„გაოცებული“ მილიციის უფროსი

„გაოცებული“ მილიციის უფროსი

ძველ თბილისში ურთიერთობებს, ქეიფს, ძმაკაცობას, მეგობრობას და ჩხუბსაც კი სხვაგვარი ხიბლი ჰქონდა. ბევრი სწორედ ქუჩაში სწავლობდა საუკეთესო ჩვევებს, მაშინ სხვანაირი გაგება და სხვაგვარი სიტყვა-პასუხი იცოდნენ. თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან დაბრუნება და მკითხველისთვის იმ დროს თბილისში არსებული ურთიერთობების გახსენება მსურს.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ბატონი გივი სიხარულიძე იქნება, რომელიც თქვენს სამსჯავროზე ერთ სახალისო ამბავს გამოიტანს.

„პლეხანოვზე, კინო „ოქტომბერთან“ სამოციან წლებში, პლეხანოველ ბიჭებს ბირჟა გვქონდა. ამ ბირჟაზე, დილის ათი საათიდან სამუშაოზე დაბარებულებივით იწყებდნენ ბიჭები მოსვლას. დილიდან გვიან საღამომდე ბირჟას არ ტოვებდნენ, თითქოს მათი არყოფნის დროს, ის კინოთეატრი სადმე გაიქცეოდა. ზოგს მამამისის გადაკეთებული პიჯაკი ეცვა, ზოგს ამოტრიალებული პალტო, ზოგს კი სიძველისგან გაცვეთილი პერანგი, რომლის გაცრეცილ საყელოსაც ბებიას მოქსოვილი ყელსახვევი ფარავდა. ზოგს, იმ დროს მოდაში შემოსული მოჰერის კაშნეც ეკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე სიჭაბუკის და სიცოცხლის ელფერი დაკრავდათ, მაინც ცდილობდნენ მრისხანე გამომეტყველება მიეღოთ, ვითომ ამით გამვლელებს უსიტყვოდ ეუბნებოდნენ, იცოდეთ, გვიფრთხილდით, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ავფეთქდითო. აშკარად მოსწონდათ ქუჩის ბიჭობა. მათ კი ვისაც იდეალად სწავლა ჰქონდათ არჩეული და არ ბირჟაობდნენ, „მამენკი სინოკებს“ ეძახდნენ, ანუ „დედიკოს შვილებს“.

იმ პერიოდში ეკრანზე გამოჩნდა ამერიკული მხატვრული ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“. ასჯერ მაინც ვნახეთ ეს ფილმი ამ უბნის ბიჭებმა. ბილეთში ფულს არ ვიხდიდით და რა გვენაღვლებოდა? იმ ფილმში ნანახი „კნოპკიანი“ დანა ყველას ოცნება გახდა.

მოკლედ,  ამ ბირჟის ერთ-ერთმა უღალატო წევრმა პოლონეთში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. მას კომკავშირის რაიკომში სამსახურიდან ან სასწავლებლიდან უნდა წარედგინა დახასიათება. რადგან არც მუშაობდა და არც სწავლობდა, თვითონვე შეადგინა დახასიათება და წარმოების დირექტორის მაგივრად ბირჟის ყველაზე ასაკოვან და პატივსაცემ წევრს მოაწერინა ხელი. რადგან არც ბეჭედი ჰქონდათ, სახელდახელოდ პურის ცომისგან გაკეთებული ბეჭედი დაარტყეს, რომელზეც ლამაზად იყო დახატული კინოთეატრი „ოქტომბერი“. რა თქმა უნდა, ამ დახასიათების პატრონს არავინ გაუშვებდა უცხოეთში. პოლონეთში წასვლაზე და რასაკვირველია უარი უთხრეს.

აღშფოთებული მიიჭრა რაიკომის პირველ მდივანთან, ამიხსენი, რატომ, რის საფუძველზე არ მიშვებო. მან კი უპასუხა: თქვენი ავტორიტეტის კაცი შეიძლება უცხოეთში დარჩეს და სამშობლოს უღალატოსო. ამ პასუხზე „უღალატო ბირჟავიკმა“ მწარედ ჩაიცინა: თქვე დალოცვილებო, 25 წელია პლეხანოვიდან რუსთაველზე არ ავსულვარ, ჩემი ბირჟისთვის რომ არ მეღალატა და სამშობლოს პოლონეთზე გამცვლელი ვარ ახლა მეო?“

ბატონი გივი მკითხველის წინაშე კიდევ ერთ „საინტერესო“ შემთხვევას გაიხსენებს.

