საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა გამოსავალი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის კორექტირებაში გამონახა.
თუ ახალი ხელისუფლების პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი-ს წევრებს - ემზარ გოგუაძეს, გიორგი მელაძეს, მამუკა ფაჩუაშვილს, ზურაბ დავითაშვილს, დავით კანდელაკსა და ნატალია დვალს უფლებამოსილება შეუწყდათ და მოგვიანებით, ისინი თანანმდებობებზე საკონსტიტუციო სასამართლომ დააბრუნა, ამჟამად, უმრავლესობა აღნიშნული პირების დასაქმების მიზნით, საზოგადოებრივ მაუწყებელში დროებით ორგანოს - მონიტორინგის საბჭოს ქმნის.
კერძოდ, პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის პროცესში ინსტიტუციური განვითარების უწყვეტობისა და ახლად შექმნილი სამეურვეო საბჭოს შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის საბჭო იქმნება.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ცვლილებების მიღების მიზეზია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად სამართლებრივი ვაკუუმის წარმოქმნა, რის გამოც სამეურვეო საბჭო ვერ ფუნქციონირებს.
მათი მტკიცებით, ცვლილებები ითვალისწინებს დღემდე მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმგვარი ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მათი მხრიდან მორიგი კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს და საზოგადოების დროულ ინფორმირებას ფინანსურ, საკადრო და სხვა პრობლემებზე.
გია ჟორჟოლიანის, ნუკრი ქანთარიას, ირაკლი ჩიქოვანისა და ზვიად კვაჭანტირაძის ავტორობით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, მონიტორინგის საბჭოს წევრებს, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილება 2015 წელს ეწურებოდათ, მონიტორნგის საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 1-ელ იანვარს შეუწყდებათ. ხოლო, მონიტორინგის საბჭოს წევრებს, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილება 2017 წელს ეწურებოდათ, მათ მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოეწურებათ.
პროექტით, მონიტორინგის საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ყველა გადაწყვეტილება, აგრეთვე სამეურვეო საბჭოსთვის განსახილველად წარდგენილი ყველა დოკუმენტის, მათ შორის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ასლი.
ამას გარდა, მონიტორინგის საბჭო უფლებამოსილია - სამეურვეო საბჭოს ან გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები მათ საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში თუ ფინანსური დარღვევები გამოვლინდა, საბჭოს შეუძლია რეკომენდაციები გენერაულ დირექტორს წარუდგინოს.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის საბჭოს საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზნითაც შეეძლება პროცედურების წამოწყება.
კერძოდ, ცვლილებებით, თუ „მაუწყებლის შესახებ“ კანონი დაირღვევა, მონიტორინგის საბჭოს შეუძლია, გენერალური დირექტორის თანანმდებობიდან ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე განცხადება სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს. ასევე საბჭო უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წინადადება პარლამენტს წარუდგინოს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მონიტორინგის საბჭოს შეუძლია, საზედამხედველო და სამეურვეო საბჭოებს გაერთიანებულ სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა მოითხოვოს. ასევე საბჭოს უფლებამოსილება ექნება საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გამართვა მოითხოვოს - გასული წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში გამოვლენილი იმ პრობლემების თაობაზე, რომელზეც სათანადო რეაგირება სამეურვეო საბჭოს ან გენერალური დირექტორის მხრიდან არ მოხდა.
რაც შეეხება მონიტორინგის საბჭოს წევრთა თვიურ ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს, პროექტის თანახმად, საბჭოს ოთახით, საოფისე ინვენტარით და ტექნიკური თანაშემწით საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. ხოლო, მონიტორინგის საბჭოს წევრს გაწეული სამსახურისთვის ჰონორარი ბორდი-ს წევრის შრომის ანაზღაურების 80 პროცენტის ოდენობით ენიშნება.
ინიციატივით, იმ შემთხვევაში თუ, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, საბჭოს წევრი ორ მორიგ სხდომაზე არ დაესწრება, მას შესაბმისს თვეში ჰონორარი გაუნახევრდება, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ მორიგ სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, საბჭოს წევრს შესაბამისი თვის ჰონორარი არ მიეცემა.
კანონპროექტის მიხედვით, მონიტორინგის საბჭო ფუნქციონიებას წყვეტს თუ საბჭოში სამ წევრზე ნაკლები დარჩა, მაგრამ ჩვეულებისამებრ, სხდომა თვეში ერთხელ ჩატარდება და საბჭოს გადაწყვეტილება სიითი შემადგენლობოს უმრავლესობით იქნება მიღებული.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას დაამტკიცებს, უფლებამოსილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის შვიდი წევრი შეუდგება, რომლებიც დეპუტატებმა მიმდინარე წელს ეტაპობრივად დაამტკიცეს. მათ შორის არიან - ნათელა სახოკია, მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, გრიგოლ გოგელია, ალექსანდრე ვახტანგოვი და გიორგი კოხრეიძე. რაც შეეხება ნინია კაკაბაძეს, პარლამენტში მისი კანდიდატურა უკვე ოთხჯერ ჩავარდა, მაგრამ მიმდინარე კვირას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისთვის „სიმბოლურად“ მეხუთედ წარუდგინა კაკაბაძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს.