სპეკულაციები საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით, თუ პრემიერ-მინისტრის შეცდომაში შეყვანის მცდელობა ცალკეულ მეცნიერთა მიერ- ეს თემა დღემდე ღიაა და უცხოელ სპეციალისტთა ვერდიქტს ელის, რომლებიც ათ დღეში საქართველოს ეწვევიან.
მანამდე RMG Gold-ის წარმომადგენლები საყდრისის დამცველებს მათი კომპანიის რეპუტაციის შელახვასა და საქმიანობის შეჩერების მცდელობაში ადანაშაულებენ. ეს მაშინ, როცა საყდრისის დამცველები თავადვე ეჭვობენ, რომ RMG Gold-მა მოისყიდა ცალკეული მეცნიერები და მათ არაკომპეტენტური დასკვნა დაადებინა, რომლითაც უძველეს ისტორიულ ოქროს მაღაროს ძეგლის სტატუსი დააკარგვინეს.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ უნდა მოინახოს ოქროს შუალედი, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს მხარეებს? როგორ უნდა გადარჩეს ძეგლი (თუკი ის მართლაც უნიკალურია), რათა სახელმწიფომ ინვესტორის წინაშე ვალდებულებებს უძველესი საბადო არ შესწიროს? მით უფრო, რომ გვაქვს მეტად ცუდი პრეცედენტები, როცა წინა ხელისუფლება ინვესტორთა ნებისმიერ სურვილს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე საკუთარი ხალხის მოთხოვნებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერი კონტრაქტის პირობების გადახედვა შესაძლებელია და ამ მხრივ გამონაკლისი არც RMG Gold-ისთვის უნდა დაიშვას. თუკი საყდრისის სახით ისტორიულ ძეგლზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ის უნდა შენარჩუნდეს. ლოგიკურად, ასეთ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი მხარე არღვევს კონტრაქტს, ცხადია, იგი ჯარიმას იხდის. თუმცა, კონკრეტულად RMG Gold-თან მიმართებით ძნელია თქმა, რა თანხა იქნება ჯარიმის სახით გადასახდელი, რადგან ეს ყველაფერი კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე უნდა გაირკვას.
„გააჩნია, რა წერია კონტრაქტის პირობებში. შეიძლება, შეზღუდვა შეეხოს საბადოს გარკვეულ ნაწილს და არა მთლიან საბადოს. არსებითად გადასახედია მიდგომა. უნდა მოხდეს ამ საბადოს მთლიანი აუდიტორული შესწავლა, თუ რამდენი მარაგია, რა სიდიდისაა, წიაღისეული სადაა, პოტენციური მარაგი რა ღირებულებისაა და ა.შ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს დასკვნის გამოტანა. დღეს ჩვენ არ ვიცით, რაზე გამოცხადდა აუქციონი. აქ თავიდან ბოლომდე დანაშაული ჩადენილია ბიუროკრატიის მხრიდან, რადგან ქონება არ იქნა შეფასებული და ისე გამოიტანეს აუქციონზე. ვიღაც ინვესტორი მოვიდა და, ცხადია, იმან არ იცის, იქ არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობაა. იმას რაც აინტერესებს, ისაა, რომ აუქციონი მოიგოს. მეიჯარე არ არის დაინტერესებული ამ ტერიტორიის მოფრთხილებით, ის ორიენტირებულია მოგების მიღებით. ამიტომ ვინც არასწორი შეფასება გააკეთა, ყველა შემთხვევაში, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი. თუ სახელმწიფომ გასცა იჯარით ტერიტორია და შემდეგ გადაიფიქრა მისი გაცემა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაეკისრება ჯარიმა. ზოგადად ბიუჯეტს დააწვება ეს და არა იმ ადამიანს, ვინც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის სიტუაციის მთელი ტრაგედია, რომ ვიღაც იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და მაინც პასუხი უნდა აგოს ბიუჯეტმა,“_აცხადებს პაატა შეშელიძე.
