თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი აშშ-სა და საფრანგეთის ქართულ სათვისტომოებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი აშშ-სა და საფრანგეთის ქართულ სათვისტომოებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებმა აშშ-სა და სტრასბურგში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოებს წიგნები, ჩოხები, ჟილეტები, ქუდები და სხვა ტრადიციული აქსესუარები გაუგზავნეს.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, საჩუქრების იდეა საკრებულოს დელეგაციის სტრასბურგსა და აშშ-ში ვიზიტის დროს გაჩნდა.

საკანონმდებლო ოგანოს თავმჯდომარის თქმით, საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც მოწყურებულნი არიან ქართულ ენას და სურვილი აქვთ უკეთესად დაეუფლონ მას. 
მისივე თქმით, აღნიშნულ ქვეყნებში არსებობს ქართული ცეკვის წრეები, თუმცა ბავშვებს არ აქვთ ჩოხები და ტრადიციული აქსესუარები.

"ჩვენი მიზანია იმ თაობამ, რომელიც იზრდება საკუთარი ქვეყნის გარეთ კარგად და სრულყოფილად შეისწავლოს მშობლიური ენა და უკეთ გაეცნოს ქართველ კლასიკოსებს. აუცილებელია შედგეს კომუნიკაცია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და შეძლებისდაგვარად შევუწყობთ ხელს, რომ მათთვის არ გახდეს უცხო საკუთარი სამშობლო”,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლები აშშ-ში და საფრანგეთში ერთი თვის წინ იმყოფებოდნენ, სადაც ამერიკაში არსებული ქართული თემის სათვიტომო “”თვისტომისა’’  და საფრანგეთში ქართული დიასპორა ’’წმინდა გიორგის’’ წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივად დასახეს სამომავლო გეგმები.

ანალოგიურ ღონისძიებებს საკრებულო მომავალშიც გეგმავს.