“პუტინი გამყიდველია!”, ანუ რისთვის იბრძვით თქვენ, ამხანაგო პუტინ?!

“პუტინი გამყიდველია!”, ანუ რისთვის იბრძვით თქვენ, ამხანაგო პუტინ?!

მსოფლიო გამოემშვიდობა მარკესს - გაბო (ასე ეძახდნენ) აღარ არის, თუმცა მისი სულის მაგია მის წიგნებში დარჩა და თითქმის ყველა ქვეყანაში სპეციალური გადაცემები მიუძღვნეს მწერალს. კითხულობდნენ ნაწყვეტებს მისი წიგნებიდან და არ გამიკვირდა, როცა რუსულმა არხმადოჟდმა” “პატრიარქის შემოდგომაშეარჩია. “მარკესის პატრიარქი, - წერს ერთ-ერთი რუსი მკითხველი, - კასტროს, ჰიტლერისა და პუტინის ერთგვარი ნაზავია”.

ამ ნაწარმოებში გროტესკულ ფორმაშია მოთხრობილი პატრიარქის ცხოვრება - ლათინოამერიკელი დიქტატორი რეალურად არსებული ტირანის განზოგადოებულ სახეს წარმოადგენს. ნაწარმოების ყველა გმირი ბურუსში ცხოვრობს, მაგრამ პატრიარქის ბურუსი ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზეა, სადაც მის გარდა არავის აქვს ადგილი. იგი სასტიკი, დიადია და ასეთად სწორედ თავისმა ხალხმა აქცია - ხალხი მისგან სამკურნალო მარილის მწიკვსა და სტიქიური უბედურებებისგან გადარჩენას ელის. ხალხმა შეთხზა ლეგენდა, რომელიც სჭირდებოდა, ლეგენდა, რომელიც აწყობდა და პატრიარქი არა თავისი, არამედ, გამოგონილი ლეგენდებით ცხოვრებას იწყებს.

და ბოლოს, პატრიარქი ტყვე ხვდება ილუზიისა, რომელსაც ძალაუფლება ჰქვია. მისი სასახლის აუღებელი კარიბჭე თავისით იხსნება და... ხალხი თვალნათლივ ხედავს ამაზრზენ სურათს - საოცრად მისტიკურ სიბინძურეს, სიურეალისტურ სიმყრალეს.

მხოლოდ მარკესს შეუძლია, დაწეროს სრულიად სიურეალისტური წიგნი ისე, რომ გარშემო არსებული სამყაროს ყოველდღიურობა დაინახო. დაინახავ ისე, როგორც მწერალი ხედავს, იგრძნობ ისე, როგორც მწერალი გრძნობს, განიცდი ისე, როგორც მწერალი განიცდის და შეძრწუნდები. სწორედ ამაშია მწერლის მაგია, დიდი მწერლის მაგია.

რუსულ ლიტერატურულ ფორუმებზე “პატრიარქის შემოდგომას” განიხილავდნენ და, ჩემდა გასაოცრად, რუსი მკითხველების დიდი უმეტესობა მარკესის პატრიარქში პუტინსა და დღევანდელ რუსეთს ხედავდა. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეთა ინტელექტუალური ნაწილი (ძალიან მცირე, რადგან 143 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში) პუტინის ძალაუფლების ხიბლში არაა და ეს უკვე იმედის მომცემია.

პოლიტიკაში სიურეალიზმი არსოდესაა ზედმეტი

ეს ფრაზა პუტინს ეკუთვნის და 14 წელიწადია, თავისი სიურეალისტური პოლიტიკით ნუსხავს ფანატიკოს ბრბოს და შოკში აგდებს მსოფლიო ლიდერებს. პუტინის ფანები მას “ცარ”-ს (მეფე) ეძახიან და მის ყოველ სამხედრო ვოიაჟს ყიჟინით ხვდებიან. 143 მილიონიდან 100 მილიონს (5 წლამდე ბავშვები რომ გამოვრიცხოთ) მაინც რუსული “დერჟავის” აღდგენა და ახალი მიწების შეერთება უნდა. ზესიურეალისტური, სხვა რა შეიძლება დაერქვას, პუტინის განცხადებას, რომ ალიასკა რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, რომ რუსები არიელები არიან და საკაცობრიო კულტურა რუსების შექმნილია.  

