პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს გაგრძელება ექნება. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ გელაშვილის ცემა იმ ადამიანების თავში არ მომწიფებულა, ვინც გამოძიებამ დაასახელა. მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა.
პარლამენტის წევრის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. კოდუას და სირაძეს ბრალი სსს-ს კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით თავისუფლების ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„არავისთვის მოულოდნელი არ იყო პროკურატურის დღევანდელი განცხადება. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ მაშინ ვალერი გელაშვილი უცხო პლანეტელებმა სცემეს ან 2000 წელს ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ბანდფორმირება დადიოდა და მას მაშინდელ ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩვენ არ ვიცოდით მხოლოდ გვარები, სახელები და კონკრეტული შემსრულებლები. 9 წლის შემდეგ ეს საქმე გახსნილად გამოცხადდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს ექნება გაგრძელება.
არ მგონია, რომ ეს თემა იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა. პირები, რომლებიც ბრალდებული არიან, ალბათ აგვიხსნიან თავად საკუთარ კაბინეტში მოიფიქრეს ვალერი გელაშვილის დასჯა, თუ - ვინმემ დაავალა. ეს შემდგომი განხილვისა და გარკვევის საგანი უნდა გახდეს. ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, რაც არასდროს უნდა განმეორდეს. ამას უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნა. კარგია, რომ დანაშაული გაიხსნა, ცუდია, რომ ამ პროცესს 9 წელი დასჭირდა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე. აღნიშნულის გამო შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა პარლამენტის წევრზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
გამოძიების მტკიცებით, ერეკლე კოდუამ დანაშაულში ჩართულ პირთა ხელმძღვანელობა დაავალა სოდ-ის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი სირაძეს. ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით შემუშავებული გეგმის თანახმად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ ვალერი გელაშვილს და დაუფლებოდნენ მის ყველა ნივთს და დოკუმენტს. 2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს.
ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას.
ერეკლე კოდუას მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.
გამოძიებამ საქმის მასალები კოდუას ადვოკატს გააცნეო. ოთო კახიძე აცადებს, რომ საქმის მასალებში დევს ხუთი სპეცრაზმელის ჩვენება, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, ისინი კოდუას სახელს არ ასახელებენ. საქმეში არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
„არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ერეკლე კოდუამ გასცა რაიმე ტიპის ბრძანება ან დავალება ვალერი გელაშვილის ცემის. ამ საქმეში ასევე არის ირაკლი ოქრუაშვილის ორი განცხადება, რომელიც მან გააკეთა ინგა გრიგოლიას ეთერში, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილმა მას დაავალა, რომელსაც ესრებოდა ვანო მერაბიშვილი და მეორე ჩვენება, სადაც ამბობს, რომ ის და სააკაშვილი იყვნენ მარტო და ვანო მერაბიშვილი ამას არ ესწრებოდა. ფაქტია, რომელიმე ჩვენებაში იტყუება ოქრუაშვილი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთო კახიძემ.
გამოძიების შედეგებით კმაყოფილია თავად ვალერი გელაშვილი, რომელმაც მთავარი პროკურატურსგან დაცვის გამოყოფა მოითხოვა. დეპუტატის თხოვნა საგამოძიებო ორგანომ დააკმაყოფილა. ვალერი გელაშვილს პროკურატურის მიერ გამოყოფილი დაცვა საქმის საბოლოო გამოძიებამდე დაიცავს.
გელაშვილი ამბობს, რომ მისი ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. სწორედ მან დაავალა მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ამ საქმის ორგანიზება, ხოლო მერაბიშვილმა ბრძანება ერეკლე კოდუას მისცა, რომელმაც გელაშვილის განცხადებით ეს საქმე სისრულეში მოიყვანა.
„ვიცოდი, რომ მერაბიშვილს და სააკაშვილს ბრალს დღეს არ წაუყენებდნენ. იცით, რომ გამოცხადებულია მორატორიუმი. მაგრამ, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ სააკაშვილს და მერაბიშვილს ბრალს წაუყენებენ. სწორედ სააკაშვილმა დაავალა მერაბიშვილს ეს საქმე, მერაბიშვილმა კი - კოდუას. ეს ჩვენება მისცა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც თათბირს ესწრებოდა.
რაც შეეხება დაცვას, ძალიან კარგად ვიცი სააკაშვილის ფსიქიკის ამბავი. ამ საქმის გახსნის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ანგარისწორებას ისევ დაგეგმავს. არიან ადამიანები, რომლებიც აღარ მუშაობენ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანება შეასრულონ. სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ჩემი საქმე, პროკურატურის მიერ გამოყოფილი დაცვა დამიცავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილი.
ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხამურა ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ვალერი გელაშვილი პროკურატურაში ყოფილა, დაცვა დამიყენეთ, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობო. ვისი გეშინიათ, ბატონო ვალერ? რუსული სპეცსამსახურები ხმას არ გაგცემენ, მიზეზი ჩემზე კარგად იცით:) ბორდელების მფლობელ ბიზნესმენს კონკურენტისაც არ უნდა გეშინოდეთ:) ბავშვები პასუხს ვერ მოგთხოვენ გადამწვარი სკოლისთვის. დედის მომვლელისთვის ხაშურში ნაყიდი სახლით მისი დუმილი იყიდეთ, თუმცა ხაშურში თქვენი საზიზღარი ქმედება ყველამ იცის! ვენესუელა გითხოვდათ და ვანო მერაბიშვილმა არ გადაგცათ. თქვენ უნდა თქვათ „კაცი“ ვარო.
