კახა კუკავა: “პრორუსულობის რა შემამჩნიეთ?!”

კახა კუკავა: “პრორუსულობის რა შემამჩნიეთ?!”

თავისუფალმა საქართველომდაახალმა მემარჯვენეებმაწლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი - “არასაპარლამენტო ოპოზიციაშექმნეს, რომლის თბილისის მერობის კანდიდატიც კახა კუკავაა. “ხელისუფლების რეალური და ჯანსაღი ოპონირება მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია, თუმცა სამწუხაროა, რომ ბურჯანაძემ ეს არ მოისურვა და წყლის დასხმა ხელისუფლების წისქვილზე გადაწყვიტა”, - აცხადებსქართულ სიტყვასთანსაუბრისას კახა კუკავა.

- ბატონო კახა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ ბლოკიახალ მემარჯვენეებთანშექმენით - “ახლებიყოველთვის პროდასავლურ კურსს უჭერდნენ მხარს, თქვენ კი, - პრორუსულს.

- ჩემს პარტიას პრორუსულობა რა შეამჩნიეთ? ეს იარლიყი „რუსთავი 2“-მა მოგვაკერა და ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენც ამ კლიშეთი მსჯელობთ. არ ვთვლი, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ... ჩემს გარდა, ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ყველას რუსეთთან აკავშირებდნენ.

რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებთან“ ჩვენს გაერთიანებას, ერთიანი ბლოკის შექმნა ყველა არასაპარლამენტო პარტიას შევთავაზეთ, მაგრამ თანხმობა მხოლოდ „ახალი მემარჯვენეებისგან“ მივიღეთ. სხვა პარტიებმა კი, ამ ეტაპზე უარი თქვეს. ქალბატონმა ბურჯანაძემ გადაწყვიტა, არჩევნებში ცალკე პარტიად მიეღო მონაწილეობა.

- ბურჯანაძესქრისტიან-დემოკრატებიდა ყოფილი ლეიბორისტები შეუერთდნენ...

- აქ პატარა ეშმაკობას აქვს ადგილი, ბურჯანაძის პარტია ბლოკის სახელით გამოდის, მაგრამ მან განაცხადა, რომ გაერთიანდებოდა მხოლოდ ისეთ ძალებთან, რომლებიც საკუთარ პარტიას მიატოვებდნენ და მის პარტიაში გაწევრიანდებოდნენ.

- ბურჯანაძესთან კავშირი, როგორც ვიცი, “ქრისტიან-დემოკრატებისგამო არ ისურვეთ. ასე, არაა?

- ეს წინაპირობად არ დაგვიყენებია, თუმცა განვაცხადეთ, რომ მათთან ურთიერთობის სურვილი დიდად არ გვქონდა. როცა ბლოკის შექმნაზეა საუბარი, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისებზე, სხვანაირად არ გამოდის. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველა ნაბიჯი გადავდგით... დაძლევენ თუ არა სხვები ვიწრო პარტიულ ამბიციებს, ეს მათზეა დამოკიდებული.

- კარგად მახსოვს, წინა არჩევნების დროს, ბილბორდებზე, თქვენ და დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთად იყავით გამოსახული - ლორთქიფანიძე თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მუდამ გვერდში გედგათ. დღეს კი ბურჯანაძის ბლოკის მერობის კანდიდატია. რატომ გაგეყარათ ლორთქიფანიძე?

- მართალია, დიმიტრი წინა არჩევნებში კენჭს ჩვენი პარტიიდან იყრიდა, მაგრამ მანამდე სხვა პარტიის სახელით გამოდიოდა. სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არაა, რომ ჩვენი თანაგუნდელი ბურჯანაძის გუნდში გადავიდა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ვაპირებთ, მასთან მიმართებაში კორექტული კამპანია ვაწარმოოთ. ვფიქრობ, რომ დიმიტრის ადგილი ბურჯანაძის გვერდით არაა, მაგრამ ის ზრდასრული ადამიანია და გადაწყვეტილებაც მისი მისაღებია.

- ლორთქიფანიძე ბურჯანაძესთან, ალბათ, იმიტომ წავიდა, რომ მერობის კანდიდატობას არ სთავაზობდით...

