“სამართალი ისევ “ნაციონალებისთვის” ზეიმობს!”

“სამართალი ისევ “ნაციონალებისთვის” ზეიმობს!”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების სასამართლოსა და სხვა სამართალდამცავ უწყებებში დაბარებაზე მორატორიუმის გამოცხადებას შეეხებოდა, ბოლო დღეების ყბადაღებულ თემად იქცა. ეს ინიციატივა, შესაძლებელია, ერთგვარი პრევენციაა, რომ ყოფილ მმართველ გუნდს, რომელიც ნებისმიერ დაჭერას თუ დაკითხვას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, ზედმეტი სალაპარაკო აღარ მიეცეს... რას ფიქრობ ხალხი .. საარჩევნო მორატორიუმზე?

დავითი, 22 ლის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი: - პრემიერის განცხადებამ არ გამაკვირვა, რადგან მთავრობას საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერების შესაძლებლობა აქვს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, იმ პირთა დაკავებისგან თავის შეკავებაში გამოიხატება, ვინც საარჩევნო პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ეს მთავრობას რისთვის სჭირდება... ჩემი აზრით, წლებია, ბევრი გადაუდებელი საქმე ელის გამომზეურებას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, პროცესი ყოვნდება. სწორედ ეს, ანუ რეალობის წვდომაა პრობლემა და ეს მთავრობისგან დათმობას ჰგავს. - არღვევს თავის უპირველეს ვალდებულებას, სახელმწიფოში დაიცვას კანონიერება და კანონის უზენაესობა. ამის გარეშე სხვა დანარჩენი, უბრალოდ, აზრს ჰკარგავს.

- ანუ, დავით, ფიქრობ, რომ სახელმწიფო გარკვეულ თამაშს თამაშობს და საკუთარი ქმედებით კანონიერების პრინციპს არღვევს, რომელსა, პირველ რიგში, უნდა იცავდეს, არა?

- დიახ, ზუსტად ასეა - მთავრობა საზოგადოებისთვის, როგორც კანონის უპირველესი დამცველი, მაგალითი უნდა იყოს. როდესაც პიროვნება დანაშაულშია შემჩნეული, სახელმწიფო რატომ უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობდეს, როცა უტყუარი მტკიცებულებებით მისი დაუყოვნებლივ დაპატიმრება შესაძლებელია? ჩემთვის სამართალი, მისი დაცვა და აღსრულება მაშინაა, როცა იკვეთება საამისო აუცილებლობა და არა - მაშინ, როცა ამის, როგორც დიდი პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი რიგითი სვლის საჭიროება დგება.

გია, 35 წლის, ფილოლოგი:  - ეს მორატორიუმი იმ ძველი ჭირისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობის მიცემაა, რომელიც ერთხელ უკვე მოვიშორეთ, ახლა კი, გზას ჩვენივე ხელით ვუხსნით. რატომ ვაძლევთ ამ დაჯგუფებას დროს, რომ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდეს?

ნოდარი, 46 წლის, ტაქსის მძღოლი: - შვილო, საწყენი და სამარცხვინო, იცი, რა არის? - როცა ადამიანს იმედი გაქვს, რაღაც ახალს ელი და ხელში ისევ იგივე ჭუჭყი და სიბინძურე გრჩება. ხომ გაგიგიათ, შეუჩვეველს შეჩვეული ჭირი ჯობიაო, მაგრამ იმ შეჩვეულის შენარჩუნება რომ გვდომოდა, “ოცნებას” ხომ არ ავირჩევდით? ხმა სიახლეს, ახალ ძალას მივეცით და გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა. ახლა კი, რას ვხედავთ? - სამართალი ისევ “ნაციონალებისთვის” ზეიმობს.

დიანა, 58 წლის, დიასახლისი: - მორატორიუმი რატომ არ უნდა გამოცხადებულიყო? მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას. ჯობია, საქმე ბოლომდე გაიხსნას და ის, ვინც დასაჭერია, მერე დაიჭირონ. ამ გაუთავებელი დაჭერებითა და ბატალიებით ხალხიც დაიღალა!

მანანა, 53 წლის, უცხო ენების სპეციალისტი: - ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მიუღებელია, როცა ვხედავ, თუ როგორ იყენებს ესა თუ ის მთავრობა სახელმწიფო ინტერესს. საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმა და მისი შეგრძნება გაქრა. განა, სასიკეთოა, როცა ახალი მთავრობა დამნაშავეებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გზას საკუთარი  ხელით უხსნის? - დღეს მათ მთავრობა დაიცავს, ხვალ - კანონი და იმუნიტეტი. ყოვლად მიუღებელია, პოსტსამოფარებული დადიოდეს დამნაშავე, როცა საზოგადოებისგან გისოსები უნდა მიჯნავდეს. განა, საარჩევნო კოდექსში ის წერია, კანონდამრღვევი, რომელიც საარჩევნო პროცესშია ჩართული, დავიცვათ? რატომ უნდა შეჩერდეს დამნაშავის დასჯა? - ეს ხომ საზოგადოების დიფერენცირებაა?! დასასჯელი უნდა დაისაჯოს!

ცოტნე, 18 წლის, აბიტურიენტი: - არ მესმის, ეს გადაწყვეტილება რას გულისხმობს, თუმცა, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, ანუ დასაჭერი უნდა დაიჭირონ. მერე რა, რომ ის საარჩევნო სუბიექტი, ან ძველი მთავრობის წევრია?

მოკლედ, სამართლიანობის განცდა, კანონის უზენაესობისა და მის წინაშე თანასწორობის პრინციპები ის უპირველესი მოძღვრებანი, გნებავთ, ფუნდამენტი უნდა იყოს, რომელზეც სახელმწიფოებრიობა და მისი განვითარების უზოგადესი პრინციპი აიგება და როცა საზოგადოება დაინახავს, რომ მთავრობა ყველა ახალი გადაწყვეტილებით სწორედ ამ ნიშნების დაცვას ემსახურება, ანუ საკუთარ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს, ამდენი სჯა-ბაასი აღარ დასჭირდება, რადგან სამართლიანობა ერთია, ინიციატივა კი, ადამიანისგანაა ინიცირებული, რომელიც ვიღაცისთვის ჭეშმარიტებაა, ვიღაცისთვის კი, - სუბიექტური აზრი.