავი დავანებოთ საკითხის ფორმალურ მხარეს, რათა მოვიყვანოთ კიდევ ერთი საგულისხმო ფრაზა «ვაშინგტონ პოსტის» განხილული პუბლიკაციიდან: «ნატო-ს არ შეუძლია ამ ქვეყნების (საქართველოსა და მოლდოვას) დაცვა რუსეთის შემოჭრისგან». თუ სიტუაციას რეალური პოლიტიკის ცინკური რაკურსიდან შევხედავთ, ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ფორმულირება, თავის ლოგიკურ განვითარებაში, ვაშინგტონს და მითუმეტეს «ვაშინგტონ პოსტს» იმპერიული დიქტატის უფლებას ართმევს: თუ იმპერიას არ შეუძლია დაიცვას ესა თუ ის ქვეყანა, ის მისთვის ჭკუის სწავლების უფლებასაც კარგავს (ეს აქსიომაა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან). თანაც საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში კრიმინალურს არაფერს აკეთებს და უბრალოდ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს.
რამდენიმე საათში «ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაციიდან ირაკლი ღარიბაშვილმა «ქართული ოცნების» ყრილობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი პასუხი: «მათ უნდათ, პირად ამბიციებს გადააყოლონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყნის იმიჯი. მათ გასაგონად ვიტყვი: ყველა, ვინც დაარღვევს კანონს, აგებს პასუხს. და როგორც უნდა ეცადონ, არავის მივცემთ უფლებას შელახოს სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაცია. კანონის უზენაესობის დაცვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა!». პრინციპში, მშვენიერი დეკლარაციაა, თუმცა ყოველივე ამას საქმით დამტკიცება დასჭირდება. არაერთგზის ითქვა, რომ «ქართული ოცნების» ამომრჩეველი აპატიებს ხელისუფლებას თითქმის ყველაფერს, დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯის იდეაზე უარის თქმის გარდა. ის, სავარაუდოდ, ყურადღებით დააკვირდება, რას მოიმოქმედებს პროკურატურა უახლოეს მომავალში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ახლა უცხოელი ლობისტების ზურგს ამოფარებული საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს დასცინის. ამასთანავე, საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს იმ საქმეებთან, რომელთა გამოც მისი მთავრობის საკვანძო წარმომადგენლებს ასამართლებენ.
ვაშინგტონის ყოფილი ფავორიტები ციხეში ბოლო დროს არცთუ იშვიათად ხვდებიან, იქნება ეს ალბერტო ფუხიმორი პერუში, ჩენ შუიბიანი ტაივანში თუ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტები. ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა (კერძო საუბარში, რადგან საჯაროდ ამას ვერ იტყოდა) განაცხადა, რომ ვაშინგტონი, შესაძლოა, ცდილობს, ვადაგასული აქტივისგან (მიხეილ სააკაშვილსგან), რომლის გამოყენება ქართულ პოლიტიკაში უკვე შეუძლებელია, მაქსიმალური ამონაგები მიიღოს და, მისთვის არაფორმალური იმუნიტეტის მოხსნის სანაცვლოდ, საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ძალზე სერიოზული დათმობები მიიღოს და ყოველივე ეს ბანალური «ჰაერის გაყიდვაა», რომელშიც ამერიკელ ბიზნესმენებს, როგორც ცნობილია, ბადალი არ ჰყავთ. შესაძლოა, ამ ვარაუდის უკან გარკვეული ლოგიკა დგას, თუმცა ასე რომც არ იყოს, საზოგადოებამ, ალბათ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, არც ერთი ნაბიჯით არ გადაუხვიოს კანონის მოთხოვნებს და განსასჯელთა სკამზე დასვას უკლებლივ ყველა სახელმწიფო მოხელე, რომლებმაც 2003-12 წლებში (სავარაუდოდ) დანაშაული ჩაიდინეს, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეეცდება ყოფილი დიქტატორის, მისი მინისტრებისა და სხვა მონსტრების დაცვას, ოფიციალური ვაშინგტონი, «ვაშინგტონ პოსტის» სარედაქციო საბჭო თუ ჰოკეის გუნდი «ვაშინგტონ კეპიტალსი» სრული შემადგენლობით.