- მერობის კანდიდატად ლორთქიფანიძე ჩვენს პარტიაშიც განიხილებოდა და მისი გადასვლის მიზეზი ეს არ გამხდარა. ვუთხარი, რომ ნებისმიერ არჩევნებში  შეეძლო კენჭი ეყარა „თავისუფალი საქართველოს“ ეგიდით. დიმიტრი დაგვთანხმდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი გვითხრა - რატომღაც ჩათვალა, რომ მისი ფასეულობები უფრო ახლოს ბურჯანაძესთანაა.

- ბატონო კახა, ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაში ხომ არაა?

- არა! ისე, სწორი არ მგონია, დიმიტრიმ ცალკე კანდიდატურა რომ დააყენა და მე - ცალკე. ჯობდა, ერთიანი ბლოკი შეგვექმნა და ერთიანი კანდიდატი დაგვესახელებინა.

- ისე, ვერ ხვდებით, რომ ამდენი ოპოზიციური კანდიდატი ერთმანეთს ხმებს რომ წაართმევს?

- გეთანხმებით, ასე მოხდება, მაგრამ ამაში ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის, რადგან ხელისუფლების წისქვილზე წყალს ნინო ბურჯანაძე ასხამს! ერთიანი ბლოკის შექმნის შემთხვევაში, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავაყენებდით, მაგრამ ბურჯანაძემ ცალკე გადაწყვიტა კენჭის ყრა, “ლეიბორისტებსაც“ ტრადიციად აქვთ ცალკე გამოსვლა არჩევნებში.

- მერობის ყველა კანდიდატი მთავარ კონკურენტად დავით ნარმანიას მიიჩნევს, თქვენც ასე თვლით?

- იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების კანდიდატია, ნარმანია ყველაზე მთავარი კონკურენტია. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არჩევნების წინ ბაქიაობა არ მიყვარს და ვთვლი, რომ ლორთქიფანიძე და მელიაც საკმაოდ ძლიერი კანდიდატურები არიან. მახსოვს, შარშან, ნაძალადევის არჩევნების წინ, ყველა წამყვან გაზეთში რეიტინგები ქვეყნდებოდა, ზოგან მე-7 და ზოგან მე-8 ადგილზე ვიყავი, მაგრამ მეორეზე გავედი. თავის ქება ახლაც რომ დავიწყო, ამას კიტრის ფასი აქვს. ამიტომ ჩატარდება არჩევნები და ყველა დაინახავს, ვის რისი თავი აქვს.

- როგორც მახსოვს, თავის დროზე რუსეთში მოღვაწე, პუტინის მეგობარი ალექსანდრე ებრალიძე გაფინანსებდათ. მოგვიანებით კი, ითქვა, რომ  დაფინანსება შეგიწყვიტათ. ამის მიზეზი რა გახდა?

- პარტიების დაფინანსება გამჭვირვალეა და ვიდრე „რუსთავი 2“-ის მიერ მოგონილ ჭორებს გავავრცელებთ, ჯობია, ავიღოთ დეკლარაცია და წავიკითხოთ, შემომწირველებს შორის არის თუ არა ებრალიძე. ამჟამად, ჩვენ კომპანია „ალიონის“ ოფისში ვართ და ამ კომპანიას ფულს არ ვუხდით. ოფისი, მეგობრულად, დროებით დაგვითმეს. რაზე ეტყობა „თავისუფალ საქართველოს“ დაფინანსება? შეგიძლიათ, ჩემი სახლი, მანქანა ნახოთ. ჩემს გარდა, ყველა თანამშრომელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობს და ხალხს ფულიანები რატომ ვგონივართ?

- ადრე განაცხადეთ, რომ ებრალიძეს, მოსკოვში, ხშირად სტუმრობდით...

- ადამიანთან დალაპარაკება დაფინანსებას არ ნიშნავს. ეგრე, ლევან გაჩეჩილაძეს აბრალებდნენ, კახა თარგამაძე აფინანსებსო. ამ საკითხზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: არ ვიმალები, არასოდეს არსად გავქცეულვარ, გამოიძიონ და დამიმტკიცონ, რომ ებრალიძე ფულს მირიცხავდა. ადრე ჩვენი პარტიის წარმომადგენელიც დააჯარიმეს სოლიდური თანხით, მაგრამ ებრალიძის კვალი იმ საქმეშიც არ ჩანდა.

- ეს არჩევნები ძველი კანონმდებლობით ტარდება. გაყალბების შანსი მაღალია?

