„გადაარჩინე საყდრისი, არ დაკარგო შენი ისტორია“, - ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ამ შინაარსის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
ვიდეომიმართვაში ერთმანეთს ენაცვლებიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი ხოშტარია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გრივერ ფარულავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი, არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე და სხვანი. მეცნიერები მოითხოვენ, მიუკერძოებელ ექსპერტთა დასკვნამდე საყდრისში ყოველგვარი ეჭვის აღმძვრელი სამუშაოები შეჩერდეს.
For.ge ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს გრივერ ფარულავას ესაუბრა. მეცნიერი აცხადებს, რომ ფულის მოხვეჭით გატაცებამ არ უნდა ჩაახშოს და არ უნდა გაანადგუროს ცივილიზაციისა და კულტურული ცხოვრების დიდი ძეგლი, რაც არა მარტო სამარცხვინო იქნება, არამედ ეს იქნება ფესვების ჩაჭრა ჩვენს ისტორიასთან.
„ყოვლად გაუგებარი და სიბრიყვეა ამ ძეგლის აფეთქება. უბრალო კოვზი და ქოთანიც რომ იყოს, მისი დაწვა და მოსპობაც არ შეიძლება, თუკი ის 4 ათასი წლის წინანდელია. ყველანაირი უძველესი ნაშთი შესანახი და გადასარჩენია. ამას არც უნდა უნდოდეს ამდენი მტკიცება. ეს საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გადაწყვეტილებაა, მარტო ფული რომ აინტერესებთ. ჩემს მსგავსად, ასეთივე პოზიცია აქვს საუნივერსიტეტო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სიახლოვე აქვს ამ თემასთან, ვგულისხმობ ლიტერატორებსა და ისტორიკოსებს“, -აცხადებს გრივერ ფარულავა.
მხატვარი გია ბუღაძე For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ რაც არ უნდა მოიპოვებოდეს საყდრისში, ოქრო იქნება ეს თუ სპილენძი, თავისთავად, ის მაინც ქართული კულტურის უძველესი ძეგლია. ამიტომ ძეგლის დამცველთა რეაქცია აბსოლუტურად გამართლებულია.
„დღეს, როცა ბატონობს მხოლოდ ფული და მოგება, ხოლო იდეალები მეორე პლანზე გადავიდა, რთულია ოქროს შუალედის პოვნა. ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნები ამავე დილემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თუ როგორ შეენარჩუნებინათ კულტურული მემკვიდრეობა და თან არ დაეკარგათ მილიონები. ამიტომ ძალზე რთულ პოზიციაშია ჩვენი სახელმწიფო და არ ვისურვებდი დღევანდელი მთავრობის მესვეურთა შორის ყოფნას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის და კულტურული მემკვიდრეობა დარჩება. თუ არ დავანახებთ ინვესტორს, რომ ამ ძეგლს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, მაშინ შეიძლება საერთოდ დავკარგოთ წარსული. სხვათა შორის, როდესაც გადიოდა ძირითადი ჩვენი ტრასა მთელ საქართველოში გრაკლიანის გორასთან, რომელიც ბატონმა ვახტანგ ლიჩელმა გათხარა (საუბარია ჩვ. წ. აღ-მდე მე-4-5 ათასწეულის ნაქალაქარზე), მაშინ მე აკადემიაში ვიყავი, მაშინ 5 ათასი წლის წინანდელი საკურთეველი მოვხსენით, დღეს კი იქ ტრასამ გადაიარა და იმ ნაქალაქარის ტერიტორია აღარ არასებობს“, - აცხადებს გია ბუღაძე.
მისი თქმით, 60 წლის წინ რომის ფორუმზეც გაატარეს ცენტრალური მაგისტრალი, დღეს ამ მაგისტრალის ამოგდება შეუძლებელია, რადგან რომის ინფრასტრუქტურა დაინგრევა. ასევე მოხდა ასუანის კაშხლის მშენებლობისას, როცა რამზეს მეორისა და ეგვიპტის დიდი დედოფლის-ნეფერტარის განსადიდებლად აგებული აბუ-სიმბალის ტაძრები ნაწილებად დახერხეს და გადაიტანეს, ამან ცუდის მეტი არაფერი მოიტანა. მით უფრო, რომ ის კაშხალი და წყალსაცავი ამხელა მნიშვნელობის არ ყოფილა და ამ დროს ამხელა ნგრევა გამოიწვია.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ საყდრისი არ უნდა დაინგრეს, რადგან აქ დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი უნიკალური ძეგლია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეჭვი უტყუარად უნდა გაუქარვონ ქართულ საზოგადოებას, რასაც ჩვენი ხელისუფალნი არ აკეთებენ.
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ სპეციალურად შერჩეულია აბსოლუტურად უხერხემლო კულტურის მინისტრი. ის არაფრის დამცველი არ არის. კულტურის სამინისტრო, ეტყობა, ფიქციაა და არაფერი მას არ ეკითხება. კულტურის სამინისტროს საქმე ის კი არ არის, როგორმე გააჩუმოს ხალხი, მათი საქმეა, დაიცვან ძეგლი. რატომღაც ეროვნულ ინტერესებზე წინ ინვესტორის ინტერესებია. არადა, შეიძლება, რაღაცნაირად ის ადგილიც დაიცვან და, პარალელურად, ინვესტორის ინტერესიც დააკმაყოფილონ. ეს არ არის დიდი ფართობი, ამიტომ იგი შემოსაზღვრული უნდა იყოს. ამ ძეგლის ფასეულობა ბევრად მეტია, ვიდრე იქიდან მოპოვებული ოქრო. თუმცა ისე გადარეულნი არიან ამ ოქროს მოპოვებით, მეეჭვება, უცხოელების ჩამოსვლამ რაიმე შეცვალოს. მე არქეოლოგი არ ვარ და ძეგლი არ დამითვალიერებია, მაგრამ თვითონ რატომ არ თანხმდებიან შერეული, უცხოური კომისიის ჩამოყალიბებას? მსოფლიოს საუკეთესო გერმანელი და ინგლისელი არქეოლოგების ერთობლივ მუშაობას?“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ For.ge -სთან საუბარში.
მანვე განმარტა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არც არის ამ თემაზე, რადგან ყველა წესიერი უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტი ამ ობიექტს ძეგლად აღიარებს.
არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ სწორედ საყდრისში არსებულ მაღაროში ხდებოდა მადნის ჩამომტვრევა და ამის დასადასტურებლად იარაღებიც მოიპოვება. ზუსტად ამ პერიოდს უკავშირდება დიდი ექსპანსია მესპოპტამიიდან ოქროსა და სპილენძის მოსაპოვებლად. ასე რომ, არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვების დიდი წარმოება იყო.
შეგახსენებთ, ორ კვირაზე მეტია, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კარვებია გაშლილი. საპროტესტო განწყობა BBC-ის ობიექტივშიც მოხვდა და უძველესი მაღაროს შესახებ საერთაშორისო მედია რეპორტაჟსაც ამზადებს.
პარალელურად, დაბა კაზრეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - შვეიცარიის ელჩი და გერმანიის ელჩის მოადგილე ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს.
საყდრისის დამცველები კი ამბობენ, რომ, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.