რუსები საბჭოთა ფეხბურთს და ეროვნულ გუნდს საკუთარი ერის პრივილეგიად მიიჩნევდნენ, შესაბამისად სსრკ-ში შემავალ სხვა ეროვნების მოთამაშეებს საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად სპორტულის გარდა პოლიტიკური ბარიერების გადალახვაც უწევდათ. ერთი სტატიის ფარგლებში ძნელია მრავალი ქართველი მოთამაშისა და იმდროინდელი ნაკრების მწვრთნელთა თუ საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკთა რთული ურთიერთობების გახსენება, მაგრამ რამდენიმე ფაქტს მაინც შევეხებით.
თავდაპირველად თბილისის „დინამოთი” დავიწყოთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ 1954 წელს მოპოვებული სსრკ-ის ჩემპიონობა ჩვენს გუნდს ადმინისტრაციული წესით დაათმობინეს. ბევრმა არ იცის, რომ „დინამო” უსამართლობის მსხვერპლი ჯერ კიდევ 1936 წელს გახდა, როდესაც ქვეყნის თასის პირველი გათამაშების ფინალში, მსაჯების აშკარა არაობიექტური მოქმედებით მოსკოვის „ლოკომოტივთან” დამარცხდა. ეს მატჩი იმით გამოდგა უნიკალური, რომ თურმე მოსკოველ რკინიგზელებს ერთი „მაშველი” ვარიანტი გააჩნდათ. მათ ნახევარფინალი თანაქალაქელ „დინამოსთან” ჰქონდათ ჩასატარებელი. მოსკოვის „დინამო” იმ ხანად უცხოეთში იმყოფებოდა. ამიტომ ზემდგომმა ორგანოებმა „ლოკომოტივს” უფლება მისცეს პირდაპირ ფინალში ეთამაშათ. ქართველებს რომ მოეგოთ, ამ მატჩის შედეგს გააუქმებდნენ, ორ მოსკოვურ გუნდს ერთმანეთს შეახვედრებდნენ, შემდეგ კი გამარჯვებულს კვლავ ქართულ კლუბს დაუხვედრებდნენ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, არბიტრებმა „ლოკომოტივს” მოაგებინეს და ყველა პრობლემა ამით გადაჭრეს.
თბილისის „დინამო” 1965 წელსაც დაჩაგრეს, როდესაც საბჭოთა გუნდებს ევროთასებზე დებიუტი ჰქონდათ. „დინამოს” ჩემპიონთა თასზე უნდა ეასპარეზა. სამწუხაროდ ქართველები ევროპაში არ გაუშვეს და მხოლოდ თასების მფლობელთა თასზე კიევის „დინამოს” მონაწილეობით დაკმაყოფილდნენ, ვითომ დებიუტანტები ვართ და ჯერ თასების თასი დავაჭაშნიკოთო.
1961 წელს კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონთა თასი თბილისის „დინამომ” მოიპოვა. ამ მატჩს იმდროინდელი საბჭოთა სპორტის არც-ერთი მაღალჩინოსანი არ დასწრებია. ასევე მოსკოვიდან არ გაუშვეს არც-ერთი სპორტული ჟურნალისტიც. წარმოიდგინეთ მსგავსი წარმატებისათვის რომელიმე რუსულ გუნდს რომ მიეღწია. რაღა შორს მივდივართ. 1962 წელს იგივე ევროპის ჩემპიონთა თასი მოსკოვის „ცსკა”-ს კალათბურთელებმა აიღეს. ამ კლუბის გადამწყვეტ შეხვედრებს იმდროინდელი მთელი პარტელიტა და სხვა რანგის კომუნისტური ლიდერები ესწრებოდნენ.
საქართველოს უპირველესი გუნდის ჩაგვრასთან ერთად, იმპერიული სპორტული მანქანა ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგაც იყო მიმართული.
1952 წელს, სსრკ-ის ეროვნულმა გუნდმა ჰელსინკის ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქ ჩაატარა ავთანდილ ჭკუასელმა თავისი ერთადერთი მატჩი ნაკრებში. ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოელების გამოსვლა მეტად დრამატული აღმოჩნდა. ბულგარეთთან დამატებით დროში მოგებული შეხვედრის შემდეგ იუგოსლავიის ძლიერ გუნდს შეხვდნენ. პირველ მატჩს საბჭოთა ფეხბურთელები 1:5-ს აგებდნენ და სასწაულად შემოატრიალეს მატჩი - 5:5. გადათამაშებაში კი 1:3-ზე დამარცხდნენ. ამ მატჩში გამოვიდა ნაკრების დებიუტანტი ავთანდილ ჭკუასელი და, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მარცხი თითქმის მთლიანად მას დაბრალდა. საკავშირო პრესამ, თითქოს პირი შეკრაო, იგი დაასახელა მარცხის მთავარ მიზეზად და კიდევ მიხეილ იაკუშინი, რომლის რეკომენდაციითაც აიყვანეს გუნდში ჭკუასელი.