- გვინდა, რომ გაყალბების დონე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაგრამ ხელისუფლებამ განგებ გააჯანჯლა, რომ საარჩევნო კანონში ცვლილებების მიღება ვერ მოესწროთ. წელიწადნახევარში მხოლოდ საარჩევნო კოდექსის მიღება კი არა, ნორმალური მთავრობები ეკონომიკურ რეფორმებსაც ატარებენ.

- კახა კუკავასთვის, როგორც მერობის კანდიდატისთვის, რა არის პრიორიტეტი?

- აღდგომის შემდეგ, პროგრამის პრეზენტაციას გავმართავ და ხალხს დავარწმუნებ, რომ მისი წაკითხვის მერე, სხვა პროგრამების გაცნობა აღარ მოუნდება. ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ჩვენს გარდა მთავრობაში ყველა პოლიტიკური ძალა იყო და თუ რამე სასიკეთო ძვრების განხორციელების სურვილი ამოძრავებდათ, ხელს ვინ უშლიდათ? როცა ნიკა მელია ამბობს, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო უნდა იყოსო, ამაზე აქამდე რატომ არ იზრუნეს? როცა ნარმანია დასაქმების ხელშეწყობაზე ლაპარაკობს, მინისტრი იყოს და ამ მხრივ რამე გააკეთა? ბურჯანაძე სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს და ეს მაშინ, როცა 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი  მომიტინგეები სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა. ჩვენ კი, ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფიით დავამტკიცეთ, რომ იმას ვაკეთებთ, რასაც ვამბობთ!

- ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებასთან დაკავშირებითნაცმოძრაობამ“, შეხლა-შემოხლის ფონზე, მიტინგების ჩატარება ვერ მოახერხა, თუმცანაციონალებისაზოგადოებას არწმუნებენ, ქვეყანა მწვავე ეკონომიკურ კრიზისშიაო.

- უმუშევრობა სააკაშვილის დროსაც არსებობდა და ახლაც იგივე მდგომარეობაა. შევარდნაძის დროს უფრო მეტი დასაქმებული იყო... ცხადია, ეკონომიკა ერთ ადგილზე ვერ იდგება - ან რეცესიაშია, ან ზრდაში მიდის,  ჩვენთან რეცესიაა. საზოგადოება ეიფორიაში იყო, ბიძინას ფული რად უნდა, საკმარისზე მეტი აქვს და ხალხს დაეხმარებაო, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, პირადი ბიუჯეტიდან თეთრიც აღარ დაუხარჯავს. ქველმოქმედება, რომელსაც მას მიაწერდნენ, პიარის ნაწილი იყო, როცა ბუბა კიკაბიძეს მატერიალურად იმ მიზნით ეხმარები, რომ გამოვიდეს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარი დაგიჭიროს, ამას კლასიკურ ქველმოქმედებას არ ვეძახი.

- ბოლო დროს პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოარული ხმით, კარგი ურთიერთობა პრეზიდენტს არც მოქმედ პრემიერთან აქვს...

- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ივანიშვილს უნდა, კულუარებში იჯდეს და მინისტრებმა ანგარიში ყოველ დღე ჩააბარონ. სახელმწიფო აპარატში იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ შეთავაზებას მიიღებენ, მაგრამ ყველა მისი მონა ხომ არ იქნება? შეუძლებელია, ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თუ ერთი ბეწო თავმოყვარეობა მაინც გაქვს, წახვიდე და ყოველ დღე რომელიმე ოლიგარქს ანგარიში ჩააბარო.

- რამდენიმე ხანია, კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც  სავარაუდოდ, პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრის წინაპირობაა. რამდენად შედეგიანი იქნება მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა?

- როცა ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული სიტუაციაა, პრინციპული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. სააკაშვილი პუტინს ატყუებდა და მათ შორის ურთიერთობა ამიტომაც დაიძაბა. აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს პრინციპული ხედვა, რა საკითხში შეუძლია რუსეთთან კომპრომისზე წასვლა და პირიქით. მარგველაშვილი პუტინს ვერაფერში შეუთანხმდება, რადგან ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი იღებს. ამიტომაცაა ლეგიტიმაციის კრიზისი. ქვეყანას ისეთი მთავრობა უნდა ჰყავდეს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი ექნება. როცა პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს პრემიერს უთანხმებს, ამ ვითარებაში მოლაპარაკება კი არა, შიდა გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება და ჩიხში შედიან. ამიტომაც მგონია, რომ მარგველაშვილის პუტინთან შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს და საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება შეიძლება, უფრო დაძაბოს.