საქართველოდან საზღვარგარეთ ჩვილი ბავშვების უკანონოდ გაყვანის ფაქტი ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საია ჩვილი ბავშვების უკანონოდ გაყვანის თაობაზე გამოძიების ეფექტურად წარმართვისკენ მოუწოდეს შსს-ს და მთავარ პროკურატურას. ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, საია-ს ასოციაცია „მომავლის იმედმა“ მიმართა, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება სწორედ ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებას, მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით.
„მომავლის იმედის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა - ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით. მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში, ამის შემდეგ სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათა სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი, რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება, რადგან ის არ წარმოადგენს ბიოლოგიურ დედას. ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად საჭირო იყო დედის უფლებებით აღჭურვილი პირი, რის გამოც ხდებოდა სუროგაციის ფაქტის დაფარვა, იქმნებოდა ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის აღების შემდეგაც ბიოლოგიურ დედად მითითებულ პირს (სინამდვილეში სუროგატს) ნოტარიუსთან ათქმევინებდნენ დედობაზე უარს, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებობას აძლევდა დამოუკიდებლად გაეყვანა ბავშვი საქართველოდან.
კახა კოჟორიძის თქმით, შსს-ში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც გულოსხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ყალბი საბუთების გამოყენებით.
„მომავლის იმედმა“ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს არაერთ ამგვარ შემთხვევაზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო გამოძიება არ წარმართულა. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მხოლოდ დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობდა. პროკურატურის 2013 წლის 17 მაისის წერილით ირკვევა, რომ შპს ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ცალკეული მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა დოკუმენტების გაყალბებას. თუმცა, 2013 წლის 7 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება ამნისტირებული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მოცემული საქმე ეხება ბავშთა უფლებებს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვან ზიანს, მათ შორის, შესაძლო გაყიდვის ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში სს-ს კოდექსის 362-ე მე-2 ნაწილი ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაზეც ამნისტიის შესახებ კანონი ავტომატურად არ ვრცელდება.
გარდა ამისა, ცხადია, რომ გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო თუ რა მიზნით ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება და თავიდანვე მოეხდინა ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება. როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მიმართულებით დაიწყო მხოლოდ დაახლოებით 2 თვის წინ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძე.
მიუხედავად არაერთი მტიცებულებისა, საგამოძიებო ორგანოები ამ დრომდე მხოლოდ საქმის აღძვრით შემოიფარგლნენ და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე დაწყებული არ არის. კახა კოჟორიძის განცხადებით, შესაძლოა, იკვეთებოდეს დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც დამატებით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
თავად „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრიდან ფულს „ნიუ ლაიფ ჯორჯია“ და მისი ხელმძღვანელი იღებს.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ და გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები სამ სუროგატზე, ესენი არიან მაღალაშვილი, ღონღაძე, ჯავაშვილი. ეს ქალბატონები რეგისტრირებულები არიან „ნიუ ლაიფ ჯორჯიაში“ როგორც სუროგატები, ხოლო შემდეგ სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირდებოდნენ როგორც კანონიერი და ბიოლოგიური დედები. საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს სუროგატს ბიოლოგიურ დედად დარეგისტირებას. თანხებს იღებდა ამ ყველაფერში „ნიუ ლაიფ კორიჯია“ და სუროგატებსაც მისი თანამშრომლები აიძულებდნენ, რომ დედად დარეგისტირებულიყვნენ.
ამას თავად სუროგატები ყვებიან. მათ მეუღლეებთან გაშორებაც კი გააკეთებინეს, რათა საკონსულოები შეცდომაში შეეყვანათ, რომ იმ უცხოელთან, ვისაც ბავშვი უნდა გაეყვანა, ვითომ რაიმე აკავშირებდათ. ეუბნებოდნენ სუროგატებს, რომ თუ არ გააკეთებდნენ ამას, ბავშვს მას დაუტოვებდნენ, თანხას არ გადაუხდიდნენ, გაუვრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სუროგატები იყვნენ და ამ სახით ხდებოდა ზეწოლა მათზე. ამ უკანონო გარეგიგებებში თავად „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ ხელმძღვანელიც არის გარეული“, - განაცხადა თამარ ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, 2010-11 წლებში დაახლეობთ 20-მდე, სამ თვემდე ასაკის ბავშვია გაყვანილი დედის გარეშე მამაკაცის მიერ.
„ბუნებრივია, არსებობს ეჭვი, რომ ეს ბავშვები უკანონოდ არიან ქვეყნიდან გაყვანილნი. ამაზე შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკურმა სამსახურმა აწარმოა ინფორმაციის მოძიება და აღმოაჩინა, რომ ოცამდე ბავშვი ნამდვილად გაყვანილია. საქმე ფაქტობრივად გამოძიებულია, თუმცა, ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ ხდება ამ დრომდე დამნაშავეების დაკავება. ის, რომ ბავშვების გაყვანა გაყალბებული დოკუმენტებით მოხდა, უკვე დადასტურებულია. გამოსაძიებელი აღარაფერია“, - გვითხრა თამარ ხაჭაპურიძემ.
თამარ ხაჭაპურიძის ბრალდებას არ ადასტურებენ „ნიუ ლაიფ ჯორჯიაში“. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხაჭაბურიძის ბრალდება არასერიოზულია.
„სულ ჩივის ეს ქალი, ათჯერ შეიტანა უკვე საჩივარი. პროკურატურასთან აქციებსაც მართავდა თავის მეუღლესთან ერთად. არის სერიოზული გიჟი. მსგავსი ბრალდება ადრეც წამიყენა და მერე გაირკვა, რომ იმ გოგოს ფული გადაუხადა. სრულიად აბსურდული ბრალდებებია. მარტოხელა კაცები ჩვენ რატომ უნდა ჩამოგვეყვანა საქართველოში, როდესაც ინდოეთში და ტაილანდში გვაქვს კლინიკები და იქ მარტოხელა კაცებისთვის შვილის გაჩენას კანონი არ კრძალავს.
5 წელია იმ ქვეყნებში კლინიკები გვაქვს. მარტოხელა კაცები და ქალები არ გვაკლია. მოსყიდული სუროგატების სახელები და გვარები კი არ დაასახელოს, არამედ გვითხრას ერთი მარტოხელა მამაკაცის სახელი და მერე ვილაპარაკოთ“, - ასე პასუხობს ბრალდებას მარიამ კუკუნაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სააგენტო „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. თუმცა, კონკრეტულად ჩვილ ბავშთა გაყვანის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული და ძირითადად, რომელ ქვეყნებში გაჰყავთ ახლშობილები, ამის შესახებ პროკურატურაში ინფორმაცია არ გააჩნიათ.