1962 წელს ანალოგიური შემთხვევის მსხვერპლი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გივი ჩოხელი შეიქმნა. ჩილეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოელები კოლუმბიას ხვდებოდნენ. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჯერ 3:0-ს, შემდეგ 4:1-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად კოლუმბიელებმა ბოლო 20 წუთში სამი გოლი გაიტანეს და მატჩიც 4:4 დასრულდა. ამ თამაშმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, რუსების კერპმა ლევ იაშინმა ძალიან სუსტად ითამაშა და მის პრესტიჟს რომ გაფრთხილებოდნენ, ზოგიერთმა რუსულმა გაზეთმა სხვა დამნაშავეების ძებნა დაიწყო. კერძოდ, კოლუმბიელების კუთხურიდან გატანილ გოლში გივი ჩოხელს ადანაშაულებდნენ, რადგან იაშინმა მას დაუყვირა - „ბერი!” (აიღე!), ჩოხელმა კი „ბერუ” (ვიღებ ) გაიგო, ბურთი გაატარა და გოლიც ამიტომ გავიდაო.
თუმცა, ფეხბურთის მცოდნე ადამიანი უმალ მიხვდება, რომ თუ მცველი ისედაც იღებს ბურთს, მას მეკარე ამის გამო არ უყვირის. ეს რომ ასე იყო, შემდეგში თვითონ იაშინმაც დაადასტურა. ობიექტურობით არც თუ ისე გამორჩეული ანდრეი სტაროსტინი კი წერდა, რომ ეს შედეგი არა იმდენად დაცვის ბრალი იყო, რამდენადაც თავდამსხმელების, რომელთაც რაკი მიეცათ მითითება, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოეგოთ, ბედის ანაბარა დატოვეს უკანა ხაზის მოთამაშეები.
გახსოვთ ცნობილი მოთამაშე სლავა მეტრეველი. ეს უკანასკნელი 1963 წელს მოსკოვის „ტორპედო”-დან თბილისის „დინამოში” გადმოვიდა. სადამსჯელო ოპერაციებმაც არ დაახანა. როცა სლავა მოსკოვში ასპარეზობდა მის ნაკრებში უთამაშობლობაზე ლაპარაკიც არ იყო. თბილისში გადმობარგების შემდეგ კი 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურმა ეტაპმა მის გარეშე ჩაიარა. 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატში სლავა კვლავ ნაკრების შემადგენლობაშია, მაგრამ არც პირველ და არც მეორე მატჩში ძირითადში არ დაუყენებიათ. საბოლოოდ „ნისლიან ალბიონზე” მეტრეველმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ჩილესთან და პორტუგალიასთან.
1970 წლის სეზონი 34 წლის სლავამ ბრწყინვალედ დაიწყო და მოხვდა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. სამწუხაროდ იქ მინდორზე საერთოდ არ გამოუყვანიათ.
მურთაზ ხურცილავას მაშინდელ საბჭოთა ფეხბურთში უდიდესი ავტორიტეტი გააჩნდა და შესტერნიოვის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური გადაეცა. აი ასეთი კაცი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაჩაგრეს, მცირე ბრინჯაოს მედალს არ აძლევდნენ. ჯილდო კინაღამ პორკუიანს მიაკუთვნეს, თუმცა პირველობის შემდეგ სამართალმა პური მაინც ჭამა.
წინა საუკუნის 80-იან წლებში საკავშირო ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკები განსაკუთრებული „მზაკვრობით” თბილისის „დინამოს” მეკარე ოთარ გაბელიას მოექცნენ. ეს უკანასკნელი იმ ხანად შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და ქვეყნის პირველ კარის დარაჯს, რინატ დასაევს დიდ კონკურენციასაც უწევდა. დასაევი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებული პიროვნება იყო და ზურგს უკან მეტოქეს ვერ ეგუებოდა. ჩინოვნიკებმა „შესანიშნავი” გეგმა ჩაიფიქრეს.
