[ნინო მიქიაშვილი]
მიმდინარე წლის 3 მარტს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის (პიკო-ს) სხდომაზე, ადვოკატ ვარლამ ბალხამიშვილის საქმეს განიხილავენ, რომელსაც 12 თებერვალს პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
ეს ინფორმაცია პიკო-ს მიაწოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, რომელიც მომხდარს აფასებს, როგორც ადვოკატთა ინსტიტუტზე მორიგი თავდასხმის ფაქტს. როგორც ასოციაციის ვებ-გევრდზეა მითითებული, 15 თებერვალს ასოციაციამ პროკურატურას მიმართა და ვარლამ ბალხამიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პოლიციის მუშაკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა, მაგრამ პროკურატურას ამ ეტაპზე გამოძიება არ დაუწყია.
იმაზე, თუ რა მიზეზით მიაყენეს ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ როგორ დააჯარიმეს, თავად ვარლამ ბალხამიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც შევხვდით და ვესაუბრეთ.
რა მოხდა 12 თებერვალს, როგორ, სად და რატომ გაგაჩერათ პოლიციამ?
ვარლამ ბალხამიშვილი: 12 თებერვალს, მეგობართამ ერთად მივდიოდი გლდანის მეექვსე მიკრორაიონში; დაახლოებით ოთხი, ხუთი საათი იქნებოდა. მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირი მოვიდა და გვითხრა, ”განყოფილებაში წამობრძანდით”-ო, რაზეც მივუგე - ვინ ხართ და რა გნებავთ-მეთქი. ”თანამშრომელი ვარ”-ო, - მიპასუხა. - კი ბატონო, მაგრამ თუ თანამშრომელი ხართ, საბუთი წარმოადგინეთ-მეთქი, - ვუთხარი.
ჯიბეები მოისინჯა და ”საბუთი არ მაქვს, მანქანაში დამრჩა”-ო. - მიდით და აიღეთ! საბუთი თუ არა გაქვთ, რატომ მაჩერებთ, რა უფლება გაქვთ გამაჩეროთ-მეთქი?! რაზეც ამ პირმა მომიგო - ”შენ ბიჭო რას ბლატაობ?” შემდეგ ამ პირმა მობილური ტელეფონით გადარეკა, რის შემდეგაც ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელიც მოგვესალმა. მასაც მივმართე - საბუთი წარმოგვიდგინეთ-მეთქი და წარმოგვიდგინა პოლიციის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამის შემდეგ მას დავემორჩილე და გავყევი. სამართლებრივად მართალი ვიყავი - ვინც საბუთი წარმოადგინა, იმას გავყევი.
თქვენ უთხარით რომ ადვოკატი იყავით?
-რა თქმა უნდა - პირადობის მოწმობა ვინც წარმომიდგინა, იმას ადვოკატის მოწმობა ვაჩვენე.
სად წაგიყვანეს?
-მეექსვე მიკრორაიონის პოლიციის განყოფილებაში. რომ მივედით, იმ ადამიანმა, რომელსაც საბუთი არ ჰქონდა, გულ-მკერდის არეში ხელი დამარტყა და ”რატომ ბლატაობ ბიჭო?”-ო, - იგივე სიტყვებით მელაპარაკა და ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლაც მოახდინა; მემუქრებოდა - ”სისხლის სამართლით გაგასამართლებ, დაგიჭერ”-ო.
რის გამო გემუქრებოდათ დაჭერით?
-ჩემი აზრით, საბუთი, რომ მოვთხოვე, ის არ მოეწონა, ჩემზე გაბრაზებული იყო, ინტერესი ჰქონდა და ეს ყველაფერი იმიტომაც მოხდა. განყოფილებაში გაგვჩხრიკეს, ოქმი შეადგინეს და ნარკოლოგიურში გადამიყვანეს.
რა ნიშნით მოხდა თქვენი დაკავება?
-გამხდარი ვიყავი და როგორც ხედავთ, წვერსაც ვატარებ; მაშინ უფრო დიდი წვერი მქონდა.
პირდაპირ აღნიშნეს გამხდარი ხარო?
-არა.
ანუ ეს თქვენი ვარაუდია?
-დიახ.
რა მოხდა ნარკოლოგიურში?
-შემოწმებისას რა თქმა უნდა, არაფერი აღმომაჩნდა. ამის შემდეგ თბილისის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.
თქვენი მეგობარიც დააკავეს?
-დიახ, ერთად ვისხედით.
მანაც გაუწია ”წინააღმდეგობა”?
-არა, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. 15 თებერვალს, 3-4 საათზე სასამართლო ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი, გრიგოლ გაგნიძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, მირანდა ერემაძემ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 400 ლარით დამაჯარიმა.
ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ, დაიკითხა?
-არ დაუკითხავთ. მოსამართლეს ვუთხარი - პატივცემულო მოსამართლევ, რომელმაც ხელი გამარტყა, დარბაზში ზის-მეთქი, მაგრამ ამაზე მოსამართლე მირანდა ერემაძეს რეაგირება არ მოუხდენია. შემდეგ ოქმი ავიღე და აღმოჩნდა, რომ მასში ეს ყველაფერი დაფიქსირებული არ არის.
ჯარიმა გადაიხადეთ, თუ მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეთ?
-რასაკვირველია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მომსვლია. ამასთან, მოვითხოვეთ ვიდეო-ჩანაწერის ასლი.