უძრავი ბაზრის ამოძრავება წელს მოსალოდნელი არ არის

უძრავი ბაზრის ამოძრავება წელს მოსალოდნელი არ არის

[ეკა ბაქრაძე]

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. ასეთი დასკვნის საბაბს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იძლევა. მშენებარე ბინებს მყიდველი სათოფეზე აღარ ეკარება. გააქტიურება არც ე.წ. მეორად ბინებზეა და არც დასრულებულ მშენებლობებზე. ასეთ ინფორმაციას ყველა მაკლერი დაასდატურებს, რომელიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული.

სხვა მოსაზრება აქვთ უძრავი ქონების სფეროს ექსპერტებს.  ისინი ბოლომდე ინარჩუნებენ ოპტიმიზმს და მიაჩნიათ, რომ სამშენებლო ბიზნესში არსებული მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება. თუკი მათ ვერწმუნებით, უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო ფასები ამ მიმართულებით 20-30 პროცენტით მოიმატებს და ზრდა შემდეგ ეტაპზეც გაგრძელდება.

„არანაირი პირობა არ გვაქვს იმისა, რომ ბინის ფასი გაიაფდეს. მით უმეტეს, ბანკებმა ფულის გაცემა დაიწყეს. მყიდველი ისე აღარ არის, როგორც ომამდე, მაგრამ ბაზარი მაინც ძალიან გააქტიურდა. 2 წელიწადში უნდა ველოდოთ ახალ ბუმს და უფრო ძლიერს. არ ვკარგავ, იმედს, რომ ძველ მაჩვენებელს ისევ დავუბრუნდებით.

ჩემი აზრით, ბინის ფასი 50 პროცენტით კიდევ მოიმატებს. წელს 20-30 პროცენტით გაძვირდება და შემდეგ წავა ზემოთ. ბაზარი აუცილებლად უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ, კრიზისის გამო გარეუბნებში რეალიზაცია ჩავარდა, მოთხოვნა ამ ეტაპზე ცენტრალურ უბნებზეა შენარჩუნებული“, - ამბობს უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი.

უძრავი ქონების სააგენტო „გორო ჯგუფის“ დირექტორი გიოგი ბარვენაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ექსპლოატაციაში შესულ ბინებზეა, თუმცა ინტერესი მშენებარე ბინებისადმიც იზრდება, რადგან გაჩნდა საბანკო გარანტიები. ბანკები სესხებს მეტი სიფრთხილით გასცემენ და კლიენტის გადახდის უნარიანობას ზედმიწევნით ამოწმებენ. ბარვენაშვილის თქმით, მომხმარებელი დღეს ბანკებს უფრო ენდობა, ვიდრე სამშენებლო კომპანიებს.

სხვა მოსაზრება აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ჯერჯერობით კრიზისის დაძლევის ნიშნებს ვერ ხედავს. მეტიც, მისი თქმით, ბანკები სესხებს დღესაც „ჰაერზე“ გასცემენ და მათი საკრედიტო პოლიტიკის გარკვეული გამკაცრება სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას არ ნიშნავს.  

„ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა გაააქტიურეს, მაგრამ ეს არაა რეალური გარანტიით უზრუნველყოფილი კრედიტები. ხშირ შემთხვევაში კი უზრუნველყოფის სახით ის ბინა იდება, რომელსაც კლიენტი ყიდულობს. ფაქტობრივად, მეორედ ვდგებით ამ გზაზე და იქმნება ილუზია, რომ მდიდრები ვართ“, - აცხადებს შეშელიძე.

უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებიც ამ ეტაპზე არასახარბიელოდ აფასებენ ბაზარს და ამბობენ, რომ შესყიდვების მაჩვენებელი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ გაზრდილა. სამაგიეროდ, მოიმატა მოთხოვნამ გირაოზე. თუმცა, ამ მხრივაც სერიოზული პრობლემებია, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია და გირაოებიც რეალურად არ არის.

მაკლერების თქმით, მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა იაფფასიან ბინებზე ისიც, ძირითადად, გარეუბნებში იყიდება. რაც შეეხება ღირებულებას, ამ მხრივაც კლებაა და დაბალი მოთხოვნის პირობებში ხშირად 60 ათას დოლარად ღირებული ქონების გაყიდვა მეპატრონეს 40-45 ათას დოლარად უწევს.