1979 წელს ოთარი ნაკრების რიგებში მიიწვიეს. იმ ხანად თბილისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები ეწვია. საბჭოთა გუნდის თავკაცებმა სტუმრებს ერთგვარად სუსტი შემადგენლობა დაახვედრეს. კარში კი გაბელია გაამწესეს. რასაკვირველია გერმანელებმა იოლად მოიგეს. მწვრთნელებმა მარცხი ქართველ მეკარეს დააბრალეს. მას შემდეგ გაბელიასათვის ნაკრების კარი სამუდამოდ დაიხურა. ამ მატჩიდან რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა სპორტის უმაღლესი ეშელონებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მოწყობილი ყოფილა, რადგან რინატ დასაევს ოთარ გაბელია ნერვებს უშლიდა. ასე შეეწირა რინატის ამბიციების დაკმაყოფილებას ქართველი კარის დარაჯის საერთაშორისო სანაკრებო კარიერა.
რინატ დასაევმა და ოთარ გაბელიამ კიდევ ერთი ცნობილი მეკარე გამახსენა. საუბარი ანზორ კავაზაშვილზე მაქვს. რამდენჯერმე ფეხბურთის „სტაჟიან“ გულშემატკივრებს შორის მოხვედრა მომიწია და ამ ხალხთან დიდი კამათიც მომიხდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი პირადი რწმენით ანზორ კავაზაშვილი არა ქართველ, არამედ რუს ფეხბურთელად უნდა მოვიხსენიოთ. ამისი მიზეზი კი მისი „სახელოვანი“ ბიოგრაფია გახლავთ.
რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩამივარდა ერთ-ერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებული ბატონი ანზორის ინტერვიუ. ეს მეკარე წარმოშობით ბათუმელი გახლდათ და ახალგაზრდობაში თბილისის „დინამოში” მიიწვიეს. იქ კარებში სერგო კოტრიკაძე დახვდა და ახალბედაც სათადარიგოთა სკამზე დასვეს. არ ვიცი ეს ეწყინა თუ არა, კავაზაშვილი ქართული საფეხბურთო სამყაროს მიმართ ბოღმით აღევსო და მთელი ინტერვიუც ამ პათოსით არის გამსჭვალული. თავდაპირველად „დინამოდან” გაიპარა და მოსკოვში, „სპარტაკის” საწვრთნელ ბაზას მიადგა. იქ უარი მიიღო და იძულებული გახდა კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო. ერთ-ორ წელიწადში კვლავ გაიქცა და მაშინდელ ლენინგრადის „ზენიტში” ჩაირიცხა. იქ დიდი ხანი ვერ გაძლო და მოსკოვის „ტორპედოში” გადაბარგდა. კავაზაშვილი იხსენებს 1964 წლის ტაშკენტის „ოქროს მატჩის” პერიპეტიებსაც. თამაშის წინ ქართველმა საქმოსნებმა მოინახულეს და „ანზორ ბურთები გაუშვიო”, დიდძალ თანხას სთავაზობდნენ. კავაზაშვილი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გოლების გაშვების შემთხვევაში რუსები ხელს მისკენ გამოიშვერდნენ და თამაშის გაყიდვასაც დააბრალებდნენ. ამიტომაც კარში მის ნაცვლად შაპოვალენკო დააყენეს. ის ისტორიული შეხვედრა როგორც დასრულდა დღეს ყველამ იცის.
წინა საუკუნის 70-იან წლებში კავაზაშვილი ქუთაისის „ტორპედოს” მოთამაშე მწვრთნელად დაინიშნა. სამწუხაროდ ოცი ტურის შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს და გარუსებული ქართველიც ამ ინტერვიუში იმდროინდელ ქუთაისსა და ამ ქალაქის ხელმძღვანელობას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. ღმერთი სამართლიანია და ენაჭარტალა „მოხალისე ლტოლვილს” ბედმა მოგვიანებით უგანა. დამოუკიდებელი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში განაცხადი შეიტანა, თუმცა ქართული წარმომავლობის გამო პირველობა კოლოსკოვის სასარგებლოდ დაათმობინეს. შეიძლება მართლაც განაწყენებული იყო ისტორიული სამშობლოს მიმართ, მაგრამ ნორჩი ასაკიდან რუსეთში ნებაყოფლობით ემიგრირებულს იმდენი თავშეკავება უნდა გამოეჩინა, რომ ინტერვიუში ქართველობა უდიერად არ მოეხსენიებინა.
მრავალი ქართველი ფეხბურთელი დაჩაგრეს რუსებმა, მაგრამ ამათგან „გამორჩეულები” მაინც მიხეილ მესხი და დავით ყიფიანი არიან, თუმცა ამ ორი გამოჩენილი მოთამაშის „საბჭოელებთან ურთიერთობის“ მძიმე საკითხი ცალკე წერილის თემაა.