"ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც უმცირესობები ჩაგვრისაგან უნდა დაიცვას, დიდი ფობიის და კონფრონტაციის საგანი ხდება. გუშინ საპარლამენტო კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა იქ დამსწრე სამღვდელოების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გუშინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის ხმაურიანი განხილვაზე სასულიერო პირებმა და კლესიის მხარდამჭერებმა პარლამენტარებს თითი დაუქნიეს - "ჭკუით ყოფნა" უსურვეს და თუკი კანონპროექტის უკან გაწვევა არ მოხდება, ინიციატივის წინააღმდეგ "მთლიანად საქართველოს" გამოსვლაც დაანონსეს. "ეკლესიასთან და ხალხთან დაპირისპირება დღევანდელ ხელისუფლებას არ წაადგება," - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სხდომის დატოვების წინ. საგულისხმოა ის, რომ კანონი, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებლი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად გულისხმობს, საპატრიარქოსთვის, დეპუტატთა და საზოგადოების რაღაც ნაწილისთივს რატომღაც მხოლოდ სექსუალური უმცირესობების დაცვის კანონად იქნა მიჩნეული და დიდი ვნებათაღელვაც და შეუპოვარი კრიტიკაც სწორედ ამ ერთი თემის ირგვლივ წარიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ეკლესია "ოცნებას" ღია დაპირისპირებით ემუქრება / ვნებათაღელვა ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო.
"საპატრიარქო და მორწმუნე საზოგადოების ნაწილი პარლამენტში კანონის განხილვის შეჩერებას კატეგორიულად ითხოვენ. ასევე კატეგორიულია კანონის მიღების მომხრეები - პარლამენტართა უმეტესობა და არასამთავრობო სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოები დაჯარიმების შესაძლებლობის ამოღების გამო მმართველ ძალას კანონის გაუფასურების გამო აკრიტიკებენ, დღეს კანონის მიღებას უკვე პრინციპულ საკითხად მიიჩნევენ. "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონში საპატრიარქოს და მისი მომხრეების მწვავე პროტესტს ანდიდისკრიმინაციულ კანონში სიტყვები - "სექსუალური ორიენტაციია" და "გენდერული იდენტობა" იწვევს.არასამთავრობოების კრიტიკის საგანი კი თავდაპირველი პროექტიდან მე-5 მუხლში შეტანილი ცვლილებებია. მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან, სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და პროცედურული გარანტიები. საბოლოოდ რა სახეს მიიღებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი, ჯერ კვლავ უცნობია, თუმცა განხილვის პროცესი უკვე დიდი ვნებათაღელვით მიმდინარეობს", - აღნიშნავს გამოცემა.
"დეკანოზი დავით ისაკაძე იმ დეპუტატებს, ვინც დოკუმენტს მხარს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფორმით დაუჭერენ, ანათემით დაემუქრა. სხდომაზე სიტყვით გამოსულმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ კი განაცხადა, რომ ვინც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, "უზნეო ადამიანია". "თქვენ როცა მოდიოდით, "ქართულ ოცნებას", უმრავლესობას გეკითხებით, ქალბატონ მანანას, ქალბატონ ეკას, თქვენ სულ ყველა, როცა მოდიოდით, დაპირებებში რომ გეთქვათ, ჩვენ მივიღებთ ამ კანონებს, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას? მიპასუხეთ! გეკითხებით! ეს არის უზნეობა და ვინც ხელს მოაწერს ამ კანონს, იცოდეთ, რომ უზნეო ადამიანები იქნება სულ ყველა და მეორე, გაუგებარი თანხებით რომ იკვებებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდან მოდის, ეს კარგად ვიცით, ერთი ფული გადაგიხადონ და... წადით სოდომ-გომორში, (ნახეთ) რა ხდება - დღესაც ცეცხლი უკიდია იმ მიწას, რომელსაც სოდომი და გომორი ჰქვია, იმიტომ, რომ თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ბიბლიაში წერია და ჭკუით იყავით თქვენ ცოტა!" - მიმართა კანონმდებლებს დეკანოზმა.
