პარლამენტში იხილება კანონპროექტი „ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შესახებ“, რომელიც იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტარების ჯგუფის მუშაობის ძალიან კარგი შედეგია. თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ პროექტი აწესებს რეგულირებას, თუ როგორ უნდა იყოს მოქალაქე დაცული უკანონო მოსმენებისგან. ამასთან, შს სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, სადაც უკანონო ფარულ მიყურადებასა და მოსმენებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
„ჩვენ ადამიანის უფლებები ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს არჩევნებიდან მოყოლებული. სწორედ იმას ვებრძოდით წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება იყო ფეხქვეშ გათელილი, ამიტომ შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივას მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კანონპროექტის მიხედვით, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და განადგურება მკაცრად რეგლამენტირებული ხდება, რათა მათი არამიზნობრივი მოპოვება, შენახვა და გამოყენება არ მოხდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შემოთავაზებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ინფორმაციის მოპოვების, შენახვის და შემდეგ მისი განადგურების წესი მომავალში გამორიცხავს აღურიცხავი, არაკონტროლირებადი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. ამის შესაძლებლობას იძლევა ცვლილებები, რომლებიც შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა კანონებში.
აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა განახორციელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა წინადადებების საფუძველზე. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბოლო სასესიო კვირაში პრინციპების დონეზე განიხილა, კომიტეტს პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ წარუდგინა.
კანონპოროექტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი - მე-17 თავი, რომელიც განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეებს, მათი განხორციელების წესსა და პროცედურას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საშუალებით ინფორმაციის მოპოვების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს.
პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონიდან გადმოტანილია ისეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის პირობებში მხოლოდ მოსამართლის განჩინებით ხორციელდება.
კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე და სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულის გამოძიების პროცესში. პროექტი ასევე ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განჩინების რეესტრის წარმოებას.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები სწორედ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ, რომლებმაც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია დაიწყებს. ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ფონდი ლიბერალური აკადემია“, „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
კამპანიის „ეს შენ გეხება!“ „ისევ გვისმენენ!“ ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე აქცია, მათ შორის ტელეკომპანიის ფარგლებში აქტიურად გადის ვიდეორგოლები, რაც თავისთავად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ კამპანიას გაწერილი ბიუჯეტი ჯერჯერობით არ აქვს. ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე კი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა“, ანუ ე.წ. სოროსის ფონდი. გარკვეული ხარჯები ფონდმა თავის თავზე აიღო. პირველ ეტაპზე, მაისურების თუ ბანერების დამზადებისათვის, ფონდმა 3 200 აშშ-ის დოლარი დახარჯა.
ამ კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, ბევრი რამ აბსოლუტურად უფასოდა და ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, ენთუზიაზმზე გაკეთდა.
„იმათ, ვისაც ხელში დროშა ან პლაკატი უჭირავს, ფულს კი არ უხდის ვინმე. არც კანონების წერაში იხდიან ფულს. მოქალაქეობრივი პასუხსიმგებლობა იყო ეს ჩვენი მოქმედებები, ჩვენი შრომა, რომელშიც ჩვენი ენერგია ჩავდეთ. მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, უამრავი რამ კეთდება ამ ქვეყანაში ენთუზიაზმზე და მგონია, რომ ეს კარგია“, - აცხადებს ტუღუში.
ლაშა ტუღუშის განცხადებით, ვიდეორგოლები, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გადის, სოციალური სახისაა, რადგან „მედიას ესმის საკითხის მნიშვნელობა“. კითხვაზე, რითი შეიძლება აიხსნას ის ფატი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღეს უფასოდ უშვებს კომპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივით დამზადებულ ვიდეორგოლებს, მაშინ როდესაც ერთი და ორი წლის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამ სახის რეკლამა არათუ უფასოდ, არამედ შესაძლოა საერთოდ არ გაეშვა, ტუღუში ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ეს რეკლამა არაა.
„ამ შემთხვევაში არაა „რუსთავი 2“-ის ანალიზი, რა ხდებოდა ორი წლის წინ. ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. მარტო „რუსთავი 2“ არ ეხმარება ამას, არამედ ეხმარება მთელი მედია. თქვენ სადაც მუშაობთ, მიგაჩნიათ, რომ უკანონოდ უნდა უსმენდნენ? არ დაწერთ სტატიას, რომ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარება, თუ როგორ არის ახლა? მე მგონია, რომ თითოეული მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის უნდა ესმოდეს და თუ ვინმეს ეს ესმის, მგონია, რომ კარგია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ტუღუშმა და აქვე დასძინა, რა უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი იხარჯება ამ ღონისძიებაში, თუ რა ზიანი მოაქვს, როცა გისმენენ.
