თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მეუღლის, ამჟამად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მოექცა. ირაკლი ალასანიას ელჩობის დროს შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებდა. პოლიტიკოსის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფროსი შვილი, ნიკუშა ალასანია, სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში დარჩა, გოგონა, ეკა, აქ ცხოვრობს, მშობლებთან ერთად. ნათია კი ორ ფსიქიატრიულ ცენტრში მუშაობს. ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი მწერალი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ, დედა - დალი ფანჯიკიძეა, მთარგმნელი.
გთავაზობთ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ნათია მეუღლისა და ოჯახის შესახებ საუბრობს.
- რაც თავი მახსოვს, სულ დაოჯახებული ვარ, მაგრამ ირაკლი ჩემზე უარეს დღეშია. ორი წლით ჩემზე უმცროსია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავხდი. ხშირად ვეუბნები, ირაკლი, როგორ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ოცი წელი გავიდა ჩვენი თანაცხოვრებიდან და რამდენჯერაც თვალს გაახელ, სულ მე გხვდები.
- პირველად სად შეხვდით მომავალ მეუღლეს?
- უნივერისტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია. პირველად ზოოპარკში გავისეირნეთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვინმეს ვემალებოდით, უბრალოდ, უნივერსიტეტთან ახლოს იყო. ბეჰემოთი მაშინ ცოცხალი იყო და რატომღაც ქალაქში გივის ეძახდნენ. მოვინახულეთ და ის გახდა ჩვენი პირველი სეირნობის თანაზიარი.
- ირაკლი მალე გამოგიტყდათ სიყვარულში?
- საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის ზუსტი იყო და რაც უნდოდა, იმას ამბობდა. მეც ძალიან სწრაფად, პრანჭვის გარეშე გავუმხილე გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დედები სხვანაირად გვარიგებდნენ. ერთხელ მახსოვს, ქუჩაში მე და დედა მივდიოდით და ვიღაცამ შემომხედა. პატარა ვიყავი და დავეჯღანე. დედამ მითხრა, რომ ნორმალური გოგონები ქუჩაში ყველაფერზე არ რეაგირებენ, არც პირველ დაპატიჟებაზე მიჰყვებიან ბიჭს კინოში. მოკლედ, თავი გამოტენილი მქონდა თავშეკავების პრინციპებით, მაგრამ ყოველთვის შინაგანად ვიცოდი, რომ როდესაც მოგწონს, უნდა თქვა. ხშირად ადამიანები თავშეუკავებლები არიან ზიზღის გამოხატვაში, მაგრამ ასევე უხვად არ გასცემენ სიყვარულს. თუ გრძნობ, რომ გიყვარს, ამას რა სჯობს, თქვი!
- ტრადიციულად დაოჯახდით?
- დიახ, რადგან ირაკლი ტრადიციებისმოყვარე გახლდათ. ამბობდა, მე რა მაქვს დასამალი ან რატომ ვარ დასამალიო. მეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი მამას, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და არ მინდოდა მისგან გავქცეულიყავი და სადმე დავმალულიყავი.
- ირაკლის მშობლებთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ...
- ირაკლის მამა საოცარი, თბილი ადამიანი გახლდათ. ირაკლივით უთქმელი, მშვიდი, ჩუმი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ საოცარი სითბო და აურა ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლის დედას, ღირსეული ქალბატონია. ძალიან ბევრს ნიშნავს, ადამიანი როგორ ხარობს, როგორ გლოვობს, როგორი ერთგულია, შვილის, შვილიშვილის, რძლის მიმართ. ის ყოველთვის იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. საოცარი ქალია, სიცოცხლისმოყვარე, კარგი ექიმი. მეუღლე სიტყვის უთქმელად იგლოვა. ერთი წელი ლოგინიდან არ ამდგარა. წლისთავზე ადგა და ზედმეტად აღარ ულაპარაკია მეუღლის გარდაცვალებაზე. შეიძლება წიგნი დაწერო ადამიანური სევდის ამ ფორმაზე. ძალიან ვაფასებ ამ ქალბატონს და თან, რაც მთავარია, მან ირაკლი მაჩუქა.
- შვილები გაგვაცანით...