მისი თქმით, თუ ახალმა ხელისუფლებამ სახელი გაიფუჭა, რომ მათ გაანადგურეს კულტურული ძეგლი, ესეც კიდევ ცალკე პრობლემა იქნება. ამასთან, ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს იმ კომპანიასაც, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს. მისი აზრით, თუ წინა ხელისუფლებას რუსეთისთვის ოქროს გადაცემას ედავებოდნენ, ახლაც იგივე სიტუაციაა და იმავე ხალხს გადასცეს ეს ტერიტორია აუქციონის წესით. თუმცა რატომღაც ეს პრობლემა ადგილობრივი მუშა-ხელისთვის ხელფასების გადახდამდე დაიყვანეს, რაც პაატა შეშელიძის აზრით, გაუმართლებელია. ამიტომ ექსპერტი ითხოვს, ახალმა ხელისუფლებამ უფრო მასშტაბურად შეხედოს ვითარებას. ჯერ გაარკვიონ, ძეგლია თუ არა საყდრისი და დადონ კომპეტენტურ არქეოლოგთა დასკვნა.
„უცხოელები გვეუბნებიან, უძველესი ისტორიული ძეგლები გაქვთ, პირველები ხართ მსოფლიოშიო. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება პასუხობს, არა, ბატონო, პირველები არ ვართო. სომხეთს არაფერი აქვს და მაინც გაიძახის, ყველაფერი გვაქვსო; ყირიმზეც აქვთ პრეტენზია, მე-11 საუკუნეში ჩვენი იყოო, ჩვენს ნაცვლად სხვა ხალხი გამოიყენებდა ამ სტატუსს,“-აცხადებს ექსპერტი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი გიორგი მინდიაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ თავის დროზე ლიცენზიის ყიდვისას ძალიან კარგად იცოდა ინვესტორმა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო ძეგლი და მისი დამუშავების საშუალება არ ექნებოდა. ასე რომ, სახელმწიფოს მათ წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია და არ მიუცია საყდრისის ნგრევის უფლება, რაც ახლა იურიდიული კაზუისტიკაა.
„სახელმწიფოს აქვს თავისი კანონი და, თუ ამ კანონით ვიხელმძღვანელებთ, სახელმწიფოს უფლება აქვს, კერძო ტერიტორიაზეც კი დაუშალოს კერძო მფლობელს ძეგლის დაზიანება. თუმცა ჩვენი მთავრობა იჯერებს იმას, რაც აწყობს და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მეცნიერულ აზრს. ხოლო ის მეცნიერები, რომლებიც თავის დროზე საყდრისის წინააღმდეგ მიიწვიეს, წინასწარ იყვნენ საიმისოდ განწყობილნი, უარყოფითი დასკვნა დაეწერათ. მართალია, ისინი მეცნიერები არიან, მაგრამ არა _საყდრისის პერიოდის მკვლევარები. ისინი სულ სხვა პერიოდს და სხვა მიმართულებას იკვლევენ. ამ შემთხვევაში, RMG Gold-მა ისინი ფინანსურად დააინტერესა. ესენი არიან, პირველ რიგში, დავით ლომიტაშვილი (ნოქალაქევის ექსპედიციის ხელმძღვანელი) და ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი). სხვა არქეოლოგები საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის წინააღმდეგნი იყვნენ და ეს უკანონობა ძირითადად გეოლოგების ხარჯზე გაიტანეს. ეს არის სერიოზული ძალადობა მეცნიერებაზე, არავის უნდოდა იმის გაგონება, რომ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ამ მაღაროს ვსწავლობდით, როგორც ოქროს მაღაროს და არა მარტო მაღაროს. იქ არის ნამოსახლარი, რომელიც სწორედ უძველესი სამთოელების დასახლება იყო“,_აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.