როგორც ჩანს, კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში საერთოდ არ არის ინფორმირებული, თუ რა ხდება ამ კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ - რა თანხები იხარჯება, რადგან სოროსის ფონდის ანამშრომელმა, თიკო ბოლქვაძემ აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა.
კამპანიის მიერ დამზადებული ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით მხოლოდ „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერით გადის. „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერი, თინიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე არის „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და შესაბამისად, გარკვეული ხარჯები ფონდმა აიღო თავის თავზე.
რაც შეეხება რეკლამებს, მისი თქმით, ერთი თვის წინ ყველა ტელეკომპანიაში გააგზავნეს მოთხოვნა, რომ სოციალური სტატუსით გაეშვათ ეს რეკლამა. თუმცა, ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „იმედმა“ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
„შემგვთავაზეს ეკონომპაკეტები. 5 800 აშშ-ის დოლარი გადახდილია ტელეკომპანია „იმედისთვის“, 5 700 აშშ-ის დოლარი კი „მაესტოსთვის“. „მაესტრომ“ ასევე შემგვთავაზა რადიო რეკლამაც და ეს თანხა ამაში შედის. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მათ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა. ვიდეორგოლები გაუშვეს როგორც სოციალური რეკლამა. „რუსთავი 2“ -ს და საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ დაგვიხარჯია“, - ამბობს ბოლქვაძე.
რაც შეეხება ბეჭვდურ მედიას, კომპანიის რეკლამა გათავსებულია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსიში“ და ინტერნეტ პორტალ „ნეტგაზეთში“. როგორც თინიკო ბოლქვაძე ამბობს, რეკლამა მხოლოდ ამ ორ გამოცემას შესთავაზეს.
„ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები არიან და პლუს ამას, ყველაზე კითხვადები არიან. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით დადებს არ ვიცი, ჩვენ სხვებისთვის არ შეგვითავაზებია. 5 კომპანიას გავუგზავნეთ გარე რეკლამაზე, მაგრამ არც ერთი შემოთავაზება არ შემოსულა.
ყველა მედია-საშუალებებთან დავდეთ ერთთვიანი კონტრაქტი. მაგალითად „ინტერპრესნიუსის“ შემთხვევაში გადახდილია 1 315 დოლარი. ამ სააგენტოდან იყო შემოთავაზება, რომ კიდევ სამ საიტზე განვათავსებდნენ რეკლამას. რაც შეეხება „ნეტგაზეთს“, მე თვითონ დაუკავშირდი, მე თვითონ ვთხოვე და აქ გადავიხადეთ 1000 ლარი. ჩვენთვის ყველაზე უფრო მისაღები იყო ეს ორი საიტი. დიდი ხნის პარტიორები ვართ. ეს უკვე ზედა ზღვარი იყო. რეკლამაში მეტ ფულს ჩვენ არ გადავიხდით. შეიძლება სხვა ორგანიზაციამ გადაიხადოს.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მაგალითად, მოსმენა იყო პარლამენტში, ყველა ორგანიზაცია საკუთარი ხარჯით წავიდა. ყველას ჰყავს საკუთარი მანქანა. ვინც იქ იდნენ, ესენი იყვნენ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ამაზე არაფერი არ დახარჯულა, გარდა იმ ბანერებისა, რომელიც აქიდან წავიღეთ. ვინ რამდენი საწვავი ჩაისხა, ამას ვერ გეტყვით“, - ამბობს თინიკო ბოლქვაძე.
კომპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, გაწერილი ბიუჯეტი არ აქვს. ბოლქვაძის განცხადებით, როგორც კი პროექტი სრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა თანხა დაიხარჯა.
„ამას ჩვენ გამოვაქვეყნებთ და საჯარო გახდება. როგორც დასრულდება ეს კამპანია, წინსწრებად შეგვიძლია მოგწეროთ რა თანხა დაიხარჯა. ჩვენ კი გვაქვს რაღაცეები გაწერილი, მაგრამ ასე ვერ დავხარჯავთ. ჩვენ გვჭირდება ბორდის ნებართვა. ანუ, მე ვეუბნები ბორდს, შემიძლია დავხარჯო თანხა რეკლამაზე, საბჭო მეუბნება ან კი-ს, ან არა-ს. როგორც კი აქტივობა დასრულდება, ამ სრულ ბიუჯეტს ვადგენთ და ეს ბიუჯეტი საზოგადოებისთვის გახდება საჯარო. საბოლოოდ რა დაჯდება, ამის თქმა წინასწარ რთულია.
