საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე კვირის დასაწყისში იმსჯელებს. ექსტრადირების საკითხის განხილვას ახალაიას ქართველი ადვოკატიც დაესწრება. თუ კი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ახალაიას ექსტრადირება საქართველოში არ უნდა მოხდეს, განიხილება მისი პოლიტიკური თავშესაფრის საკითხიც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც უმძიმესი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, საბერძნეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
დათა ახალაიას საქართველოში ექსპტრადირებასთან დაკავშირებით პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს უკვე ახორციელებს, თუმცა დეტალებს პროკურატურა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს.
„ამ დღეებში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საბერძნეთში დათა ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით. პროკურატურა ახორციელებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რაც არის განსაზღვრული შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაციისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ“, - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ.
ახალაიას უფლებებს საბერძნეთში ბერძენი ადვოკატი, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსი დაიცავს. ბერძენი ადვოკატი ადასტურებს, რომ კუდ-ის მაღალჩინოსანი საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
„ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელის გამოყენებით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა.
ადვოკატი ამბობს, რომ ახალაიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ახალაია აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის განხილვის საკითხი მოხდება ექსპტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ოთარ ურუშაძის სახელით დაკავებული დათა ახალაია პატრასის ციხის პატიმარია. ყალბი დოკუმეტების გარდა, დაკავებულს 20 ათასი ევრო და 10 ათასი დოლარი აღმოაჩნდა. დაკავებულმა საკუთარი ნამდვილი ვინაობა პოლიციას დაუმალა. თუმცა, საქმეში საქართველოს საელჩოს ჩარევის შემდეგ მისი ვინაობაც გამჟღავნდა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა ახალაიამ პოლიტიკური თავშესაფარი იმ მოტივით, რომ მას საქართველოში მხოლოდ იმიტომ დევნიან, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია.
„ეს პიროვნება ჩვენმა განყოფილებამ დააკავა მაშინ, როდესაც ყალბი დოკუმენტებით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ახლა ახალაია დაკავებულია და ციხეში ზის. რაც შეეხება პატიმრობის ვადას, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს შეიძლება იყოს 40 დღე ან ნაკლები. რაც შეეხება მის ექსტრადირებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით.
რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, ჩვენი მისი დაკავების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საბერძნეთში საქართველოს საელჩო, შევატყობინეთ დაკავების ფაქტი და გადავუგზავნეთ დოკუმენტები, მათ შორის მისი სამგზავრო დოკუმენტები. მისი ნადვილი ვინაობის გარკვევა საელჩოს დახმარებით დავაზუსტეთ.
დაკავებული არა ურუშაძე, არამედ ეს იყო დავით ახალაია. საელჩომ გვითხრა, რომ ამ ადამაინს პრობლემები ჰქონდა ქართულ სამართალდამცავებთან. ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს სჭირდება მისი ექსტრადირება, ყვალამ კარგად იცის რატომაც“, - აცხადებენ პატრასის პოლიციის წარმომადგენელი.
For.ge-ს ინფორმაციით, სწორედ დათა ახალიას დაკავებას უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ერთ-დღიანი ვიზიტი საბერძნეთში. ფანჯიკიძე საბერძნეთში 23 აპრილს გაემგზავრა. სწორედ 23 აპრილს გაავრცელეს ახალიას ადვოკატებმა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.
„ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით“, - წერს „ფეისბუქში“ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.
ახალიას ადვოკატი, რომეო საჯაია აცხადებს, რომ ახალაია იმ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი პირები გადაჰყავთ. ადვოკატისგან განსხვავებით, პატრასის პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დათა ახალაია პატრასის ციხის პატიმარია.
ბერძული გამოცემა Patras time წერს, რომ კუდ-ის ყოფილ უფროსსზე, დათა ახალაიაზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული ადამიანთა წამებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დათა ახალაიამ მისი ვინაობა მოსალოდნელი შურისძიების მიზნით დამალა. ხოლო ვინაობის გამჟღავნების შედეგ მოითხოვა ამავე ციხის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. კუდ-ის ყოფილს უფროსს დათა ახალაიას საბერძნეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ემუქრებიან. ამის შესახებ გაზეთ „ვერსიას“ ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა განუცხადა: „ციხის ბუნტის დროს ახალაიამ და მისმა ძმამ პატიმრები დახოცეს. იმ ბუნტის დროს გადარჩენილი რამდენიმე კაცი საბერძნეთში ახლაც არის და სწორედ ისინი იწევდნენ დათაზე. ორმა მათგანმა წვრილმანი ხულიგნობაც კი ჩაიდინა და 6 თვიანი „სროკებით“ ციხეში წავიდნენ, რათა დათას დახვედროდნენ.
არ ვიცი რა მოხდა, რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები, მაგრამ ფაქტია, რომ ახალაიას ციხეში გადაყვანა გადაწყდა და სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა მან თავშესაფარი.
როცა კაცი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ციხეზე აღარ მიჰყავთ, ცალკე შენობაა და იქ ჰყავთ. ასეა დათაც, მაგრამ როდემდე დაიმალება?! ან საქართველოს გადმოსცემენ, ან პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენს და საბერძნეთში იცხოვრებს, რა თქმა უნდა, თუ ამას შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა ლაშა შუშანაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში, ათენშის საექსტრადაციო საპყრობილეში სცემეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ახალაიებთან დაახლოებული დავით ჩხიტუნიძე. ჩხიტუნიძეს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფიზიკური დაზიანებები ჩხიტუნიძეს ათენის საპყრობილეში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა პატიმარმა სცემა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბერძნეთის სასამართლო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ საბერძნეთის კანონმდებლობით მკვლელობა არ ითვლება როგორც ხანდაზმული. შესაბამისად, მისი ექსპტრადირების შანსი საკმაოდ დიდია.
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ დათა ახალიასთვის წაყენებული ბრალდებებიდან ყველაზე მძიმე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეა.
„ყველა ქვეყანას ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით თავისი კანონმდებლობა აქვს. თუმცა, მთავარი მაინც ერთია - მისი ექსტარდირება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არგუმენტირებულს და დამაჯერებელ მტკიცებულებებს წარადგენს ჩვენი პროკურატურა. თუ მტკიცებულება იქნება დამაჯერებელი, რომ მის წინააღმდეგ არ მიმდინარებს პოლიტიკური დევნა და მიმდინარეობს მხოლოდ სამართლებლივი დევნა, ასეთ შემთხვევაში, საბერძნეთის სახელმწიფო გადმოსცემს ახალაიას საქართველოს“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, დაცვის მხარე გამოიყენებს იმ არგუმენტებს, რომ მისი ძმის და მამის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„დაცვის მხარე შეეცდება, რომ ეს მომენტი გამოიყენოს, რომ თითქოსდა ოჯახს დევნიან. კრიმინალი კი არ იკვეთება, არამედ პოლიტიკური მომენტია საფუძველი. ეს უკვე მტკიცებულების და დავის საგანია, რამდენად მყარ მტკიცებულებას წარადგენს პროკურატურა“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.
დათა ახალაია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. წაყენებული ბრალდებებიდ ერთ-ერთი უმძიმესი სისხლის სამართლის საქმე ნავთლუღის სპეცოპერაციაა.
გარდა ამისა, ახალია ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილი უფროსი ბრალდებულია მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
ყველა ამ საქმეში დავით ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.