მერიამ „პანორამა თბილისი“ დაბლოკა

მერიამ „პანორამა თბილისი“ დაბლოკა

„პანორამა თბილისის“ განხორციელება მინიმუმ 2-3 თვით გადაიდო, ანუ მანამდე სანამ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, თანაინვესტირების ფონდის პროექტს ყველა გზა გაეხსნება.

„ორი თვე როგორღაც მოვითმენთ და შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა თბილისისთვის“, - ამით პრემიერი თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სოლოლაკში „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებაზე თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა და მერიამ მას ალტერნატიული ადგილი ჩუღურეთში შესთავაზა.

„გასაგებია, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს მოველით მათგან და ეს ნორმალურია, მაგრამ არა უშავს, შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა თბილისისა და მთელი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 27 მარტს, თბილისის მერიაში შევიდა განცხადება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების მოთხოვნით. განცხადება უკავშირდებოდა ე.წ. „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებას.

დედაქალაქის მერიამ კი თანაინვესტირების ფონდს უარი უთხრა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

როგორც მერიის განცხადებიდან ირკვევა, განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გასაცემის მიზანშეწონილობა. ამიტომ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

კომისიამ განმცხადებელს რეკომენდაციები მისცა: წარმოდგენილი კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობით პროექტი პირველ ეტაპზე ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით კვლევა-დასაბუთებას საჭიროებს, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ტერიტორიის სწორად შერჩევა ქალაქგეგმარებითი კუთხით შედარებითი კვლევა-ანალიზის საფუძველზე.

მერიაში მიაჩნიათ, რომ თბილისს დასაბუთებული მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია პოტენციალი ალტერნატიულ ტერიტორიებზე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად:

1. რკინიგზის გადატანით ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება დაახლოებით 80 ჰექტარი ტერიტორია, რაც იძლევა ქალაქის ახალი ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის დაგეგმარების საშუალებას ჯანსაღი ინფრასტრუქტურით, რომელიც უმტკივნეულოდ გახდება ქალაქის ორგანიზმის სრულყოფილი ნაწილი და სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას.

2. ასევე შესაძლებელია შეირჩეს ჩუღურეთის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე (არსენალის მთა) ფერდობზე არსებული ყოფილი არსენალის ტერიტორია ანალოგიური იდეის „პანორამული ხედებით თბილისზე“ განხორციელება, საიდანაც საინტერესო ხედები იხსნება ისტორიული თბილისის პანორამით.

გარდა ამ უპირატესობისა, აღნიშნულ ტერიტორიას გააჩნია შემდგომი განვითარების პერსპექტივა, თბილისის ზღვის მხარეს ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. არანაკლებ საინტერესოა ამ მიმართულებით თბილისის ზღვის მიმდებარედ უკვე აქტიურად განვითარებადი სარეკრეაციო სივრცეც.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისთვის გაუგებარია „არაბუნებრივი რეაქციების კასკადი, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით არსებობს“. მინისტრის აზრით, არც ერთი ინვესტორი არ დათანხმდება, ახალი პროექტის განხორციელების ნაცვლად, ძველი სახლების შეკეთებას.

„კაცი მოდის, როგორც ინვესტორი, უნდა ახალი პროექტი გააკეთოს, ამ დროს კი მიმდინარეობს სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რატომ კეთდება ახალი პროექტი და რატომ არ ვაშენებინებთ დანგრეულ სახლებს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

არჩევნების დასრულებამდე თანაინვესტირების ფონდის უზამაზარბიუჯეტიანი პროექტი შეჩერდა. მისი გაგრძელება არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე იქნება დამოკიდებული.