ძირითადად ჩვენ გადავიხადეთ. თუმცა იგივე „საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველოს“ პროქტებში აქვს პრიორიტეტული მიმართულება, „სისხლის სამართლის“ შეცვლა და „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების“ შესახებ კანონის შეცვლა. სხვა დონორისგანაც აქვთ ფული და წვრილ-წვრილ თანხებს იქიდანაც ხარჯავს. თუმცა ყველაზე მეტი თანხა არის ფონდის. რაც შეეხება პრომო რეკლამებს, ეს არის კუსტარულად ოფისში დამზადებული. ამაში ფული არ გადაგვიხდია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თინიკო ბოლქვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი თვლის, რომ კარგი იქნებოდა „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორებს, ასეთი აღშფოთება გამოეხატათ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა ტოტალური მოსმენა.
„ცოლი ქმარს საძინებელშიც ვერ დაელაპარაკებოდა. ლამის საძინებელშიც უმონტაჟებდნენ ადამიანებს სათვალთვაო კამერებს. სულში გვიძვრებოდნენ და ხელს გვიფათურებდნენ. მაშინ მე არ მახსოვს ამგვარი აქტიურობა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება ვიდეორგოლებს, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განსხვავებით სხვა კერძო ტელევიზიებისგან, საზოგადოებას სთავაზობს როგორც სოციალური რეკლამას, გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მიზანია შექმნას ისეთი განწყობა ქვეყანაში, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველას და ყველაფერს უსმენს.
„2 წლის წინ ვერავინ ვერ გაბედავდა „რუსთავი 2“-ში ამგვარი რეკლამის მიტანას. ამაზე ბევრად უფრო უწყინარი რეკლამის მიტანასაც კი. მიმტანასაც დააკავებდნენ და რა თქმა უნდა ეს რეკლამა, რა სახითაც დღეს „რუსთავი 2“-ში გადის, ვერ გავიდოდა. რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-საც უნდა შექმნას ისეთი განწყობა ქვეყანაში, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უსმენს ყველას და ყველაფერს.
თითქოსდა, არ ყოფილა ის 26 ათასი ვიდეოფაილი, რომელიც იმ ხელისუფლების პირობებში იქნა გადაღებული. თითქოსდა ჩვენ არ გვყვას შს მინისტრის მოადგილე, რომელიც ფარული ვიდეო-კადრების გადაღების და გამომზეურების შედეგად იყო განთავისფლებული და პასუხისგებაში მიცემული. თითქოსდა უმრავლესობაში და მთავრობაში არ არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც მუშაობენ მოსმენებთან დაკავშირებით კანონდმებლობაზე, რომელიც მალე დასრულდება.
სამაგირეოდ საკმაოდ გულღიად ხვდება იმ ადამაიანბეს, რომლებიც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ანთავსებენ ამგვარ რეკლამას. რასაც საკამოდ ინტენსიობით ატრიალებს „რუსთავი 2“. ამკვიდრებს იმ აზრს, რომ ახლა თურმე საჭირო ბრძოლა ფარული მოსმენების წინააღმდეგ. სწორედ, ამიტომ შეფუთა ეს რეკლამა სოციალური კუთხით ამ არხმა.
ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ს ეს განძრახვა არ გადაახდევინოს თანხა „ეს შენ გეხებას“ ორგანოზატოერებს რეკლამაში, კეთილი ნებიდან არ მომდინარეობს. არამედ, საკამოდ მერკანტელური პოლიტიკური ზრახვებიდან მომდინარეობს. რომელიც არ იფუთება და თვალში საცემია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სრულიად აბსურდული იქნებოდა საუბარი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების შედარებაზე.
„ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა სწორი საუბარი იმაზე, მაშინ რომ ხდებოდა და მაშინ რატომ არ შეიქმნა. ეს არის პრობლემის დაფარვის მცდელობა. დღეს არის საშუალება, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. დავუახლოვოთ ისეთს, რომელიც შეეფერება ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს. ისე უნდა დავალაგოთ კონსტიტუციურად, რომ ვერავინ შერ შეძლოს უკანონო მოსმენა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, აქ დიაგნოზი დასმულია. გასაგებია, რომ „რუსთავი 2“ გამომდინარე თავისი პოლიტიკური მიკერძოებულობიდან. ის, რაზეც ადრე არათუ თვალს ხუჭავდა, არამედ კონტრპროპაგანდას აწარმოებდა და ცდილობდა, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებები დაემალა. იგივე პრობლემატიკაზე დღეს მოწადინებულია, რომ წაახალისოს. ამაში ჩანს წინდა პოლიტიკური მიკერძოებულობა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.