„ფსიქოთერაპიული სეანსისას მოსწავლეების ვიდეოფირზე გადაღება დაუშვებელია“

„ფსიქოთერაპიული სეანსისას მოსწავლეების ვიდეოფირზე გადაღება დაუშვებელია“

მოსწავლეების ფსიქოთერაპიული შეხვედრები ვიდეოკამერით აღჭურვილ ოთახებში ჩატარდება. მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც 6-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ფსიქოთერაპიულ მომსახურებას უწევს, ორ კვირაში თერაპიული შეხვედრების ვიდეოფირზე გადაღების დაწყებას გეგმავს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი ძალზე სარისკოა.

მართალია, ცალკეულ შემთხვევაში, ფსიქოთერაპიული სეანსის დროს აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების პრაქტიკა საზღვარგარეთ არსებობს, მაგრამ საქართველოში, სადაც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, პირად ცხოვრებას არავინ დაგიდევდათ, ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ კონფიდენციალური კადრები ვინმეს ხელში არ ჩავარდება. მით უფრო, საუბარია ყველაზე სენსიტიურ კატეგორიაზე_ბავშვებზე. ამდენად, გაურკვეველია, მათი მშობლები ან მეურვეები დასთანხმდებიან თუ არა საკუთარი შვილის ფსიქოთერაპიული სეანსის ვიდეოფირზე ჩაწერის ნებაყოფლობით პროცესს.

ამის საპირისპიროდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ზარდალიშვილი აცხადებს, რომ ფსიქოთერაპევტთან პაციენტის შეხვედრის ვიდეოფირზე გადაღება აუცილებელია, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც გაირკვევა, რამდენად სწორად წარმართავს ფსიქოლოგი თერაპიას. ამდენად, თუ ვინმეს არ სურს სააკუთარი არაკომპეტენტურობის დაფიქსირება, ეს თავად ფსიქოთერაპევტია. ზარდალიშვილი განმარტავს, რომ ჩეხეთში თავად აქვს ფსიქოთერაპიული ცენტრი, სადაც, ასევე, დამონტაჟებულია კამერები და ხორციელდება გადაღება, რის შედეგადაც თავად ფსიქოთერაპევტი ამჩნევს საკუთარ ნაკლს და იმ დეტალებს, რომლებიც პაციენტთან საუბრისას გამორჩა. ამ პროცესის ეფექტი კი ისაა, რომ მუშაობის პროცესში თავად პაციენტი ვერ ხედავს კამერას, რაც ხელს უწყობს, რომ ფსიქოთერაპევტთან დაძაბული არ იყოს და გაიხსნას.

For.ge-სთან საუბარში ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე მანანა შარაშიძე არ მალავს, რომ მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ფსიქოთერაპევტთან შეხვედრისას ვიდეოკამერები. იგი ამ თემას იუმორით უყურებს და აცხადებს, თუ ვიდეოკამერების ყიდვის შესაძლებლობა გვაქვს, გავანებოთ თავი ბავშვებს და ჯერ გადავიღოთ სხვადასხვა სამინისტროების, მინისტრების, მათი მოადგილეების, თანამშრომლების, საჯარო მოხელეების კომპეტენციის დონე და მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ქვეყნის მომავლისთვის მათი გადაღება უფრო საჭიროა, რადგან გაირკვევა, რამდენად კომპეტენტურნი არიან ეს საჯარო მოხელეები და, თუ ისინი ჩვენს იმედს ვერ გაამართლებენ, მაშინ სხვა კადრით ჩავანაცვლებთ.