მისი თქმით, ძვ. წელთაღრიცხვის 34 საუკუნიდან მოყოლებული, ძვ. წ. აღ-ის 25-ე საუკუნის ჩათვლით, ჩვენი წინაპრები აქ ამუშავებდნენ ოქროს სამთო მეთოდით. ეგვიპტეშიც კი, ნუბიასთან არსებული ასეთი მაღაროები ათასი წლით უფრო ახალგაზრდაა საყდრისთან შედარებით. აქ კი მოცემულია მთელი ციკლი მადნის მოპოვებიდან მადნის გადამუშავებამდე.
მეცნიერი აცხადებს, რომ გარკვეულ დრომდე ოქროს ნაკეთობის აღმოჩენას საყდრისში ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რადგან ოქრო ჩნდება იმ დროს, როდესაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე გამოჩენას იწყებს დიდი ზომის ყორღანული სამარხები, ანუ მეფის დონის ბელადებს ატანდნენ ოქროს ნივთებს. მანამდე კი ეს ადგილი წარმოადგენდა შუმერებამდე არსებული უძველესი ცივილიზაციის კულტურას. ადრეული კულტურა არსებობდა მესოპოტამიაში, ტიგროსისა და ევფრატის ორ მდინარეთში. სწორედ მათ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა საყდრისი და, როგორც ჩანს, კავკასია მათთვის წარმოადგენდა ლითონის მიწოდების სანედლეულო ბაზას, ისევე, როგორც ეგვიპტისთვის _ნუბია.
„ნუბიაშიც არანაირი ოქროს ნივთები არ არის, არამედ ოქრო არის ეგვიპტეში. ამ დროს კი, დადასტურებულია, რომ ნუბიაში ეგვიპტელები მოიპოვებდნენ ოქროს. სწორედ ასეთივე პრინციპით, საქართველოს ტერიტორიაზე იპოვებდნენ ოქროს. ჩვენ ვერიდებით, რომ ამ უძველესი ოქროს მომპოვებლებს ქართველები დავარქვათ. ჯერჯერობით მეცნიერული ხერხებით, ამის პირდაპირ დასაბუთება არ გამოდის. ამას ბევრი კვლევა სჭირდება. პოლიტიკური საზღვრები, რომ დღეს ჩვენ აქ ვცხოვრობთ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, ვამტკიცოთ, რომ 5 ათასი წლის წინ ამ ტერიტორიას საქართველო ერქვა. კი, ქართველთა წინაპარი ტომები იყვნენ, მაგრამ ზუსტად ამის კატეგორიულად თქმა, რომ ისინი ქართველები იყვნენ, არ შეიძლება. ეს არის მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი და მარტო საქართველოს არ ეკუთვნის. ამიტომაც გერმანელები, ამერიკელი და სხვა მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ ძეგლს ასე ვაზიანებთ“,_გვითხრა გიორგი მინდიაშვილმა.
მისი თქმით, უცხოელ მეცნიერთა ჩამოყვანა კარგია და ამ ძეგლს 100, 200 თუ 300 მეტრის მანძილზე დაცვითი ზოლი უნდა შემოვავლოთ. თუმცა ექსპერტი მაინც ფიქრობს, რომ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა დანარჩენი მსოფლიოსთვის გუნდრუკის კმევაა, თითქოს თქვენს აზრს ვითვალისწინებთო. სინამდვილეში, ამ ძეგლის არსებობა მთელი მსოფლიოსთვის ისედაც ცნობილია და ეს არავის გაუპროტესტებია, გარდა ლომიტაშვილის და 11-წევრიანი კომისიის, რომლის ნახევარიც ძეგლის სტატუსის მოხსნის წინააღმდეგი იყო.
„თუმცა რაზეა საუბარი, როცა ბულდოზერებით უშუალოდ ძეგლი დააზიანეს. თუ რაღაც გადარჩება, ესეც კარგი იქნება, რადგან საყდრისის ძეგლის ¾ ისევ შესასწავლია“.