თეონა ხარაბაძე
როგორც იქნა ბიზნესსაბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. დაახლოებით თვენახევრის წინ ეს საბჭო დიდი აჟიოტაჟით შეიქმნა და ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ იგი ყველა ხარვეზს გაასწორებდა, რაც ახალ საგადასახადო კოდექსში აღმოჩნდა და რაც ბიზნესს აწუხებს. მაშინ ძალიან ბევრი ითქვა, რომ ამ საბჭოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც შევიდოდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას ეს კატეგორია საერთოდ არ ადარდებს. საინტერესო ის არის, რომ ამ საბჭოში ვერც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დიდი სურვილი ჰქონდათ.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აჭარაში მოქმედებს და ამ ორგანიზაციაში 25 წევრია გაერთიანებული. ასოციაციაში, ძირითადად, ე.წ. ქართველი თურქები შედიან. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულმა ასოციაციამ 2005 წლიდან აჭარაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მოღვაწეობს სამშენებლო, საფეიქრო, სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელ და სხვა სექტორში. ასოციაციის მიერ, დაახლოებით, 8 450 ადამიანია დასაქმებული.
მათ საბჭოში მონაწილეობის სურვილი თავიდანვე გამოთქვეს და მაშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ბიზნესსაბჭოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელიც იქნებოდა მიწვეული და ყველა დაინტერესებული ფენის წარმომადგენელიც.
მაგრამ გუშინ ზურაბ მელიქიშვილს ამ თემაზე საუბარი უკვე აღარ სურდა და ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა ამ საბჭოში მათი წარმომადგენელი, მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ბიზნესაბჭო გახსნილია და მას შეხვედრები ექნება როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ“.
მისი თქმით, ბიზნესაბჭოს სურვილია ყველა სფერო მოიცვას, შესაბამისად, თუ გარკვეული ჯგუფების წარმომადეგნლები საბჭოში ვერ მოხვდნენ, მათ შეუძლიათ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები საბჭოს მაინც მიაწოდონ.
„ზოგიერთი ასოციაცია თავად ვერ ჩამოყალიბებულა, რა უნდათ და ჩვენ რა ვქნათო“, - მარტივად უპასუხა კითხვას მელიქიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დახურლ სხდომზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ფადი ასლის ხელისუფლება ძალზე მწვავედ გაუკრიტიკებია და პირადად ბაქრაძესთვის მიუმართავს, რომ მან, როგორც ამ საბჭოს ხელმძღვანელმა, უცხოელი ბიზნესმენებისთვის არსებული ბარიერების და პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან და ამ პრობლემების მოგვარებას საელჩოების მეშვეობით ცდილოებენ. ეს კი, მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას უფრო მეტად გააუარესებს.
ფადი ასლიმ, ჟურნალისტებთან უკვე სხვა კომენტარი გააკეთა და სხდომა „საინტერესოდ, შინაარსიანად და ღიად“ შეაფასა.
როგორც ჩანს, ამ საბჭოში მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბეს, რომლებიც ხელისუფლების ყველა ქმედებას იწონებენ. მაგალითად, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ახალ საგადასახადო კოდექსს შემუშავების პროცესში უაღრესად დადებითად აფასებდნენ და მაშინ, როდესაც ექსპერტები მათ უფლებებს იცავდნენ, ისინი ხელისუფლების ხოტბაზე იყვნენ გადასულნი და მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ რა კარგი ხელისუფლება გვყავს და როგორ ზრუნვას ბიზნესმენებზე.
როდესაც ხელისუფლებას დასჭირდა, რომ საგადასახადო კოდექსის რეფორმირებაზე დაიწყოს საუბარი, საბჭოში ისევ ეს ადამიანები მოხვდნენ. ამიტომაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს საბჭო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას რეალურად მიაღწევს.
რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ითქვა, შეხვედრაზე ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს და კონკრეტული გეგმები დასახეს.
როგორც ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანო მზადაა ბიზნესის წარმომადგენლებისგან მოისმინოს კონკრეტული ინიციატივები და გაუმჯობესების კუთხით საგადასახადო კოდექსში ცვლილებებიც განახორციელოს. მისი თქმით, შეხვედრაზე დაისვა გადამზიდავებთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას ინფორმაციით კი, მომავალ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები უკვე კონკრეტული წინადადებებით მივლენ, რათა ბიზნეს გარემო ქვეყანაში ისე გაუმჯობესდეს, რომ ინვესტიციები ქვეყანაში ადგილობრივმა ინვესტორებმა ჩადონ.
მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე კი მცირე და საშუალო ბიზნესის მკვეთრი დეფინიციის აუცილებლობაზე საუბრობს. ისაკაძეს ასევე აინტერებს მთავრობის მიერ „საპარტნიორო ფონდის“ დაფუძნების გადაწყვეტილება.
უფრო კონკრეტული საკითხი კი, როგორც ითქვა, დავების საბჭოს რეფორმირების საკითხი იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი პერტაიამ განაცხადა, დავების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით გარკვეულობა არ არის, თუმცა არსებობს იდეა, რომ შეიმქნას ზედა პალატა, რომელიც უშუალოდ საგადასახადო ომბუდსმენს დაექვემდებარება. ზედა პალატა ერთგვარი არბიტრაჟის ფუნქციის მქონე ორგანო იქნება.
როგორც ბიზნესსაბჭოს სხდომიდან გამოსული ბიზნესმენები აღნიშნავდნენ, დავების საბჭოს რეფორმირების საკითხი მომავალში გადაწყდება.