"იმდენი ნაკლი გვაქვს გამოსასწორებელი, და იმდენად საჭიროა ამ ეტაპზე ერის და ბერის ერთიანობა, რომ წარმოუდგენელია დაპირისპირებით გავიკვალოთ ის გზა, რომელიც უსათუოდ გასაკვალია ღირსეული მომავლისთვის. უნდა შევეცადოთ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს არა რომელიმე პოლიტიკური ან იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ, არამედ ქვეყნის წინსვლის სურვილით. სამწუხაროდ, ქართული მედიაც არ უწყობს ხელს ამ დაძაბულ ვითარებაში საზოგადოების გაერთიანებას. დაკარგა ხიბლი იმ თოქშოუების ეპიდემიამ, პრაქტიკულად ყოველ საღამოს ხდება დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა. ეროვნული ერთიანობის აუცილებლობა მაფიქრებინებს შესაძლებლობაზე, გარკვეული მორატორიუმი გამოცხადდეს, თუნდაც თვენახევრის ვადით, ნუ წავეკიდებით ერთმანეთს, ნუ ვეცდებით სხვისი ლანძღვა-გინებით საკუთარი თავის გენიოსად წარმოჩენას. ჩვენივე შექმნილი ჭირი ვითმინოთ, მოვახერხოთ ღირსეულად გავიაროთ ივნისი და გული დავწყვიტოთ ჩვენი ერთიანობით არცთუ მცირე ჩასაფრებულ ჯგუფებს - როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ", - აცხადებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "ქართულ ოცნებას" პირველ ტურში არჩევნების მოგება გაუჭირდება"
"რაც შეეხება არჩევნებს, მოლოდინი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული იმრეალობისა, რომელსაც ვიხილავთ, რადგან არჩევნების ატმოსფერო მარტივად პროგნოზირებადი არ არის. უკვე მეორეხარისხოვანი თემა ხდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ შემოთავაზებული პერსონალიები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების თავკაცობისთვის. საარჩევნო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ინდივიდუალებმა დაკარგეს თავისი აქტუალურობა, რადგან პოლიტიკური ჯგუფების იმდენად მკაფიო და მძაფრი დაპირისპირებაა, იმდენად ჩაფლულები ვართ ჯერ კიდევ წარსულში, პერსპექტივის ხედვა გვიჭირს. ისედაც უდიდესი გამოცდაა ქვეყნისთვის, სადაც ათასობით ადამიანი უნდა იქნეს არჩეული ერთ დღეს და თუ 25 ათასი ასარჩევი გვყავს და აირჩევა 15 ივნისს, მერწმუნეთ, 16 ივნისს 250 ათასს მაინც ექნება ნეგატიური განცდა საკუთარი სამშობლოს მიმართ - ჩათვლის, რომ ის უსამართლობის მსხვერპლია და სიტუაციის დალაგებას არაერთი კვირა დასჭირდება. ამიტომ ვცდილობდი, დამერწმუნებინა ხელისუფლება, რომ ჯობდა არჩევნები ჩატარებულიყო ოქტომბერში - როდესაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ხელმოწერილი იქნებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"მთლიანად ოპოზიციამ ამ 25 ათასიდან 5 ათასიც რომ გადაინაწილოს უკვე შედეგია, მაგრამ ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში მათი გამარჯვებების წილი უფრო მეტიც იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მოლოდინის სამართლიანობისა ჯერ კიდევ არსებობს. რაც კი ნაღმი იყო სამართლიანობისა, ის უკვე ჩადებულია არსებულ კანონში, რომლIტაც ჩატარდება ეს არჩევნები და ვგულისხმობ საკრებულოების უფლებას მერების გადაყენების შესახებ - სრულიად ცინიკურია არგუმენტაცია ასეთი მუხლის შეტანის, როდესაც ბრძანებენ, რომ ხალხმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, აირჩიოს ისეთი მერი, რომელმაც ვერ გაამართლოს. თუ მერის არჩევა შეეშალა ხალხს, ეს საკრებულო ვიღასი არჩეულია, რომელსაც მერის მოხსნის უფლება ეძლევა? თუ ეს ხალხის ცდება, რაღაზე უნდა დარჩეს ადგილზე საკრებულო? სამართლიანი ის იქნებოდა, რომ საკრებულო თვითონაც ავტომატურ რეჟიმში გადადგეს იმავ წუთს და და დაინიშნოს ახალი არჩევნები ამა თუ იმ ქალაქში", - განაგრძობს ექსპერტი
"ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" გამარჯვება ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იქნება. სენსაცია იქნება ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის პირველობა, რისი მოლოდინიც არ მაქვს. მაგრამ არსებობს რეგიონები - რაიონები და ქალაქები, სადაც შეიძლება ოპოზიციის წარმატება დაფიქსირდეს და ამის შემდეგ ხელისუფლების ქმედების მიმართ უნდა იყოს გაათკეცებული ყურადღება, რომ არ მოხდეს რამე ცვლილებების შეტანა შედეგებში მხოლოდ "ასე მინდას" პრინციპით. ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მრავალპარტიულობა იქნება წარმატება. წარმატებად მიმაჩნია მეორე ტურის არსებობაც სხვადასხვა რეგიონში, რადგან რაც უნდა შფოთავდნენ მეორე ტურის პერსპექტივით ხელისუფალნი, ძველნი თუ ახალნი,, მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ 52%-იათ არჩეული მერი ჯობია და უფრო სარწმუნოა ყველა ჩვენი საზღვარგარეტელი მეგობრისთვის, ვიდრე 96%-ით არჩეული. ნუ შეეშინდებათ მეორე ტურის, ნუ შეეცდებიან პირველსავე ტურში მიჯირყვნონ ყველანი. ნურც იმაზე იდარდებენ, ვიდრე ქვეყანა არ დალაგდება რა წესით უნდა იქნაა არჩეული 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ახალი პრეზიდენტი", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.