- ისეთ ადამიანებზე მესაუბრებით, იძულებული ვარ სულ კარგი ვთქვა (იღიმება). რაც მთავარია, ჩემი შვილები ადამიანებისადმი კეთილგანწყობილნი არიან და სწორი პრიორიტეტები აქვთ. უფროსი, ნიკუშა, ამერიკაში ცხოვრობს. კარგად სწავლობს,
გონიერი ბიჭია და იუმორით აღსავსე. ხასიათით მე დამემსგავსა, მამამისზე ბევრად მეტს ლაპარაკობს და ძირითადად ხუმრობის ინტონაციით. ჰუმანისტური ხედვა აქვს და ყოველთვის მინდოდა, ფსიქიატრი გამხდარიყო. ფიზიკურად ორივე, ეკაც და ნიკუშაც ირაკლის ჰგავს.
- პირველად თქვენით ქართული მედია მაშინ დაინტერესდა, როდესაც ირაკლი ოპოზიციაში გადავიდა. თქვენი მშვიდი ცხოვრება მაშინ დაირღვა?
- არასოდეს მქონია პოპულარობისა და საჯაროობისკენ მიდრეკილება. არც ირაკლის... თავის საქმეს ყოველთვის კარგად და ხმაურის გარეშე აკეთებდა. 26 წლის ასაკში იმდენი გააკეთა პანკისის ხეობაში, მაგრამ ამით არასოდეს უტრაბახია. ჩემი პროფესია უფრო ინტიმურია. ადრე ბავშვთა სახლში ვმუშაობდი და ერთი პერიოდი მოდური გახდა ბავშვების თემა, საჯაროდ გამოსვლა და ამაზე საუბარი, მაგრამ მაშინაც არასოდეს გამოვსულვარ ტელევიზიით. როდესაც ადამიანის სულს ეხები და მის პრობლემას იზიარებ, შეიძლება სულაც არ იყოს სასურველი ამის საჯაროდ მოყოლა, რომ მან საკუთარი თავი ამოიცნოს. მეორე საკითხია, რომ შეიძლება გლობალურად ისაუბრო პრობლემაზე. მაგალითად ნარკომანიაზე, ოღონდ არა პიროვნებებზე, არამედ დაავადებაზე. მე თავად მერჩივნა, რომ ჩემს შემოსაზღვრულ სივრცეში ვყოფილიყავი, სადაც თავს კარგად ვგრძნობ.
- ახლა თქვენი მეუღლე ახალი პოლიტიკური რეალობის ეპიცენტრშია ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ნერვიულობთ?
- არა, მაშინ ვღელავ, როდესაც ჩემი შვილი ნიკუშა თბილისში ჩამოდის. სანამ შინ მოვა, არ ვიძინებ. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად მჯერა სიკეთის ძალის. როდესაც მართალი ხარ, ღმერთი გიფარავს, მაგრამ როდესაც საქმე შვილს ეხება, ვიძაბები. 19 წლის ბიჭისთვის იოლია პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ხელისუფლებაზე არცთუ უსაფუძვლოდ გვაქვს წარმოდგენა, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ. თუ არ ჩავთვლით ნიკუშას არდადეგებს, ნაკლები სტრესი ჩემი პროფესიაა. თან იმედი მაქვს, რომ ირაკლი არ მანერვიულებს. საიმედო ადამიანია, ძლიერი. არ მთხოვს, მის მაგივრად გადავლახო რაღაც პრობლემები. თან, ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე.
- თქვენი მეუღლე ახალგაზრდა, სიმპათიური პოლიტიკოსია და ბევრ ქალბატონს მოსწონს. არასოდეს გიეჭვიანიათ?
- როგორ არა, მაგრამ იუმორი ყველაფერში გადაგვარჩენს. როდესაც ურთიერთობა ნამდვილ მეგობრობაზეა დამყარებული, იქ არის ბრაზიც, წყენაც, მაგრამ იმ ფასეულობას ვერაფერი გადასწონის, რაც ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა.
- რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, თუ ირაკლი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდება. მაშინ ხომ უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით საზოგადოება?
- არ ვიცი, რა შეიცვლება, ვიცი, რომ მე არ შევიცვლები უარესისკენ. შემიძლია სრულიად დარწმუნებით ვთქვა, რომ აქამდე ჩემით და ჩემი არსებობის გამო არც კონკრეტული ადამიანები და მით უმეტეს, საქართველო არ შეწუხებულა. ვერც ვერანაირ შესაძლო მომავალში წარმომიდგენია ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა.