„ცოტაღაა დარჩენილი, პასპორტები მოგვთხოვონ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე“

„ცოტაღაა დარჩენილი, პასპორტები მოგვთხოვონ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე“

„ქართულის სწავლა და განათლების მიღება არეული გვაქვს  ერთმანეთში. სკოლაში მასწავლებლების 80% ქართველია და აზერბაიჯანული არ იციან, აზერბაიჯანელმა ბავშვებმა კი ქართული არ იციან. მათ გაკვეთილებს რომ დაესწროთ, ნახავთ, როგორი სასაცილოა, მაგრამ ჩვენთვის ეს სატირალია“, - ამბობს კაზანფარ მამედოვი. იგი საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს და სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მამედოვი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სკოლებში გახსნილმა ქართულმა სექტორებმა არ გაამართლა და მოქმედმა მთავრობამ უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სწავლების სისტემა უნდა შეცვალოს.

„ახალმა მთავრობამ ხომ დაინახა, რომ არ გაამართლა, შეცვალონ. ჩემი ორი შვილი სწავლობს ქართულ სექტორში მე-5 და მე-7 კლასში არიან, ვერც ქართული ისწავლეს და ვერც განათლება მიიღეს“, - ამბობს კაზანფარ მამედოვი.

საქართველოს რეგიონების ცალკეულ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყნის სხვა სოფლების მცხოვრებთა მსგავსად ბევრი სხვა პრობლემაც აწუხებთ.

ლამბალოსა და კიდევ 20 სხვა სოფელი ამჯერად კონკრეტული პროექტის ფარგლებში შეირჩა. „უმცირესობის ხმები ცვლილებებისთვის“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც „რეგიონის განვითარების ცენტრი“ და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მათი მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურება და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში  ჩართვაა.

საგარეჯოს რაიონის კიდევ ერთი სოფლის, იორმუღანლოს მცხოვრები, ანარ რასულოვი კი for.ge-სთან საუბრისას ყურადღებას სოფელში არსებულ ისეთ პრობლემებზე ამახვილებს, როგორებიცაა: უწყლობა, უგზობა და საძოვრების სიმწირე.

„სოფელს არ აქვს საძოვარი, სახნავი მიწა, წინა ხელისუფლების დროს დიდი ფართობები გაიყიდა. საძოვარი არ გვაქვს. სოფლელს არ აქვს უფლება, 2 ძროხა შეინახოს, 1000 კვადრატული მეტრი მიწაც არ აქვს გლეხს. პრობლემაა უგზობაც. წლებია, ეს პრობლემა არ გვარდება. სოფელში 6 ათასამდე მაცხოვრებელია და გზის პრობლემა მუდმივად გვაწუხებს. სარწყავი წყალი არ გვაქვს, არ არის საბავშვო ბაღი. გამგებელსა და მაჟორიტარს ხშირად ვხვდებით და იციან ჩვენი პრობლემების შესახებ, მაგრამ ალბათ ფინანსური პრობლემა უშლის ხელს ამ საკითხების მოგვარებას“, - ამბობს ანარ რასულოვი და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სოფლის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი თანხა მწირია და  პრობლემების მოგვარების საშუალებას არ იძლევა.

საგარეჯოს მცხოვრებლები ყვებიან, რომ სოფელში, სადაც მესაქონლეობა შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, საძოვრების პრობლემა წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, როცა  ინგლისის მოქალაქე ირანელმა 5300 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინა.

„წინა ხელისუფლებამ გაყიდა ჩენი სოფლის მიწები. ახალი ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ მიწებს დააბრუნებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. ათასობით ჰექტარი მიწა მონიშნული აქვთ და იქით რომ გადავდივართ, ცოტაღაა დარჩენილი, პასპორტები მოგვთხოვონ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე“, - ამბობს კაზანფარ მამედოვი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა აბულაძე ადასტურებს, რომ საგარეჯოში 5300 ჰექტარი მიწის გასხვისების საკითხი ხელისუფლებისთვის ცნობილია.

„ამ მიწების საკითხი ადგილობრივებმა გასულ წელს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დასვეს და მისი  შესწავლა ნამდვილად მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა აბულაძემ. მან სოფლის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამის თანხებს სოფელი სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ხარჯავს და ხშირად, ისე ხდება, რომ ბავშვებისთვის სტადიონის მოწყობაზე პრიორიტეტული სოფლისთვის სასაფლაოების შემოღობვა ხდება, მაგრამ ეს ხალხის გადასაწყვეტია და მათ ნაცვლად პრიორიტეტს სხვა ვერ განსაზღვრავს.

პროექტ „უმცირესობების ხმები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში მოსახლეობის პრობლემების კვლევა აღმოსავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის 21 სოფელში მიმდინარეობს.

„რეგიონის განვითარების ცენტრის“  აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სოფლებში ერთ-ერთი პრობლემა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოსახლეობის კომუნიკაციაცაა.

„პრობლემები რაც სოფელს აქვს, მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით ვერ წყდება და ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, ასეთია მაგალითად, - ამბულატორიული, განათლების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა“, - აცხადებს ლიზა სოფრომაძე და მიიჩნევს, რომ მოსახლეობის აქტიურობა პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე კი For.ge-სთან განმარტავს, რომ მის მუნიციპალიტეტში  მოსახლეობის 40% აზერბაიჯანელია, თუმცა, ეთნიკურ უმცირესობას არც ენობრივი ბარიერის და არც რამე სხვა მიზეზის გამო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.

„ჩვენს რაიონში კომუნიკაციის პრობლემა არ არის.  ჩემს კაბინეტში შეხვედრები მუდმივად იმართება. ვხვდები სოფლის რწმუნებულებს. თავადაც ხშირად ჩავდივარ სოფლებში, ვესაუბრები ადგილობრივებს, პირადად ვეცნობი საოფლების პრობლემებს და სოფლის პროგრამის მიმდინარეობას“, - აცხადებს გიორგი ლოლაძე და აღნიშნავს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული 7 სოფელია და ამ სოფლების ერთ-ერთი პრობლემა სარწყავი წყლის მიწოდების საკითხიცაა, რომლის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში შეხვედრები მაისშიც გაგრძელდება და ადგილობრივებს ინფორმაციას თვითმმართველობის რეფორმასა და 15 ივნისისთვის დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებითაც მიაწვდიან.