„ერთხელ, ვორონცოველი გოგო-ბიჭები ჩერქეზოვის ბაღში ვართ. თამაშისგან გათანგული ბორდიურზე ჩამოვჯექი. ბაღის შესასვლელში გამოჩნდა ჩემი მეზობელი, ბატონი გრიშა, აფთიაქის პროვიზორი, ვერშემდგარი მხატვარი. მომესალმა და მანიშნა გამომყევიო. ზანტად ავდექი და გავყევი. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ურდულს მოარგო, მაგრად გადაატრიალა, კარს მუხლი ჰკრა და შევედით. კუთხეში ღვინით სავსე ჭურჭელს მოვკარი თვალი. ეტყობა, მეორე დღისთვის ჰქონდა გამზადებული, პირველი მაისის დღესასწაული მოდიოდა. დამსვა და მკითხა, ხვალისთვის დედამ ბუშტები თუ გიყიდაო. ვუპასუხე, არა, ფული არ აქვს-მეთქი. მაშინ მე გაჩუქებ ბუშტებსო და საგულდაგულოდ გადამალული პრეზერვატივები კარადიდან გამოიღო. აიღო ფუნჯი, ჩააწო საღებავიან ქილაში და ბუშტების მოხატვას შეუდგა.

ერთზე მტრედები დახატა და თან მიაწერა „მირუ მირ“ ანუ მშვიდობა მსოფლიოსო. მეორეზე ხილი დაახატა, მესამეზე თვითმფრინავი, მეოთხეზე გემი და ასე შემდეგ. კი მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, გრიშა ბიძია, ამ უწმინდურ რამეზე „მირუ მირს“ რომ აწერ, არ დაგიჭირონ და მამაჩემთან არხანგელსკში არ გაგამწესონ-მეთქი. მიპასუხა, იცი რას გეტყვი, შვილო, მადლობა მითხრან, რომ ამ სიტყვებს ეზოში რომ ტუალეტია, იმაზე არ ვაწერო. სამი მანეთიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ის მოხატული პრეზერვატივებიც გამომატანა და გამომიშვა.

სახლში მიხვდნენ, ვინც დამასაჩუქრა და მითხრეს, რა ლამაზი ბუშტები უჩუქებიაო. ბებიამ კი გადაულაპარაკა დედას, ამ გრიშას თავში იოტისოდენა ჭკუაც არ აქვსო.

გათენდა პირველი მაისის დილა. მე, ჩემი ლამაზად მოხატული პრეზერვატივებით, ეზოს გოგო-ბიჭების გვერდით დავდექი. მათ ნამდვილი ბუშტები ეჭირათ ხელში. ერთმა სომხის ბიჭმა, რომლის მამაც პურის ქარხანაში საამქროს გამგედ მუშაობდა, შურით სავსე თვალებით გადმომხედა და შემომაპარა, ბუშტები ხომ არ გავცვალოთო. მეც მეტი რა მინდოდა? მტრედებიანი და „მირუ მირით“ გაფორმებული პრეზერვატივები სასწრაფოდ ხელში შევაჩეჩე. ბავშვებიც დამესივნენ, ჩვენც გვინდა, გაგვიცვალე რაო. მოკლედ, გადავცვალე პრეზერვატივები ნამდვილ ბუშტებში და დავბრუნდი სახლში, ხოლო ის „ბურჟუის“ შვილები კი პრეზერვატივებით გავისტუმრე შინ“.

გია ფერაძე ის ადამიანი იყო, ვისაც თბილისში მისამართი არ სჭირდებოდა. მას ყველა იცნობდა და ახლაც ბევრი იხსენებს მის არაორდინალურ ქცევებს. მოგვიანებით, როცა მის თავზე ტრაგედია დატრიალდა და საქართველოდან ძალიან შორს, მრავალწლიან „გასტროლებზე“ გაუშვეს, თბილისში ის მაინც არ დავიწყებიათ. მასთან გატარებულ ხალისიან დღეებს ხშირად იხსენებდნენ მისი უბნელები, მეგობრები, თანაკურსელები თუ, უბრალოდ, ერთი დღის გაცნობილი ადამიანები. გია ყველას უყვარდა, მასთან ჭიქის აწევას ყველა სიხარულით ხვდებოდა, და, რაც ყველაზე მთავარია, გარდაცვალების შემდეგაც დღესაც ყველა სიყვარულით, სითბოთი და დანანებით იხსენებს.

ადრე რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მატარებლით მიდიოდა ხოლმე და სადგურზე ზღვა ხალხი აცილებდა, წარმატებით დაბრუნებულებს მეტი ხვდებოდა. გამცილებელ-დამხვედრების რიცხვში იყვნენ გიას მარჯანიშვილელი მეგობრები - ამირან ბუაძე და ასმათ ტყაბლაძე, რომლებსაც თეთრი შურით შურდათ გიას ხშირი წასვლა-ჩამოსვლა.

ერთი გაცილებისას ასმათმა მეგობრულად უსაყვედურა გიას:

- რა არის, ბიჭო, გასტროლებიდან რომ ჩამოდიხარ, ყველასთვის რაღაც ჩამოგაქვს და მე რატომ მივიწყებო.