„მოსწავლეების ვიდეოფირზე გადაღების დეტალების შესახებ არ ვიცი და უნდა გავერკვე ამ სიტუაციაში. თუმცა უცხოეთში მსგავსი რამ არ მინახავს, ფსიქიატრთან კონსულტირებისას დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა. მთავარია, თერაპიის დროს არ ავნო. კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიას ვინ მომცემს? თანაც ასეთი გამოცდილებით, რომ ვიდეოებზე იღებდნენ წინა ხელისუფლების დროს რაღაცეებს და ვიდეოების საწყობებიც კი იპოვეს. ასეთი გამოცდილების მქონე ქვეყანას შეიძლება ვანდოთ ვიდეოზე იმ ბავშვის გადაღება, რომელიც თავის ინტიმურ დეტალებზე საუბრობს?! ხანდახან, სოციოფობიის დროს თვითონ პაციენტს სჭირდება ხოლმე უყუროს, როგორ მოქმედებს. ასეთ დროს საკუთარ ვიდეოს აყურებინებენ ხოლმე, მაგრამ ის, რომ სკოლებში ფსიქოთერაპიული სეანსების გადაღება ხდებოდეს, ასეთი რამ არ გამიგია“ - აცხადებს მანანა შარაშიძე.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული სამსახურები ქვეყანაში უნდა განვითარდეს, რადგან ქვეყანაში ამდენი აგრესიაა – შვილმა დედა მოკლა, ალკოჰოლიკმა ცოლი ან ბავშვი მოკლა. ამიტომაც გვჭირდება გამართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსახლეობა სოციალური სტრესის ქვეშ იმყოფება. თუმცა ფსიქიატრის აზრით, აგრესიული ფონის ზრდას, სხვების მიმართ ძალადობასა და ჩხუბს მარტო ფსიქოთერაპია არ შველის და ამას სჭირდება სოციალური ფონის გაუმჯობესება.

ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჩაჩუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, თუკი მან არ იცის, როგორ გარემოში უწევს საუბარი. ამდენად, ვიდეოკამერებიან ოთახში ფსიქოლოგთან საუბარი დაუშვებელია.

„ადამიანს აქვს თავისი პირადი ინტიმური სივრცე, გარკვეული ვიწრო რკალია მის ირგვლივ და ამის შემდეგ არის ის სივრცე, რაც ეხება ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. პაციენტის პირად სივრცესთან აქვს ურთიერთობა ფსიქოლოგს და ვიდეოკამერები შინაგანი წინააღმდეგობების აღმძვრელი იქნება მოსწავლის ბუნებაში. ფსიქოლოგი მისი განცდების თანაგამცდელია, რომელთანაც კლიენტი თუ პირველ შეხვედრაზე არა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მაინც გულგახსნილად იწყებს საუბარს და ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე, რომელიც მას არ გაუმხელია არავისთან. უფრო მეტიც, შეიძლება ფსიქოლოგთან საუბრისას თავის განცდებში მან აღმოაჩინოს ისეთი რამ, რაზეც მანამდე არც უფიქრია და არც გაუცნობიერებია. ფსიქოლოგისა და კლიენტის ურთიერთობა არის პროცესი, რომელიც მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის მიმდინარეობს. აქ ისეთ ნიუანსებზეა საუბარი, რომ მესამე უკვე ზედმეტია. როცა ფსიქოლოგმა იცის, რომ მის კლიენტს ფარულად უღებენ, თვითონ ფსიქოლოგს ექმნება შინაგანი ბარიერი პაციენტთან ურთიერთობაში. ეს მისთვის არასამუშაო გარემოა,“_აცხადებს ნანა ჩაჩუა.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ფსიქოლოგთან ურთიერთობას ნამდვილად საჭიროებენ, განსაკუთრებით, თინეიჯერულ ასაკში და მანამდეც. მით უფრო, რომ უამრავი ფაქტორი ჩვენს სოციალურ სივრცეში იჭრება, მათ შორის, ამ სოციალურ სივრცეში შემოდის ინტერნეტსივრცეც. ამიტომ მოზარდებს და მათ მშობლებს სჭირდებათ გარკვეული მიმართულებების ხედვა და ფსიქოლოგთან ურთიერთობა.