"ქართულმა ოცნებამ" პირდაპირი მუქარის წესით აუკრძალა ბიზნესს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება"

"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, ქვეყანაში დატერორებულია ბიზნესი და ბიზნესმენებს აკრძალული აქვთ ფულის დახარჯვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის. "მოვუწოდებ ყველას, ბიზნესმენებს, აიმაღლონ ხმა. მეგობრებო, თქვენ კიდევ ერთხელ გაგატყავებენ, იმავე მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, როგორშიც სააკაშვილის დროს იყავით. სააკაშვილის მოწინააღმდეგე, დამბალანსებელი ძალა არ ჰყავდა და ასე ატყავებდა დაუსჯელად ბიზნესს 9 წლის განმავლობაში. აქეთკენ მიდის დღეს ყველაფერი. ბიზნესი გაფრთხილებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებში ფული არ უნდა დახარჯოს. ქართულ ბიზნესს უკრძალავენ ქართული პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას. ეს უქმნის ოპოზიციას პრობლემას, თანაზომადი კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას", - ამბობს ჯონდი ბაღათურია", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით ჯონდი ბაღათურია: "ქართულმა ოცნებამ" პირდაპირი მუქარის წესით აუკრძალა ბიზნესს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება".

"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აშკარა და აგრესიული ფორმით ხდება მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია ერთ ხელში, რაც პირდაპირ ნიშნავს ძალაუფლების უზურპაციასა და ავტორიტარულ მმართველობას. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს მმართველობა, ოღონდ მაშინ ეს ძალაუფლება კონცენტრირებული იყო პრეზიდენტის ხელში. ახლაც ხდება ამ ძალაუფლების კონცენტრაცია, ოღონდ ლეგალური სამთავრობო სტრუქტურის გარეთ. ამ დროს ივანიშვილი არის კერძო პირი ფორმალურად და მას არავითარი სახელისუფლებო პოსტი არ უჭირავს. ეს კიდევ უფრო დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ქვეყანას მართავს არა პარლამენტი და მთავრობა, არამედ ერთი ადამიანი გვერდიდან. ეს არის ოლიგარქული მმართველობა, რომელიც ხდება ლათინოამერიკის ქვეყნებში, რომლებიც მერე სახელმწიფოებად ვერ ვითარდებიან ხოლმე, როგორც წესი", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

"ბიზნესი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მიმდინარეობს ბიზნესების ხელახალი გადანაწილება ამჯერად უკვე "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ხალხის ზურგსუკან. ბიზნესის მონოპოლიზაცია ისევ გრძელდება, უბრალოდ სახელები და გვარები ზოგან შეიცვალა, ზოგან ჩანაცვლდა ახალი სახელებითა და გვარებით. კლანური მმართველობის ერთი შემადგენლობა მეორემ ჩაანაცვლა, ამიტომ ბიზნესი ისევ დაშინებულია. ამის ნათელი მაჩვენებელია სამუშაო ადგილები. როცა ბიზნესი ვითარდება, ჩნდება სამუშაო ადგილები, არადა, ჩვენ ხომ ყოველდღიურად გვესმის, რომ სამუშაო ადგილებს კარგავს ხალხი? ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესი ვერ ვითარდება. გარდა ამისა, ბიზნესს პირდაპირი მუქარის წესით აუკრძალა "ქართულმა ოცნებამ" ქართული პლიტიკის დაფინანსება. კონკრეტულად კი არასაპარლამენტო პარტიების, რადგან აბა, სხვას რად უნდა დაფინანსება? "ქართულ ოცნებას" ისედაც აქვს 7 მილიარდი და კიდევ მოასწრეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ქონების დაგროვება. "ნაციონა;ურ მოძრაობას" კი 7 მილიარდზე ნაკლები ფული არ აქვს ნაქურდალის სახით, თუ მეტია არა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.

"ბევრ ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და ამ წნეხზე ბიზნესმენები პირად საუბარში თავად ამბობენ. კი არ ვთხოვე მათ ფული, ავდექი და დავაგზავნე ოფიციალური წერილები, პარტიის ბლანკზე, რეგისტრაცია გავიარე და კონკრეტული ტექსტით მივწერე ყველა ბიზნესმენს, ბლანკზე იყო მითითებული რეკვიზიტები. ამან გამოიწვია დიდი შიში, იყო კომპანიები, რომელთაც თქვეს, წერილს არ ჩავიბარებთო. ამ წერილის ჩაბარებისაც კი შეეშინდათ. არ მინდა დასახელება, რადგან ჩემი სამიზნე ბიზნესი და მათი საქციელის კრიტიკა კი არაა, არამედ პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება მათ მიმართ ახორციელებს. დაგისახელებთ ერთ კომპანიას "კოკა კოლას", რომელმაც უარი განაცხადა საერთოდ წერილის ჩაბარებაზე, ამისაც კი შეეშინდა. კომპანიას არ ვადანაშაულებ, მე მესმის მათი. თანავუგრძნობ მათ გულწრფელად", - დასძენს რესპონდენტი.