[ნიკა ასლანიძე]
საავადმყოფოების უპირობო პრივატიზების მორიგი ტალღა დაიწყო. თბილისსა თუ რეგიონებში შენობები და მიმდებარე ტერიტორიები იყიდება, ხოლო მედპერსონალი, პაციენტებთან ერთად, ქუჩაში რჩება.
პროფკავშირების ინფორმაციით, რომ გრძელდება მედიცინის მიზანმიმართული განადგურება, რაც სამედიცინო დაწესებულების, კლინიკების გაუმართლებელ გაყიდვა-გასხვისებას უკავშირდება. ეს ქმედება კი ქართველი მედიკოსების უმუშევრობისა და ქართული მედიცინის დასამარების საწინდარია.
საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტის ჯონი ჯანაშიას თბილისში, ავჭალის დასახლებაში სანატორიუმ “გაზაფხულის” გაუქმების ფაქტს აპროტესტებს. მისი თქმით, პირველი მარტიდან 40-წლიანმა დაწესებულებამ შეწყვიტა არსებობა, რის შედეგადაც მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიებით, კერძოდ კი “პერტესის” სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობის საშუალება აღარ ექნებათ.
მათი უმრავლესობა კი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არის და ისინი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
“ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ბავშვებს ართმევს მომავალს და უსპობს საბოლოოდ გამოჯანმრთელების შესაძლებლობებს. საქართველოს მთავრობის მოსაზრება, რომ ამ სანატორიუმის მკურნალობის მეთოდი მოძველებულია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით ბავშვებს უთხრეს, წადით და თქვენით იმკურნალეთო”, - აცხადებს ჯანაშია.
რა თქმა უნდა სანატორიუმი “გაზაფხულის” გაუქმებით, იქ დასაქმებული მედპერსონალიც უმუშევარი დარჩება. ამ დაწესებულებაში ექიმის ხელფასი 76 ლარი, ხოლო ექთანის - 40 ლარი იყო.
კლინიკების უსამართლო გაყიდვა-გასხვისების ფაქტებიდან ჯანაშიამ გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკაში არსებული მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი. საავადმყოფოს გაყიდვის შემთხვევაში ეჭქვეშ დადგება კლინიკის მედპერსონალის (59 ექიმი, 61 ექთანი, 72 დამხმარე თანამშრომელი) დასაქმების საკითხი.
საავადმყოფოებთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი პრობლემებია საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, ვანის რაიონში ერთადერთი რაიონული საავადმყოფო და სამშობიარო განყოფილება უქმდება, რასაც რასაკვირველია, თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვება.
ცენტრალური და რეგონალური ოპოზიცია ამ ფაქტის წინააღმდეგ ილაშქრებს, მაგრამ ამ “ლაშქრობდან” რა გამოვა ძნელი სათქმელია. პარლამენტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ადასუტრებს, რომ უკვე გადაწყვეტილია ვანის რაიონის ერთადერთი საავადმყოფოს გაყიდვა. ამის შესახებ სამედიცინო კოლექტივსაც განუცხადეს.
აქედან გამომდინარე, რაიონის 40 000-მდე მცხოვრები სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩება. ასევე, სამსახურებიდან პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მასობრივი დათხოვნაც მოხდება.
”მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღკვეთოს იდეაშივე მცდარი ჩანაფიქრი - ვანის სამშობიარო განყოფილების გაუქმებისა და ვანის რაიონის ერთადერთი რაიონული საავადმყოფოს გაყიდვის შესახებ!”, - აცხადებს ვანის საკრებულოს წევრმა დათო ლორთქიფანიძე.
ოპოზიცია სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის ამგვარ პროცესს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე არ უნდა ივსებოდეს. მათი აზრით, პრივატიზაციის მთავარი პირობა ექიმთა სამუშაო ადგილების შენარჩუნება უნდა იყოს.