საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - ”ფრიდომ ჰაუსის” -მორიგი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რაც მედიის 2013 წლის მდგომარეობის შეფასებას ემსახურება, 2-ქულიანი წინსვლის მიუხედავად, საქართველო ისევ ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად რჩება. დღეს - 1 მაისს - გამოქვეყნებულ ანგარიშში მედიის თავისუფლება 197 ქვეყნისა და ტერიტორიის მაგალითზეა შეფასებული - საერთო ვითარება მსოფლიოში გაუარესებულია.
”ფრიდომ ჰაუსის” წლევანდელი ანგარიშის თანახმად, 197 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან მედია ”თავისუფალია” 63 ქვეყანაში (შარშან იყო ასევე 63 ქვეყანა); ”ნაწილობრივ თავისუფალია” 68 ქვეყანაში (შარშან იყო 70) და ”არათავისუფალია” 66 ქვეყანაში (შარშან იყო 64).
გამოკვლევა გვაუწყებს, რომ მედიის თავისუფლების გლობალური მაჩვენებელი, ბოლო ათი წლის სტატისტიკით, უდაბლეს მაჩვენებლამდე დავარდა. ასეთი მოცემულობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე - მათ შორის, ეგვიპტეზე, ლიბიასა თუ იორდანიის სათვალავზე - მოდის. ასევე მდგომარეობის გაუარესება აღინიშნება თურქეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში და შედარებით ღია მედიაგარემოს მქონე შეერთებულ შტატებშიც კი. მდგომარეობის გაუარესების ძირითად ასპექტებს შორის სახელდება სახელისუფლებო წნეხი მედიის თავისუფლების გაკონტროლების მიზნით - აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის პრობლემების შექმნა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ჟურნალისტებისთვის. ამ მხრივ გამოირჩევა რუსეთისა და ჩინეთის აქტიურობა.
რაც უფრო დაბალია ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ამა თუ იმ ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა, მით უფრო უკეთესად არის საქმე, ანუ მით უფრო თავისუფალია მედია კონკრეტულ ქვეყანაში. 30 ქულის შემდეგ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი იწყება, ხოლო 60 ქულის შემდეგ - არათავისუფალ ქვეყნებს ვხვდებით. ყველაზე უარესი მდგომარეობაა 8-წევრიან ჯგუფში, სადაც კვლავინდებურად ერთიანდებიან: ბელორუსია, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერითრეა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი. ყველაზე მოწინავე ქვეყნების სამეულში, 10-10 ქულით, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი გვხვდება.
საქართველოსთვის წელს მიკუთვნებული ქულა 47-ია, რაც, შარშანდელთან შედარებით, მხოლოდ 2-ქულიანი წინსვლის მაჩვენებელია, თუმცა ის კვლავ ლიდერობს საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში - ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით. ”ნაწილობრივ თავისუფალთა” შორის ვხვდებით მხოლოდ მოლდავეთს, თუმცა ამ ქვეყნის მაჩვენებელი, საქართველოსთან შედარებით, 6 ქულით უარესია.
”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშთან დაკავშირებით ვაშინგტონში კომენტარები გააკეთა პროექტის დირექტორმა კარინ დოიჩ კარლეკარმა და მან საქართველოს წინსვლის ძირითადი ასპექტებიც დაასახელა:
”საქართველოში დავინახეთ გარკვეული გაუმჯობესება - დავინახეთ გარკვეული პოზიტიური დინამიკა - კანონმდებლობაში შარშან შეტანილი ცვლილებების გამო, რაც ავალდებულებს საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს, უზრუნველყონ დაფარვა. საქართველოში ასევე საგრძნობლად შემცირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები, რაც განსაკუთრებით შეიმჩნეოდა, რადგან ეს საარჩევნო წელიწადი იყო”.
საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რაზეც კარინ დოიჩ კარლეკარი ლაპარაკობს, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში საგანგებოდ ესმება ხაზი ”მასთ-ქერისა” და ”მასთ-ოფერის” (“must carry/ must offer”) პრინციპების დანერგვას. ანგარიშში გამოკვეთილი ძირითადი აქცენტები ემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის შეფასებებს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ”სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიამკვლევარი, დიანა ჩაჩუა:
”არ ყოფილა, ვთქვათ, ჟურნალისტებზე ზეწოლის, ცემის, ცენზურის გახმაურებული ფაქტები და ეს მეტად მნიშვნელოვანია. ასევე ვიზიარებთ, რომ, ხელმისაწვდომი ინფორმაციის მრავალფეროვნების თვალსაზრისით, საკმაოდ პლურალისტულია ქართული მედია დღეს და პოლარიზაციამ საგრძნობლად იკლო”.
მედიის მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების ნიშნებს საქართველოში მედიაანალიტიკოსი ზვიად ქორიძეც ამჩნევს, თუმცა, მისი თქმით, ძალიან უჭირს სახელმწიფოსა და საზოგადოებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ”თავისუფალთა” კატეგორიაში გადავინაცვლოთ. ზვიად ქორიძე, ამ მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესის კრიზისს იხსენებს:
”ის, რომ ამ ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტს უნდა უზრუნველეყო 2013 წელსვე, მან ეს ვერ შეძლო და მეტიც, შემდგომ მან ისე წარმართა პროცესი, რომ 2014 წელს უკვე პრაქტიკულად სრულიად კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და დღეს გამოსავლის არაორდინარულ გზებს ეძებს პარლამენტი, მაგრამ ეს ისეთი გზები იქნება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კრიზისს. ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა”.
თუკი 1 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის კრიზისი არც დადებით კონტექსტში აისახა და არც უარყოფითში, ზვიად ქორიძე ვარაუდობს, რომ იგივე საკითხი უარყოფითად აისახება ”ფრიდომ ჰაუსის” მომდევნო ანგარიშში.