“ჩვენ არ ვიცოდით სხვა ისტორია ჩვენი ქვეყნისა, გარდა თავად მისი ისტორიისა. ჩვენ არ ვიცოდით სხვა სამშობლო, გარდა იმისა, რომელიც თავად მან შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად, რომლის სივრცისეულ განზომილებას ცვლიდა ისე, როგორც ისურვებდა და დროს თავის აბსოლუტურ ნებას უმორჩილებდა (“პატრიარქის შემოდგომა”).

“მე ვეძებდი ამ წიგნში ღრმა ფილოსოფიას, ვეძებდი ჭეშმარიტებას, რომელიც კითხვის დროს გონებიდან მისხლტებოდა და ბოლოს, მთელი წიგნის არსი პატრიარქის ერთ ფრაზაში ჩაჯდა: “სიმართლე თუ სიცრუე - რა განსხვავებაა? დროთა განმავლობაში, ყველაფერი სიმართლე გახდება, ნებისმიერი სისულელე!” (ფორუმელის კომენტარიდან).

პუტინმა, მართლაც, დაწერა რუსეთის ახალი ისტორია, უფრო სწორად, დააწერინა რეგიონალურ ისტორიკოსებს. მან შექმნა რეგიონალური ისტორიკოსების სამსახური, რომელიც უშუალოდ კრემლის მონიტორინგის სამსახურშია. რეგიონალური ისტორიკოსები უმთავრესად კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ და ევალებათ, ძველი წელთაღრიცხვით დაწყებული დღემდე, “შეასწორონ” მსოფლიო ისტორია.

სიურეალისტური პროექტია, არა? - ნამდვილად ასეა.

რეგიონალური ისტორიკოსების მიერ დაწერილ ისტორიაში რუსები არიელები არიან, რომელთაც კულტურა შემოიტანეს კავკასიაში, შემდეგ, აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ და იქაც კულტუროლოგიური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი.

კრემლში, “გოსდუმაში” უკვე გამოვიდნენ დეპუტატები, რომლებიც ითხოვენ, რომ სკოლებისთვის ახალი რუსული ისტორიის სახელმძღვანელო დაიწეროს, რათა ბავშვებმა სიმართლე გაიგონ, გაიზარდნონ ჭეშმარიტ რუსულ ისტორიაზე და ბავშვობიდანვე შეისისხლხორცონ რუსული ნაციის უპირატესობა ყველა დანარჩენზე.

ახალ რუსულ ისტორიაში ხაზგასმულია ნაციათა სამი კატეგორია:

ერი, რომელიც კულტურას ქმნის;

ერი, რომელიც კულტურას ანვითარებს;

ერი, რომელიც კულტურას ანადგურებს.

ახალი საკაცობრიო ისტორიის დამწერი ისტორიკოსები აცხადებენ, რომ პირველი და მეორე კატეგორია (ერი, რომელიც კულტურას ქმნის და ერი, რომელიც კულტურას ანვითარებს) რუსები არიან, ყველა დანარჩენი კი, არის ერი, რომელიც კულტურას ანადგურებს.

როდის შევა სკოლებში ახალი რუსული ისტორიის სახელმძღვანელო, ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი კრემლის კონტროლზეა აყვანილი.

აი, ამას ჰქვია ბურუსი, ბურუსი “პატრიარქის შემოდგომიდან”.

ერთი სიტყვით, “პატრიარქი პუტინი” მთელ დანარჩენ მსოფლიოს უპირისპირდება და, მარკესი რომ ცოცხალი იყოს, კიდევ ერთხელ, უფრო სწორად, მეთექვსმეტეჯერ დაწერდა “პატრიარქის შემოდგომას”.

ცნობისთვის, მარკესმა 15-ჯერ გადაწერა, შეცვალა თავისი რომანი და თვლიდა, რომ “პატრიარქის შემოდგომა” უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე - მისი ძალიან გახმაურებული რომანი “მარტოობის 100 წელი”.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში მარკესს ჰკითხეს:

“ჯადოქარი რომ იყოთ, რას შეცვლიდით”?

მარკესმა უპასუხა:

“მარტოობის 100 წელს სხვანაირად დავწერდი”.

