რუსეთის ეკონომიკამ მოსკოვის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგების მომკა დაიწყო. ქვეყანა რეცესიაში შევიდა, კაპიტალის გადინების ტემპმა იმატა, შეზღუდვების მასშტაბები იზრდება. მიუხედავად ამისა, უკრაინის აღმოსავლეთში კრემლი უკან დახევას არ აპირებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია, ვინაიდან უკრაინის კრიზისის გამო, ქვეყანა კაპიტალის მასშტაბურ გადინებას განიცდის. სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ანტონიო სპილიმბერგოს თქმით, ფონდმა შეცვალა თავისი პროგნოზი, რომლითაც 2014 წელს რუსეთის ეკონომიკას 1.3 პროცენტით უწინასწარმეტყველებდა ზრდას და ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტამდე დაიყვანა.
სსფ-ს ვარაუდით, წლის ბოლომდე ქვეყნიდან 100 მილიარდი დოლარი გავა. საერთაშორისო სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის კრიზისის და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების გამო, უკვე აისახა უარყოფითად რუსეთის ეკონომიკაზე და საინვესტიციო პროცესებზე. სპილიმბერგოს თქმით, თუ რეცესიას ისე განვსაზღვრავთ, როგორც ზრდის უარყოფით მაჩვენებელს ორი კვარტლის გამავლობაში, მაშინ რუსეთი უკვე განიცდის რეცესიას.
რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფილიპინებში ვიზიტის პარალელურად გახდა ცნობილი. უკვე არსებულ სიას კიდევ შვიდი ადამიანი დაემატა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ და აქტივები გაეყინებათ. მათ შორისაა, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი, პუტინის უახლოესი გარემოცვის გავლენიანი წევრი იგორ სეჩინი და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი. ასევე სანქციები უწესდება 17 რუსულ კომპანიას.
ბარაკ ობამას განცხადებით, თუ რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციების შემდეგი ეტაპი შესაძლოა საბანკო და თავდაცვის სფეროებს შეეხოს.
რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ევროპელი დიპლომატებიც შეთანხმდნენ. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ბრიუსელში ელჩების დონეზე მიმდინარე შეხვედრაზე სანქციების სიაში დამატებით 15 რუს მაღალჩინოსანს შეიყვანენ. ევროკავშირი ასევე აპირებს, სანქციების მესამე დონის შემოღების მოსამზადებელი გეგმა დაამტკიცოს. საბანკო ანგარიშების გაყინვა და ევროკავშირის ვიზებზე უარი - ახლა ეხება 48 ადამიანს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებსა და უკრაინაში პრორუსულად განწყობილ აქტივისტებს.
15 სანქცირებულის სიაში, რომელიც ევროკავშირმა უკვე გამოაქვეყნა, შედიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ლიუდმილა შვეცოვა, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები, მათ შორის, სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მენიაილო და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ბელავენცევი.
ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა აგრეთვე რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის ინტეგრაციის პროცესს.
„ეს სანქციები ერთხმად მიიღეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. ისინი ხორციელდება წევრი სახელმწიფოების მიერ. ეს არის საგარეო პოლიტიკის ბერკეტი და მას ვიყენებთ ბევრ სხვა ზომასთან ერთად, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ამჟამინდელი კრიზისის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა.
კონტრზომების მიღებაზე კრემლშიც მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით რადიკალურ გადაწყვეტილებებს ერიდებიან.
„რუსეთი ჯერჯერობით დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს არ მიიღებს. თუ რაღაც მსგავსი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ვინ და როგორ მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის ეკონომიკის, მათ შორის, ენერგეტიკის ძირითად სექტორებში“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ საპასუხო ნაბიჯები საჭირო არ გახდება.
რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოვლენებს უკან დასაწყისშივე აშშ იდგა.
„ვფიქრობ, ის, რაც ახლა ხდება, აჩვენებს, რეალურად ვინ ხელმძღვანელობდა პროცესებს დასაწყისშივე. თავდაპირველად შეერთებულმა შტატებმა ჩრდილში ყოფნა ამჯობინა. ის ფაქტი, რომ ახლა აშშ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის საკითხში პირველი გამოვიდა, მეტყველებს იმაზე თუ ვინ მართავდა პროცესებს“, - განაცხადა პუტინმა.