"საპატრიარქოს მოწოდებას მხარს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და გიორგი ახვლედიანი უჭერენ, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ახვლედიანი ერთგვარი მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს - "თუკი კანონპროექტის უკან გაწვევა არ მოხდება, ინიციატივის წინააღმდეგ მთლიანად საქართველო გამოვა." ჯონდი ბაღათურია კი აცხადებს, თუკი კანონპროექტის განხილვას არ გადადებენ, კონფრონტაციის მოსახსნელად ოთხი სიტყვა მაინც ამოშალონო. ეს 4 სიტყვა კი არის "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა". პარლამენტში იმყოფებოდნენ სასულიერო პირები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ანტიდისკრიმინაციული პაკეტის საფუძველზე პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს", - განაგრძობს გამოცემა.
"პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ "ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით" არანაირი ამორალურის პროპაგანდა და წახალისება არ ხდება და კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ ჩაგვრა მიუღებელი და დაუშვებელია. "ამ კანონში საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ჩვენ შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ," - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი და დასძენს - "იმ შემთხვევვაში, თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, მე ჩემს მანდატს დავთმობ."
"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ მას ჯერ არ გაუაზრებია და არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა ამ კანონს მხარს, თუმცა ამბობს იმას, რომ ქართველების მორალური კოდექსებიდან გამომდინარე, ყველაფრის კანონში გადატანა აუცილებელი არ არის. "ჯერ ფიქრებში ვარ. ადამიანის დაჩაგვრა, ვინც უნდა იყოს ის, უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, ჩემთვის მიუღებელია. თუ ვიღაცას რამეს დაუშავებ, ამას კანონი ხომ ისედაც სჯის... ახლა რისი საფრთხეებიც არსებობს და რაზეც საპატრიარქო ლაპარაკობს, ეს ასეა და ყველას თავისი ტვირთი და თავისი აზრი აქვს. ასეთები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. ადამიანი სახლში რას აკეთებს, ეგ არავის საქმე არ არის. უბრალოდ ჩემთვის გამაღიზიანებელია, როდესაც ამის აფიშირება ხდება. გენიოსი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაიჭირეს, იცით, რაზეც. გათავისუფლების შემდეგ ის არც ერთმა კინოსტუდიამ სამუშაოდ არ მიიღო. რეზო ჩხეიძემ მოჰ-კიდა ხელი ფარაჯანოვს და ჩამოიყვანა. თუმცა წესი იყო და ფილმის გადაღების უფლება რომ მიეცათ და რაიმეში რომ არ მოდავებოდნენ, მეორე რეჟისორი უნდა დაეყენებინა. ნახეთ, რა ტოლერანტები ვართ, ჩხეიძემ ფარაჯანოვს მეორე რეჟისორად დოდო აბაშიძე დაუყენა. ასე რომ, ჩვენ ის ერი ვართ, ვინც არავის არაფერს უშავებდა. კანონს სერიოზული გააზრება უნდა და ვისურვებდი, რომ ცოტა ხანი გვეფიქრა", - ამბობს ჯაჭვლიანი.
"პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე აცხადებს, რომ ის კანონს მხარს დაუჭერს, იმიტომ, რომ "ეს კანონი ეხება ტრაგიკულ პიროვნებებს და ჩვენს დამოკიდებულებას ამ ადამიანებისადმი." "ეს კანონი ეხება განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც ღმერთმა ასეთნაირად გააჩინა და გარდაქმნა არ შეუძლიათ. ასევი კაცი შეიძლება ნიჭიერი იყოს. ისტორიიდან ამის ბევრი მაგალითი ვიცით. ასეთი ეჭვები იყო მიქელანჯელოზე, ჩაიკოვსკიზე, ქართველ ხელოვანებს არ დავასახელებ. ასეთ ადამიანებს ხომ ვერ ვეტყვით, წადით, კისერი იტეხეთო?! ასეთი ადამიანის მიმართ დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს და მე ამ კანონს ხმას მივცემ. ერთი წუთით რომ ვიყო დაეჭვებული, რომ აქ ჩადებულია ჰომოსექსუალობის პროპაგანდა ან მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, არავის ხათრით ხმას არ მივცემდი," - ამბობს კიღურაძე.