სანამ “პატრიარქის შემოდგომის” ჰიპოსტასი პუტინი სიურეალისტური პოლიტიკის მასტერ-კლასს აჩვენებდა მსოფლიოს, უფრო სწორად, მესამე კატეგორიის ერებს, უკვე იყო საუბარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი ცივი ომის დაწყებაზე.

ნიუ გოლდ ვორ

ედუარდ ლუკასი, ჟურნალ “ეკონომისტის”  საერთაშორისო განყოფილების რედაქტორი, ავტორი ორი წიგნის - “ახალი ცივი ომი: როგორ ემუქრება კრემლი რუსეთს და დასავლეთს”; “ტყუილი: შპიონები, სიცრუე და როგორ ასულელებს რუსეთი დასავლეთს”, წერს:

“სპეცსამსახურების დანაშაულებრივი სამყარო, საჯარო ინფორმაციის საშუალებით, საზოგადოების მანიპულირება - ყველაფერი ეს დღევანდელი რუსეთია, რომლის სათავეშია ურჩხული, რომელიც თავის დროზე თავად რუსებმა შექმნეს.

პუტინზე ამბობენ, რომ უნდა, ოლიმპიურ კომიტეტს უხელმძღვანელოს, ან თავისი კარიერა გააგრძელოს მსოფლიო ბანკში, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში,

თუმცა ვფიქრობ, რომ მისი პრეზიდენტობის დღეები დათვლილია და უკვე აღარ აქვს ავტორიტეტი რუსეთის გავლენის არეალში. მართალია, იგი ჯერ კიდევ ძლიერი ფიგურაა, მაგრამ იმდენად პოპულარული არა, როგორც ადრე იყო.

ძალიან ძნელია, შეელიო ძალაუფლებას, როდესაც ამისთვის ასობით ადამიანი გყავს მოკლული და არა მარტო ჩეჩნეთის ომის დროს, არამედ, სხვადასხვა აფეთქებით მოსკოვსა და სხვა ადგილას. მილიარდობით დოლარი იქნა მოპარული, უფრო სწორად, - ასობით მილიარდი. პუტინმა უამრავი მტერი გაიჩინა და როგორ უნდა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან? - ეს ძალიან რთული იქნება. მას აღარ შეუძლია დარჩენა და ამავე დროს, წასვლაც არ შეუძლია.

არ მეცოდება იგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შესაძლოა, იგი უკან იხედება და ფიქრობს ბორის ელცინზე. იმაზე, თუ როგორ გაურიგდა ეს უკანასკნელი ჩეკისტებს, რათა იმპიჩმენტისთვის აერიდებინა თავი, რათა თვითონ და მისი და ოჯახის წევრები ციხეში არ მოხვედრილიყვნენ. შესაძლოა, ახლა პუტინი ფიქრობს: ვინ გახდება ის ბერეზოვსკი, რომელიც გადაარჩენს პუტინს? ვინ შეცვლის მას?

დიდი ალბათობით, არცთუ შორეულ მომავალში, ვნახავთ მის შემცვლელს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რეჟიმი შეიცვლება. შესაძლოა, ჩვენ ვნახოთ სერგეი ივანოვი ახალი ლიდერის როლში. რუსებს სხვა ვარიანტებიც აქვთ - შოიგო, კუდრინი, რომლებიც დღესდღეობით, დისტანციაზე არიან პუტინთან. რაღაც შეიძლება შეიცვალოს რუსეთში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მოგვიწევს იმ ფაქტის აღიარება, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი რუსეთში მაინც გრძელდება. დადგება დრო, სეიფებიდან უსაზიზღრესი ბინძური საიდუმლოებები გამოვა და პუტინს და მის გარემოცვას ძალიან გაუჭირდება გაექცნენ იმას, რაც თავად შექმნეს”.

 

პოლკოვნიკი არავის უყვარს

მარკესის სიკვდილმა ყველაზე მეტად რუსეთი ააფორიაქა, უფრო სწორად, რუსეთის ინტელექტუალური უმცირესობა, თითზე ჩამოსათვლელი უმცირესობა. არა მარტო “პატრიარქის შემოდგომამ” შეიძინა ახალი ხედვა, არამედ, რომანმა - “პოლკოვნიკს არავინ წერს”.

