ექსპერტ კახი კახიშვილის სკანდალური პროგნოზები

ექსპერტ კახი კახიშვილის სკანდალური პროგნოზები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევარი რჩება. პარტიებმაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყეს. რამდენად თანაბარ გარემოში უწევთ პოლიტიკურ ძალებს სასურველი თანამდებობისთვის ბრძოლა და ვის აწყობს არჩევნებამდე გადატრიალებებზე ინფორმაციების გავრცელება? რატომ გამოჩნდა ყოფილი პრემიერი ,,ქართული ოცნების' პოლიტსაბჭოს შეხვედრასა და კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე? ,,ვერსიასთან' მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი კახი კახიშვილი აფასებს.   


- ,,ქართული ოცნება' ხელისუფლებაში შემდეგი ლოზუნგით მოვიდა _ ნაციონალური მოძრაობა არაადამიანურ პირობებში გაცხოვრებდათ და ამას ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ბოლოს მოუღებსო. მოსახლეობაშიც შესაბამისი მოლოდინი გაჩნდა. ფასადური და მინიმალური საკითხების გაუმჯობესებას, ასევე კანონმდებლობაში წინადადებების ჩასწორებას კი არა, სხვადასხვა მიმართულებით  ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას ელოდნენ. ,,ქართულ ოცნებას' საარჩევნო კოდექსში ისეთი კონფიგურაციები უნდა შეეტანა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მხოლოდ ამომრჩევლის ხმის მოპოვებისთვის ბრძოლის განცდა ჰქონოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. რეალურად, პოლიტიკურ პარტიებში გაჩნდა განცდა, რომ ისევ თამაშებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებში უნდა ჩაერთონ, რათა ავად თუ კარგად, საარჩევნო ბარიერის გადალახვა და რამე კონკრეტულ ადგილზე გასვლა მაინც მოახერხონ.  

- არასაპარლამენტო ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ გაერთიანებაც კი ვერ მოახერხა და იქნებ სწორედ მათივე პოლიტიკური სისუსტის შედეგია, რომ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ?  

- თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ' საზოგადოებას უამრავი თანამდებობის პირის პირდაპირი არჩევის წესი შესთავაზა, თუმცა ეს იმ ვითარებას ჰგავს, ღარიბი ადამიანი სუპერმარკეტში შეიყვანო და უთხრა _ რაც გინდა, იყიდეო. სამწუხაროდ, საქართველოში სახელისუფლო პარტია ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაშია. ადმინისტრაციულ რესურსს რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობას სახელისუფლო კანდიდატის მხარდასაჭერად მეტი მოტივაცია აქვს. ნაციონალურ მოძრაობასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები აქვს, რადგან ცხრა წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდებოდა. თანაც ამ პოლიტიკურ ძალას იმდენად მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, რომ თოვლსა და წვიმაშიც საარჩევნო უბნებში მისასვლელად მზად არიან. შესაბამისად, ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ არჩევნებში ყველაფერს ამომრჩეველი კი არა, პოლიტიკური კონფიგურაცია და ბერკეტები განსაზღვრავს. როგორც ადრე ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი წყვეტდა, დღესაც პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ადამიანის ხელთაა, რომელსაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.  

- ანუ კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომასა და წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ ცერემონიაზე ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნების' რეიტინგის მოსამატებლად გამოჩნდა?  

- ეს ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიაა, რათა, თუ ვინმეს დაავიწყდა, გაიხსენოს, რომ ,,ქართული ოცნება' ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს არ სურს, წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირი წესით ჩაერთოს და, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებამდე აკეთებდა, გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, კოალიციის ამჟამინდელ კანდიდატებს ხელი ჩაკიდოს და ხალხში გავიდეს. უბრალოდ, მოსახლეობას უქმნიან წინაპირობას _ წადი არჩევნებზე და ,,ქართულ ოცნებას' ხმა ბიძინას ხათრით მაინც მიეციო. ზოგადად, კოალიციაზე ბიძინა ივანიშვილს იმდენად დიდი გავლენა აქვს, სხვა ქვეყანაშიც რომ გადავიდეს და განცხადება იქიდან გააკეთოს, ხელისუფლებისთვის მაშინვე იქცევა მოქმედების მკვეთრ ინსტრუქციად. ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წევრებისთვის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა, რადგან მხოლოდ მას აქვს ბერკეტი, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სასურველი პირებით ჩაანაცვლოს.  

- თქვენც ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ალბათობა რეალურია?  

- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოდესმე დაბრუნდეს. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, არსად წავიდოდა. იგი ვერც წარმოიდგენდა, პატარა ქვეყნის მართვა ასეთი რთული თუ იქნებოდა. საქართველოს ძალიან ბევრი ვალდებულება გააჩნია, ამიტომ მასაც ისეთი საკითხების გადაჭრა უხდებოდა, რისი სურვილიც დიდად არ ჰქონდა, თუმცა პოლიტიკიდან მისი წასვლა, არ ნიშნავს, რომ სახელისუფლო მართვას მთლიანად გამოეთიშა. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პირადად მასთან წყდება.  

- ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადებაც შეაფასეთ - რატომ საუბრობს პრემიერი ჭორებსა და მოღალატეების დასჯაზე, ეს მისი მხრიდან პრევენციაა?  

- ,,თბილისურ მაიდანსა' და ოთხი მინისტრის ღალატზე საუბარი, როგორც ,,ქართულ ოცნებას', ისე ნაციონალურ მოძრაობას აწყობს. ,,ქართულ ოცნებას' სურს, მოსახლეობას შეუქმნას ერთგვარი შიშის განცდა, რომ შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში სხვადასხვა კონფიგურაციით დაბრუნდეს, ამიტომ არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოდით და მხარი დაგვიჭირეთო. სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების' მხარდასაჭერად მოსახლეობას დღეს სხვა მოტივაცია არ აქვს. მათ მიერ უხვად გაცემული დაპირებების დიდი ნაწილი არ შესრულდა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი მსგავსი ინფორმაციების სპეკულირებით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობენ - ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს და არაფერი წაგვიგია, ასე რომ, სხვა პარტიებში გადაბარგება არ დაიწყოთ, შეიძლება ხელისუფლებაში დავბრუნდეთო. ეს კარგად შეთამაშებული ტექნოლოგიაა, რომელსაც ორივე ძალა სათავისოდ შესანიშნავად იყენებს. უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითხს საჯაროდ მხოლოდ იმიტომ გამოეხმაურა, რომ პროცესი უკონტროლო არ გამხდარიყო და ,,ქართული ოცნების' ამომრჩეველს მართლაც არ ეფიქრა, ნაციონალურ მოძრაობაში კავშირები ხომ არ ვეძებოო. დაახლოებით იგივე ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, როცა ხმები ვრცელდებოდა, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, სააკაშვილი მინისტრთა კაბინეტს სრულად დაითხოვსო. ყველამ კარგად იცოდა, სააკაშვილს ამის გამბედაობა არ ჰქონდა, უბრალოდ, ზოგიერთებს აფრთხილებდნენ, რაც გაქვს, დაჯერდი და ზედმეტი არ მოითხოვოო.   

- გუნდში მოღალატეებზე საუბრისას, განსაკუთრებული სიხშირით ირაკლი ალასანიაზე კეთდება აქცენტი. თუ ჭორების ავტორი ,,ქართული ოცნებაა', თავდაცვის მინისტრის მოსაშორებლად ფონი მზადდება?  

- ირაკლი ალასანია კოალიციაში ასოცირებული ლიდერი იყო, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდა, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე განვიხილავო. რამდენიმე თვეში კი, ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ - კოალიციაში რეალური განხეთქილებაა. ეს პროცესი ბუნებრივიცაა. ეს გაერთიანება იმდენად ეკლექტურია, ყველა პოლიტიკური სუბიექტის ერთ პოზიციაზე ყოფნა შეუძლებელია. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე, მათი უმრავლესობა ერთმანეთს არც კი ესალმებოდა. უბრალოდ, ახლა თითოეულ მათგანს კარგად ესმის, რომ შექმნილ ვითარებაში კოალიციის დაშლა მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერსპექტივა აერთიანებს, ამიტომ ,,ქართულ ოცნებაში' მანამ იქნებიან, სანამ რომელიმე პარტიას არ გაუჩნდება განცდა, რომ დამოუკიდებლად თუნდაც წარმომადგენლობით ოპოზიციური ძალა გახდა. თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციაში გადანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება.  

- იქნებ ეს პროცესი უკვე დაწყებულია? პრემიერის მიერ დასახელებული მერობის 12 კანდიდატი, ,,ქართული ოცნების' წარმომადგენელია.    

- რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე მხოლოდ მისთვის სანდო პირებს ნიშნავს და კოალიციაში შემავალ დანარჩენ პარტიებს ეტაპობრივად იცილებს. პარტია ,,ქართულ ოცნებას' კი არ აქვს სურვილი, კვოტები ამ გაერთიანებაში შემავალ სხვა პოლიტიკურ ძალებს დაუთმოს. დარწმუნებული ვარ, მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი კოალიციაში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუმცა ამაზე საუბარს დღეს ვერ ბედავენ. კარგად იციან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის სიმპათიით სარგებლობს, ამიტომ მისი განაწყენება ავტომატურად ყოფილი პრემიერის გაბრაზებას ნიშნავს.