თეატრის გასტროლებმა ამჯერადაც ტრიუმფით ჩაიარა და თბილისის ვაგზლის ბაქანზე დამხვდურების ტევა არ იყო.

და აი, მატარებელი ბაქანზე შემოვიდა. ყველა თავის ნაცნობს და ახლობელს ეძებს. მსახიობები ფანჯრებში არიან გადმოყუდებული და ისინიც მოუთმენლად ელიან ახლობლებთან ჩახუტებას.

ერთ-ერთი ვაგონის ფანჯრიდან გადმოკიდებული დგას გია ფერაძე და დამხვდურებში ეძებს ვიღაცას. როდესაც თვალი მოჰკრა ასმათს, ყველას გასაგონად, ხმამაღლა გაჰყვირა:

- ასმათ! ტყაბლაძე! ნახე, რა ჩამოგიტანე!

ხელში ეჭირა ქალის წითელი ბიკინი, ფერადი ლიფები, „ფოხანა“ ნიფხავი და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხალხის დასანახავად დროშასავით აფრიალებდა.

ბატონ ჯემალ ჭკუასელს უამრავი ნამდვილი თბილისელი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს და დღესაც ღიმილითა და სიამაყით იხსენებს მათთან დაკავშირებულ თავსგადახდენილ ამბებს. ერთ-ერთ მათგანს ბატონი ჯემალი დღეს მოგვიყვება.

„თბილისის ცენტრალურ უბნებში, უამრავი თავშეყრის ადგილი იყო, ეგრეთ წოდებული „ბირჟები“, მაგალითად, პლეხანოვზე და რუსთაველის გამზირზე. მეც, რასაკვირველია, გარეული ვიყავი მარაქაში, თუმცა დიდი „ბირჟავიკი“ არ გახლდით - სად მეცალა ქუჩაში დასადგომად, სულ ვქეიფობდი. მაშინ სხვა წესები და ურთიერთობები იყო. უსამართლოდ არავინ გაგცემდა ხმას. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთი ძმაკაცი მყავდა, გვარად კეზევაძე. ტანად გალეული, გამხდარი ბიჭი იყო. რომ შეხედავდით, გეგონებოდათ, ვერავის გაექაჩებოდა, მაგრამ ისეთი ძალის პატრონი იყო - მტრისას!

ერთ დღესაც, ჩხუბი იყო. მოვიდა მილიცია და ცუდად აკადრეს რაღაც. ვერ მოითმინა მათგან შეურაცხყოფა და ექვსი მილიციელი მარტომ ისე სცემა, ხინკლებივით დააწყო. რასაკვირველია, ამის გამო დაიჭირეს და მილიციის განყოფილებაში ამოაყოფინეს თავი. მილიციის უფროსს მოახსენეს, კეზევაძე დავიჭირეთ და მოვიყვანეთ, უფროსო, ექვსი მილიციელი გაგვილახა ამ ერთმა კაცმაო. გადაირია ის კაცი. სასწრაფოდ განკარგულება გასცა, შემოიყვანეთ ჩემს კაბინეტში, როგორ გაბედა, ან ვინ არის ასეთი ძალის პატრონიო. ოთხი მილიციელი ამოუდგა გვერდში და ასე მიჰგვარეს მილიციის უფროსს კაბინეტში დამნაშავე.

შეხედა თურმე უფროსმა კეზევაძეს და გაოცდა: ეს ვინ მოგიყვანიათ, მე გითხარით, ის კაცი მომიყვანეთ, ექვსი თანამშრომელი რომ გამილახაო. უთხრეს, ეს არის ის დამნაშავე, ბატონოო. სულ გადარეულა - ამ გაწლიკულმა ადამიანმა რანაირად სცემა ექვს კაცს, ნუ შემშალეთ ჭკუიდანო. მერე დაფიქრებულა და უთქვამს იმ ორი მილიციელისთვის: გაუშვით მაგას ხელი, მოდით აქ, მოიხსენით ქამრები და დაალაგეთ იარაღი ჩემს მაგიდაზეო. ვერ მიხვდნენ, რას უპირებდა უფროსი, მაგრამ ბრძანება უხმოდ შეასრულეს. მიუბრუნდა თურმე მილიციის უფროსი კეზევაძეს და უთხრა: მიდი ახლა და დასცხე ამათ, მაჩვენე ერთი, რა ძალის პატრონი ხარო. იმასაც მეტი რა უნდოდა?! ეცა თურმე და იმდენი ურტყა, დედა უტირა. ამ დღის შემდეგ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა ის მილიციის უფროსი და ისეთ პატივს სცემდნენ, რომ გაივლიდა უბანში, „ბირჟავიკები“ „ჩესტს“ უღებდნენ“.