ადვოკატ ლია მუხაშავრიას რეკომენდაციები ხელისუფლებას

ადვოკატ ლია მუხაშავრიას რეკომენდაციები ხელისუფლებას

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლის შესრულებაც ევროპულ სახლში საბოლოო გასაწევრიანებლად აუცილებლად გვჭირდება, .. მოწმეთა დაცვის ინსტიტუტის გამართული მუშაობაა... 2006 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მოწმეთა დაცვის პროგრამებს არეგულირებს. ჩანაწერი კი გაჩნდა, მაგრამ ინფორმაცია, რომ კანონის ეს მუხლი ჩვენს ქვეყანაში მუშაობდა, არავის გაუხმოვანებია. მეტიც, ძველ ხელისუფლებას მისი გამოყენება არც უცდია, თუმცა ყოველთვის მუსირებდა ეჭვი, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება, ამ პროგრამაში იყოჩასმული”.

ასეთი ხმა პირველად ბადრი პატარკაციშვილის გარშემო აგორდა - ოლიგარქი ინგლისში მოულოდნელად გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ კი, მისი ცხედარი არავის უნახავს. შესაბამისად, ვიღაცებმა თქვეს, პატარკაციშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს, მოვა დრო და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენებენო... მერე, ჭორი ირაკლი ოქრუაშვილზეგავარდა”, ახალ მთავრობას იმდენი საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილსა და მის რეჟიმზე, შეიძლება, მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლოსო. ითქვა ისიც, რომ სწორედ ამიტომ გაამართლა პოსტნაციონალურმა სასამართლომ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზეძვირადღირებულიპატიმარი... მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქალაქ გორის მერობისთვის იბრძვის... მაინც, რა არის მოწმეთა დაცვის პროგრამა და შესაძლებელია თუ არა, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მისი გამოყენება? - ეს შეკითხვები .. სამგორის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა, რომელმაც გარდაცვალებამდე, არსებული იფორმაციით, დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ასევე, არსებული ინფორმაციით, თათუხაშვილი, საკუთარი სურვილით, მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული. ამ ფონზე, საკითხავია, როგორგაექცადაცვას, ან თუ მოწმეთა დაცვის პოროგრამაში ჩართვა თვითონ მოითხოვა, პროგრამისგან თავის დაღწევა რატომღა მოისურვა?.. მოკლედ, ევროკავშირამდე მხოლოდ კანონში შესაბამისი მუხლის ჩანაწერით ვერ მივალთ - სახელმწიფომ ამ ჩანაწერის ცხოვრებაში გატარება უნდა უზრუნველყოს. “ქართული სიტყვაარასამთავრობო ორგანიზაციაადამიანის უფლებათა პრიორიტეტისხელმძღვანელ, ადვოკატ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

 

- ეს საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება. არის დადგენილი პროცედურა, რომელსაც პროკურატურა წარმართავს, ანუ პროკურორი წყვეტს, ამ პროგრამაში, უსაფრთხოების გამო, ვინ უნდა ჩასვას და საქმის გარემოებებისა და ვითარების გათვალისწინებით, კონკრეტული მოწმის მიმართ რა ღონისძიებები უნდა იყოს გამოყენებული. ყველაფერი ეს კონფიდენციალურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლაპარაკია რეალურ საფრთხეზე.

- ესე იგი, კანონი გამართულია, მაგრამ არ მუშაობს. რატომ?

- დიახ, ეს საკითხი, კანონმდებლობის დონეზე, საკმაოდ დარეგულირებულია, მაგრამ კანონქვემდებარე აქტები, დებულებები და კონკრეტული მითითებები, რაც კანონის აღსასრულებლად არსებობს, ვფიქრობ, კონფიდენციალურია, რადგან საკითხი ძალიან დელიკატურია, ანუ თუ რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო ამ პროგრამებისთვის, როგორ ხდება მასში ჩასმული მოწმეების პირადობის შეცვლა და სხვა დოკუმენტების დამზადება, რომ მისი ვინაობა დაიმალოს, სად ხდება მოწმის გადასახლება და ბინით უზრუნველყოფა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მისი ფიზიკური დაცვა კოდექსში მოცემული არაა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოდექსი, რაც უნდა კარგად იყოს დაწერილი, თუ მისი აღსრულება არ მოხდა - ადამიანის უსაფრთხოება არ იქნება დაცული, საბოლოოდ, ყველაფერი ეს ფუჭი და უნაყოფო გამოდგება.