კონსტანტინე ბარავოიმ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა წერილი - “პოლკოვნიკი არავის უყვარს”:

“ეს არის ვერსია, მაგრამ ძალიან ჰგავს სიმართლეს. როგორც ჩანს, “კა-გე-ბე”-ს გენერალმა თავად გააბა საკუთარი თავი მახეში.

ავანტიურა კარგად იყო გათვლილი. ავანტიურის ბონუსები უნდა გამხდარიყო ყირიმი, დიდი პატრიოტი პუტინი, რუსული მიწების დამბრუნებელი პუტინი, რაც მის რეიტინგს უცბად აწევდა უმაღლეს ნიშნულამდე. ამის შემხედვარე პუტინის ოპოზიცია გაშეშებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შურით აივსო, თუმცა დასავლეთის მხრიდან რუსეთის იზოლაციამ უცბად შეცვალა სურათი: მშვიდი სიბერე დასავლეთში მეგობრების გარემოცვასა და ავანტიურის თანამონაწილეებთან ერთად აღარ იქნება. პუტინის 40 მილიარდი შვეიცარიის ბანკში - წვრილმან ხარჯებზე, კიდევ, აქციები კონსპირატიულ ანგარიშებზე სადღაც ტრილიონამდე მიდის და რა ელით მათ?!

2018 წლის არჩევნები? - შეიძლებოდა მისი წაგება, ან მოწილეობაზე უარის თქმა.

შემთხვევითი არ იყო პუტინის პრესცენტრის, დიმიტრი პესკოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა პუტინი პრეზიდენტობის ვადას 2018 წლისთვის.

რაც შეეხება რუსეთის იზოლაციას, პუტინი შეცდა, როდესაც იფიქრა, რომ დასავლეთი კერძო საკუთრების უზენაესობას არ დაარღვევს, კერძო საკუთრება ხომ წმინდათაწმინდაა დასავლეთისთვის.

ყველაზე მგრძნობიარე დარტყმა პუტინისა და მისი გარემოცვისთვის სანქციები აღმოჩნდა, რომლებიც მათი მილიარდებისკენაა მიმართული.

ახლა დასავლეთმა იცის, სად არის პუტინისა და მისი “ბრატების” სუსტი ადგილი და აღარ შეეშვება.

ყირიმის დაბრუნება მოუწევთ ხვალ არა, მაგრამ მოუწევთ!

არ ვიცი, როგორ შეძლებს პოლკოვნიკი თავის დაძვრენას, მაგრამ... უახლოს ხანში პუტინის მადიდებელი პატრიოტები განიხიბლებიან.

კომუნისტებს და ნაციონალისტებს შეუძლიათ, ჩურჩულით თქვან: “გამყიდველი” და ძალიან მალე ომახიანად დაიძახებენ: “პუტინი გამყიდველია”.

თუმცა, ჩვენი პოლკოვნიკი ისეთი ცბიერია, რომ შეეცდება, რამე მოიფიქროს 2018 წლამდე, მაგრამ მეეჭვება...”

P.S. 

“- მითხარი მეგობარო, რისთვის იბრძვი?

- იმისთვის, რაზეც ვალდებულება მაქვს აღებული, - უპასუხა გენერალმა გერინელდომ, - ლიბერალების დიადი პარტიისთვის.

- ბედნიერი ხარ, რომ იცი, რისთვისაც იბრძვი. მე კი ახლა გავერკვიე, რომ საკუთარი პატივმოყვარეობისათვის ვიბრძოდი.

- ეს ცუდია, - აღნიშნა გენერალმა გერინელდომ და უხერხულობისაგან შეიშმუშნა.

პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია გერინალდოს უხერხულობამ გაახალისა.

- რა თქმა უნდა, - თქვა მან, - მაგრამ, ალბათ, უკეთესია, იცოდე, ვიდრე არ იცოდე, რისთვის იბრძვი, - მეგობარს თვალებში შეხედა, გაუღიმა და დაამატა, - ან უნდა იბრძოდე, როგორც შენ, რაღაცისთვის, რაც არავისთვის არაფერს ნიშნავს  (“მარტოობის ასი წელი”).

...გაბო წავიდა და სიურეალისტური სამყარო დარჩა თავისი უპასუხო მარადიული შეკითხვებით.

- და რისთვის იბრძვით თქვენ, პოლკოვნიკო პუტინ?