"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების შეფასება გამიჭირდება, რადგან ისინი არ არიან ცნობილი ან პარტიაში დაწინაურებული პირები. სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რეგიონში "ქართული ოცნების" ნდობის მანდატი უნდა გახდეს მათი გამარჯვების წინა პირობა. დავით ნარმანიას გამოსვლა კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა, არც ყალბი ეთქმოდა. ის უფრო მოწადინებული, ცუდად მომზადებული სტუდენტივით გამოვიდა, ვიდრე თავდაჯერებული ლიდერივით. მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია გულწრფელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მას აკლია სოლიდურობა, სიტყვის ფლობა, ორატორობა, წარმოსადეგობა, გახსნილობაც. თუმცა, ნამდვილად არ განაწყობს ნეგატიურად მის მიმართ მსმენელსა და მაყურებელს. ნარმანიას აუცილებლად უნდა დაეხმარონ პიარსპეციალისტები. თუმცა, მისი მთავარი პრომოფაქტორი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაა და, ალბათ, გათვლაც, ძირითადად, ამაზეა გაკეთებული", - აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნარმანიას გამოსვლა კარგი ნამდვილად არ იყო, თუმცა, არც ყალბი ეთქმოდა" / "ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გვერდითაა".
"ქართული ოცნების" ოპონენტები ხმას ავრცელებენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაემიჯნა ხელისუფლებას და ქვეყნიდან მიდის. ყოფილმა პრემიერმა უმრავლესობის შეხვედრაზე დასწრებით აჩვენა, რომ ის კვლავ თავის გუნდთან არის. გარდა ამისა, ისიც დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის იმიჯი. ბიძინა ივანიშვილს არა აქვს "ქართული ოცნების" ფორმალური ლიდერის სტატუსი და ამდენად, უმრავლესობასთან მისი შეხვედრა, შესაძლოა, კრიტიკულადაც კი იქნეს აღქმული. თუმცა, ფაქტია, ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გვერდითაა. ღარიბაშვილის განცხადებას `6%-იანის~ თაობაზე კრიტიკულად გამოვეხმაურებოდი - ჩემი სურვილი იქნებოდა, ღარიბაშვილი ხისტი და უხეში განცხადებებით მიხეილ სააკაშვილს არ დამსგავსებოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ხელისუფლებაში წარმოდგენილი პარტიების რეიტინგები ბიძინა ივანიშვილის გარეშე 6%-ზე ბევრად დაბალი იქნებოდა; ღარიბაშვილს იმაში ვეთანხმები, რომ სახელისუფლებო განხეთქილების შესახებ სპეკულაციები სპეციალურად მიმდინარეობს. პოლიტიკური ძალის მდგრადობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამომრჩევლისათვის, ამიტომ, როგორც წესი, ოპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგ ყოველთვის იწყებდნენ მსგავს კამპანიას, რომლის მიზანია რღვევის ჩვენება "მტრის ბანაკში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
"პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ტაქტიკად ბევრად მეტი თავშეკავებულობა რომ აერჩია, უფრო მეტი პერსპექტივა ექნებოდა. ევროპაც და ამერიკაც აფასებს თავშეკავებულობას, სიფრთხილეს. ამიტომაც დღეს მსოფლიო ბევრად მჭიდროდ და კარგად თანამშრომლობს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ვიდრე თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილთან. სხვათა შორის, თავშეკავებული რომ ყოფილიყო, საზღვარგარეთ ბევრად უკეთეს ვაკანსიებზე მიიწვევდნენ. შესაძლოა, მისი იმპულსურობა უკვე ძალიან აღიზიანებს მის ძველ პარტნიორებს. არ ვიცი, სააკაშვილი სიმართლეს ამბობს თუ არა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ევროპა საქართველოს განვითარებას ხედავს შემდეგნაირად: შეწყდეს ხელისუფლებების მუდმივი "ურთიერთპატიმრობის" რეჟიმი. სააკაშვილი კი მარგინალიზაციას განიცდის და ამ პროცესს თავისი განცხადებებით უწყობს ხელს", - მიიჩნევს არჩილ გამზარდია.
"რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები მაქსიმალურად ერიდებიან, მათ შორის, უკრაინის საკითხის გამოც. ნატოს გაფართოების იდეა რუსეთისთვის მიუღებელია, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დასავლეთი ზედმეტად ფრთხილად ეკიდება. ამასობაში კი საქართველოს ინტერესები ზარალდება. ამ დროისთვის არ ჩანს იმის ნიშანი, რომ ლონდონის სამიტზე ქართული მხარე სასურველ სიურპრიზს მიიღებს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთი ფაქტის წინაშე დადგეს და საქართველოს ისევე "მოულოდნელად"~ მისცენ მაპ-ი, როგორც უკრაინის ძველმა ხელისუფლებამ "მოულოდნელად" უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო დასავლელი პარტნიორები. თუ მსოფლიო მზად არის, რომ რუსეთს ელაპარაკოს როგორც თანაბარმა თანაბარს, მაშინ მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისცენ მაპ-ი საქართველოს "მოულოდნელად" და წინა პირობების გარეშე", - ამბობს ექსპერტი.
"რუსეთი ჩვენზე პრესინგს ისედაც ყველა შესაძლო მომენტში მიმართავს. თუკი სადმე არ გამოსდის, მხოლოდ იმიტომ, რომ საყრდენი არა აქვს. საჭიროა, რუსეთს ეს საყრდენები ფრთხილად და ადეკვატურად გამოვაცალოთ. რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის - მას შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას თამაშის მიღებულ წესებზე. რუსეთი თავს აღიქვამს მხოლოდ და მხოლოდ იმპერიად და მიიჩნევს, რომ მეზობელი ქვეყნები თუ ხალხები მას უნდა დაეკითხონ ცხოვრების წესისა და არჩევანის შესახებ. ყველაფერი, რაც რუსეთის იმპერიულ ინტერესებში არ შედის, შეიძლება გახდეს ამა თუ იმ ქვეყნის ოკუპაციის საგანი. ამის "გასაპრავებლად" კი ვითომდა რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვას იყენებს. ეს გახდა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და უკრაინის ნაწილის ოკუპაციის საბაბი. ე. წ. "რუსული პასპორტიზაციის" საკითხს საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ეფექტური და მოქნილი მიდგომები უნდა დაუპირისპიროს, რათა "რუსეთის მოქალაქეების" დაცვის საბაბით რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია არ განაახლოს", - დასძენს არჩილ გამზარდია.