თათუხაშვილის საქმემ, სამწუხაროდ, გამოავლინა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოწმეთა დაცვის ინსტიტუტი, თურმე, არ მუშაობს და, უარესიც, საერთოდ არ არსებობს. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და როცა შეცდომა ხდება, ინსტიტუცია ვალდებულია, მის გამოსწორებაზე იმუშაოს, რათა ისეთივე მძიმე შედეგი არ დადგეს, როგორიც თათუხაშვილის შემთხვევაში დადგა.

- ქალბატონო ლია, მოწმეთა დაცვის პროგრამასთან დაკავშირებული საქმე გქონიათ?

- კანონი ახლახან ამოქმედდა... თუ ვინმეს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჰქონდა, ვალდებულია, კონფიდენციალობა დაიცვას...

- არსებობს ეჭვი, რომ ქართული მენტალობისა და რეალობიდან გამომდინარე, კანონისეს ჩანაწერი არ იმუშავებს - ამ პატარა ქვეყანაში ხომ ყველა ყველას იცნობს. ევროპის ქვეყნებიდან გადმოღებული კანონი ქართულ რეალობას მორგებულია?

- ქვეყნის სიდიდის გამო, არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს ეს ინსტიტუტი არ ჰქონდეს, რადგან ამის უკან, დანაშაულის გახსნისა და დამნაშავეთა დასჯის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო ინტერეს იდგეს. მათი ინტერესები, ვინც სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ეხმარება, დაცული უნდა იყოს. ამ ადამიანების დაცვა ამ ქვეყანაშიც უნდა მოხერხდეს. მართალია, ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ თუ ეს ინსტიტუტი კარგად იმუშავებს, პრობლემა არ იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, მოწმეების ემიგრაციაში გაგზავნა შეიძლება...

თათუხაშვილის ინციდენტმა ის კი არ გამოავლინა, რომ ეს ინსტიტუტი არ ვარგა, არამედ, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, ვისაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია აქვთ, ბრიყვები და სრულიად არაკომპეტენტურები აღმოჩდნენ. ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ვაიძულოთ, რომ ეს პირები დასაჯოს, თან - ძალიან მკაცრად. ამ შემთხვევის გამო შიში გამიჩნდა.

- რას გულისხმობთ?

- თუ ჩემს კლიენტს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება და მისი გამჟღავნებით გამოძიებას დაეხმარება, ამის გაკეთებას არ ვურჩევ იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოების დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს! საერთოდ, ყოველთვის ვმოქმედებ პრინციპით - “არ ავნო” და თუ სასწორის ერთ პინაზე კლიენტის სიცოცხლე იდება და მეორეზე - გამოძიების ინტერესები, უპირატესობას კლიენტის ინტერესებს, ანუ სიცოცხლის უფლებას მივანიჭებ.

- ანუ, არ ხართ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო თქვენი კლიენტის სათანადოდ დაცვას შეძლებს?

- ასე გამოდის. თუ ის პირები, ვინც თათუხაშვილის შემთხვევაში ასეთი დანაშაული დაუშვეს, დაისჯებიან, შეიძლება, საზოგადოება მობრუნდეს და ამ ინსტიტუტმა ნდობა დაიბრუნოს. თუ ასე არ მოხდა, ეს სახლმწიფოს საბოლოოდ დაანგრევს.

- ქალბატონო ლია, როგორ ფიქრობთ, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ისინი, ვინც თათუხაშვილის დაცვას უზრუნველყოფდნენ, დაისაჯონ?

- ვინაიდან ამბავი გახმაურდა და ამით დიდი ზიანი თავად სახელმწიფოს რეპუტაციას ადგება, მის ინტერესებში უნდა იყოს, რაც შეიძლება, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია დამნაშავე პირების დასჯის შესახებ.  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის რა სახდელი თუ სასჯელი დაედო ამ კონკრეტული შემთხვევის გამო და როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, ვინც ეს შემთხვევა ხელიდან “დოყლაპიურად” გაუშვა.

- არასამთავრობო სექტორმა რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ პრობლემის მოგვარებაში, რითი შეგიძლიათ, სახელმწიფოს დაეხმაროთ?

- საჯარო განცხადებების გარდა, ამ საქმეში ვერ ჩავერთვებით. ეს კონფიდენციალური სამუშაოა და უფლება არ გვაქვს, ამ საკითხში ჩავერიოთ.