რატომ არ აწყობს ხელისუფლებას დათა ახალაიას ექსტრადირება და როგორ აპირებენ ქართველი კრიმინალები მის ,,გასამართლებას'

რატომ არ აწყობს ხელისუფლებას დათა ახალაიას ექსტრადირება და როგორ აპირებენ ქართველი კრიმინალები მის ,,გასამართლებას'

ექსკლუზიური ინტერვიუ საბერძნეთში მყოფ ქართველ ,,ავტორიტეტთან'

ახალ ხელისუფლებას უცნაური რამ სჭირს. მაშინ, როცა საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება დათა ახალაიას საქმესთან დაკავშირებით, ეს თემა ტელეეთერიდანაც გაქრა და თითქოს, ბეჭდვური მედიაც გაჩუმდა. არადა, დათა ახალაია სწორედ ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, რომლის დაკავებასაც აგერ უკვე მერამდენე წელია ითხოვს საზოგადოება და დარწმუნებულია, რომ მისი გისოსებსმიღმა ჩასმა, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იქნება. ახლა არ ვაპირებთ მტკიცებას, დამნაშავეა თუ არა დათა ახალაია, რადგან ეს სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ამ თემის მიჩუმათება ბევრ ეჭვს ბადებს. ,,ვერსია' შეეცადა, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია საბერძნეთიდან, ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მოეპოვებინა. ცნობილია, რომ ელადა კარგა ხანია ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა. იქაურ ხელისუფლებასაც, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აქვს ანთებული, რადგან ქართველი ,,ავტორიტეტები' საბერძნეთში საკუთარი კაპიტალით არიან ჩასულები და პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, იქაურ ეკონომიკაში სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ. რა ხდება დღეს საქართველოში, რატომ ადანაშაულებენ (?!) ქართველი კრიმინალები დღევანდელ ხელისუფლებას უმოქმედობაში და რას აპირებს თავად დათა ახალაია? ,,ვერსიას' საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,ავტორიტეტი' ესაუბრება.      

- ოფიციალური ინფორმაციით, დათა ახალაია მაშინ დააკავეს, როცა საბერძნეთიდან იტალიაში ცდილობდა ყალბი პასპორტით გადასვლას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?              

- დათა ახალაია დიდი ხანია ყალბი პასპორტით მოძრაობს. ახლა, მგონი, ურუშაძის სახელით დაიჭირეს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი საბუთი, რომელიც აქვს. რამდენიმე თვეა დავდევთ და თურქეთიდანაც იმიტომ წამოვიდა, რომ მივაგენით. ხელისუფლების არ ვიცი, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ოჯახურმა კლანმა გაამწარა, ახალაიებს განაჩენი უკვე გამოუტანეს და სწორედ ამ განაჩენს დაემალა ციხეში ბაჩო ახალაიაც.                

- თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ დათა ახალაიას სხვა ყალბი საბუთებიც აქვს?           

- რამდენიმე თვეა დავდევთ. თვეში მინიმუმ ერთხელ საფრანგეთში მიფრინავდა, სადაც მეუღლეს ხვდებოდა... ახლა არ მითხრათ, ხელისუფლებამ ეს ამბავი არ იცოდაო. ვერავინ დამაჯერებს, რომ არ იცოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ არ იჭერდნენ _ კაცს წითელი ცირკულარით ეძებენ, ამ დროს კი მისი ოჯახის წევრი, კონკრეტულად კი მეუღლე, თვეში ერთხელ საფრანგეთში დაფრინავს. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც გაყოლოდა ვინმე და გაეგო, რა უნდა ამ ქალს საფრანგეთში? დარწმუნებული ვარ, გაყვა კიდეც და იცოდნენ ეს ამბავი. უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეს _ საფრანგეთს ყველაზე რთული სასამართლო სისტემა აქვს, იქიდან ადამიანის ექსტრადაცია უდიდესი პრობლემაა და საქართველოს ხელისუფლებას ამიტომაც არ სურდა, ახალაია საფრანგეთში დაეჭირათ.              

- ცოტა საეჭვო ისტორიას ყვებით?         

- რა არის საეჭვო? ის, რომ ახალაია, თოფურიძე და მაგათი ,,სასტავი' რამდენიმე თვე რიზეში იყვნენ, ოჯახის წევრები იქ აკითხავდნენ და ეს არავინ იცოდა? სისულელეა ეს. არ უნდოდათ და არ იჭერდნენ.             

- თუ თქვენ იცოდით ახალაიას მარშრუტი და დასდევდით კიდეც, რატომ ვერაფერი იღონეთ?          

- ჩვენ არ გვინდა ახალაიების დახოცვა, ეს ძალიან მარტივია. ისინი უნდა დაიტანჯონ ზუსტად ისე, როგორც ტანჯავდნენ ადამიანებს. მათ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც თავად ექცეოდნენ სხვებს. რამდენიმე ჩვენება გავრცელდა, რომლებშიც ადამიანები ყვებიან, როგორ აუპატიურებდნენ, სცემდნენ, სულში აფურთხებდნენ... არიან ისეთებიაც, ვინც ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, მაგრამ ვიცით, რომ ისინი უარეს დღეში ჰყავდათ ახალაიებს. სწორედ მათ უნდა გადასცენ ახალაიები და ისინი მოუწყობენ სასამართლოს. გული როგორ არ გერევათ, როლანდ ახალაიას რომ უყურებთ ყოველდღე და ,,ბლატაობს' პარლამენტში, მაგარი კაცი ვარო? მეტის ღირსები არიან, დედას რომ არ აგინებს, ეგ მიკვირს, მაგრამ, თუ ასე გააგრძელეს, მალე მაგასაც დაიწყებენ. ახლა არჩევნები მოვიდა და შეფუცხუნდნენ ბიჭები, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
           
- არჩევნები რა შუაშია?           

- ყოველი არჩევნების წინ, წინა ხელისუფლებაც და ახალიც, კრიმინალურ სამყაროსთან ვაჭრობს. დახმარების სანაცვლოდ რაღაცას გამოდის და ის ,,რაღაც', ძირითადად, ჩვენი ძმების თავისუფლებაა. ახლაც მიდის ვაჭრობა ამ თემაზე, მაგრამ არაფერი გამოვა. ჩვენ უკვე რამდენჯერმე მოგვატყუეს.         

- ვინ მოგატყუათ?     

- წინა ხელისუფლებამაც და ახალმაც. ისე, როგორ გგონიათ, ყველა რომ გაიძახის, საბერძნეთი ქართველი კრიმინალებით გაივსოო და აქაურები ყურებს არ იბერტყავენ, რისი ბრალია? - ათი ათას კაცზე მეტს რომ დაასაქმებ, ნებისმიერი მთავრობა დაგიცავს. ჩვენ აქ ხალხს ვასაქმებთ, ბიზნესი გვაქვს, სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. როგორ გგონიათ, აბა, ვქურდობთ და ვძარცვავთ?! პირიქით, საქმეს ვაკეთებთ. საქართველოშიც გვქონდა მცდელობა, გავაკეთეთ ბიზნესი, ახალმა ხელისუფლებამ თავიდან ტაში დაგვიკრა, მაგრამ მერე აწყობილი საქმე წაგვართვა.            
- ასე საუბარი იოლია... რა ბიზნესი დაიწყეთ საქართველოში, დააკონკრეტეთ.             

- ერთ-ერთი უმსხვილესი სათამაშო ბიზნესი. მეტი რა გითხრა?!            

- მართალია, რომ ახალაიას ციხეში არ ასვენებთ?         

- დათამ მაშინ თქვა, ვინც იყო, როცა იგრძნო, რომ შესაძლებელი იყო მივწვდომოდით. მშვიდად ელოდა ვითარების გარკვევას და იმედი ჰქონდა, რომ დეპორტის ნაცვლად, გაუშვებდნენ. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ ციხეზე უნდა გადაეყვანათ და სწორედ მაშინ ჩაუვარდა სამართალდამცავებს მუხლებში, დათა ახალაია ვარ და ციხეზე ქართველები მომკლავენო. არადა, მართლა არ მოკლავდნენ, ზუსტად ისე მოექცეოდნენ, როგორც თავად და თავის ძმა ექცეოდა პატიმრებს.            

- ახლა რა ხდება?         

- რა უნდა ხდებოდეს? ეს ხელისუფლება ექსტრადიციას ფიქრობს, მაგრამ არ გამოუვა იმიტომ, რომ უნიათოები არიან და მეორე ახალაია არ აწყობთ ციხეში. ნაციონალები მთელ ამბავს ატეხენ - ოჯახის წევრებზე დევნააო და ევროპელებსაც არ სჯერათ, რომ ერთ ოჯახში სამი ჯალათი ცხოვრობდა. ეს მარტო ქართველებმა ვიცით და სწორედ ამიტომ, ახალაიები ჩვენ უნდა დავსაჯოთ და ევროპას ცხვირი არ ჩავაყოფინოთ.           

- ახლა სად არის დათა?          

- ცალკე ჰყავთ, ყველასგან იზოლირებულად. იმეორებ, მაგის ლიკვიდაცია არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ გვჭირდება. ის სხვანაირად უნდა დაისაჯოს.          

- ამბობთ, საბერძნეთში ხალხს ვასაქმებთო. რა ბიზნესი გაქვთ მანდ?            

- ბოლო ერთ წელიწადში ქართველებმა აქ ორი ქარხანა გახსნეს. აღარ ვსაუბრობ რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესზე. იგივეს გაკეთება საქართველოშიც შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებას ხომ არ სურს კრიმინალების ფული? ჰოდა, სადაც სურთ, იქ ვხარჯავთ.