მგონი ჯობია სიზმრებს მიხედოთ, სულ თაგვები და თაგვები რომ გესიზმრებათ. თქვენი დაანონსებული პროგნოზი გამართლდა და ხვალ ერეკლე კოდუას ბრალს წაუყენებენ თქვენ საქმეზე (თქვენთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი თავისთავად ცუდი ფაქტია!), მაგრამ ეს საქმეც ისევე დაეშლება თავზე პროკურატურას, როგორც თქვენი მეორე ანონსი. მეორე რა დააანონსეთ, აღარ შეგახსენებთ,“ - წერს ტელეწამყვანი.
თავად გელაშვილი აცხადებს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს პასუხს არ გასცეს.
„დავპირდი, რომ მის მეუღლეს ბრალს წაუყენებდნენ და ეს აუსრულე. რაც შეეხება ვენესუელას, ახლა ვიყავი ერთი თვე ვენესულეაში, ვისვენებდი. 15 ივნისს ისევ მივფრინავ, რა პრობლემაა. არ ვაპირებ პასუხი გავცე. საკუთარ მეუღლეს ცუდ სამსახურს ნუ უწევს. ხვალ რომ დასჭირდეს ჩემგან პატიება, ისე არ გააკეთოს, რომ მის ქმარს არ ვაპატიო. ძალიან მძიმე ბრალდებაშია მხილებული მისი ქმარი და შეეცადოს, რომ კორექტული იყოს.
ვაფრთხილებ იმ ქალბატონს, რომ ცოტა ფრთხილად იყოს, თორემ არაფერს არ ვაპატიებ მის ქმარს და მოლომდე მოვითხოვ მის დასჯას. ჩამოვიდეს, აღიაროს დანაშაული, თქვას ვინ მისცა ეს ბრძანება და ამით დამთავრდება მასთან ჩემი პრეტენზია. ჩამოვიდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ერთი დღეც არ იჯდეს ციხეში. ნახეთ, რომ ვინც მისცა აღიარებითი ჩვენება, არავინ არ მიუციათ პასუხისგებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილი.
საქმის გახსნას გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თნა ხიდაშელი. ის დარწმუნებულაი, რომ სასამართლოშიც დადასტურდება, რაზეც პროკურატურა საუბრობს, რომ კოდუას ორგანიზებით და დაკვეთით მოხდა ვალერი გელაშვილზე თავდასხმა. მისი თქმით, საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების მონაწილეობით თუ დავალებით ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით და ამ მაღალჩინოსნებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
„ვალერი გელაშვილს სცემეს სასტიკად, მე ივლისის ის ცხელი დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც გაიგო მისი ცემის შესახებ. გელაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყო, ის გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა შესაძლებობა, სპეციალური თვითმფრინავი ჩამოფრენილიყო ლიტვიდან, რომელმაც ის ლიტვაში წაიყვანა, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. სხვა შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ქართველი ექიმები გადარჩენის გარანტიას ევრ აძლევდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოშიც დადასტურდება, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობს, რომ კოდუას ორგანიზებული იყო და მისი დავალებით მოქმედებდნენ თავდასხმაში მონაწილე პირები. ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით, ადამიანებს ქუჩაში, სასაფლაოზე კლავდნენ, ამას აკეთებდნენ მაღალჩინოსნები ან თვითონ ან მათი დავალებით და ეს ქართველი მაღალჩინოსნები კანონის წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განმარტებით, იმისათვის, რომ პროკურატურამ ნდობა დაიმსახუროს, საჭიროა არა მხოლოდ ცხრა წლის წინანდელი საქმეების გამოძიება, არამედ იმ საქმეების გამოძიებითაც დაკავდეს, რომლებიც, როგორც იგი ამბობს, დღეს ხდება.
„დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობიდან მე პირველი დეპუტატი ვიყავი, ვინც მის სანახავად საავადმყოფოში ცემიდან რამდენიმე წუთში მივიდა, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ძალადობა განსაკუთრებით პარლამენტის წევრზე მიუღებელია. რაც შეეხება პროკურატურას და მის მიმართ ნდობას, ამისთვის საჭიროა, არა მხოლოდ ცხრა წლის წინანდელი საქმეების გამოძიებითა და წარსულთან ბრძოლით დაკავება, არამედ საჭიროა იმ საქმეების გამოძიებაც, რომელიც დღეს ჩვენ თვალწინ ხდება. მათ შორის - დეპუტატ წიკლაური ცემის ფაქტი, მათ შორის - ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტი, შალვა თათუხაშვილის წამების და გარდაცვალების ფაქტის გამოძიება, როდესაც პროკურატურა ყველა ფაქტის გამოძიებით დაკავდება, მაშინ იქნება მის მიმართ ნდობა და საზოგადოებაში აღქმა, რომ ეს ორგანო პოლიტიკური კამპანიისა და ანგარიშსწორების ნაწილს არ წარმოადგენს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება არ არის გაჭიანურებული. მისი თქმით, თქმა იმისა, რომ წიკლაურის ცემის გამოძიება გაჭიანურდა, ცოტა სასაცილოა.
„2005 წელს ნაცემი გელაშვილის ფაქტი 2014 წელს გავხსენით. გაბრაზებული ვარ წიკლაურის ცემაზეც, თუმცა ისე არა, როგორც გელაშვილის შემთხვევაში, რადგან გელაშვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ, წიკლაურის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, ეს საქმეც უნდა იყოს გამოძიებული“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.