“აეროპორტში წმინდა ცეცხლის დასახვედრად შეკრებილი მრევლი გაოგნებული დარჩა!”

“აეროპორტში წმინდა ცეცხლის დასახვედრად შეკრებილი მრევლი გაოგნებული დარჩა!”

საქინფორმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიმართავს
თქვენო უწმინდესობავ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის დახვედრა ლამაზ ტრადიციად იქცა - ყოველ წელიწადს მორწმუნეები, თანაც - არა მარტო თბილისიდან, არამედ ბათუმიდან, ქუთაისიდან, ახალციხედან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან - სანთლებითა და ფარნებით, ბევრი - ქართულ ეროვნულ სამოსში და საქართველოს დროშებით ხელში, თელ-ავივიდან ჩარტერულ რეისს ხვდებიან.

რამდენადაც ჩამოფრენის ზუსტი დრო, ჩვეულებრივ, თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება ცნობილი, მრევლი, რომელთა შორის, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, ბევრი ახალგაზრდა და ბავშვია, აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე იკრიბება და მოთმინებით ელოდება თვითმფრინავს წმინდა ცეცხლით, რომელიც იერუსალიმიდან თქვენ მიერ წარგზავნილ საეკლესიო პირებს მოაქვთ.

თუმცა, მათი მოლოდინი სრულად ანაზღაურდება ხოლმე - დანთებული სანთლებით მაღლა აწეულ ხელებში, აეროპორტის გაღებულ კარებში, როგორც სამოთხის კარიბჭეში, გამოჩნდება მღვდლების ჯგუფი, რომელთაგან რანგით უფროსი, ჩვეულებრივ, ხალხს ულოცავს და ლოცავს, სამჯერ შესძახებს “ქრისტე აღდგა!”, რაზეც მრევლი ერთხმად პასუხობს “ჭეშმარიტად აღდგა!”, შემდეგ კი მორწმუნეებს საშუალებას აძლევს იერუსალიმში წმინდა ცეცხლით დანთებული სანთლებიდან თავიანთ სანთლებს მოუკიდონ. ამ ყველაფერს რამდენიმე წუთი სჭირდება, ამის შემდეგ საეკლესიო პირები თქვენკენ მოემართებიან, თქვენო უწმინდესობავ, სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ, ქართულ საგალობლებს მღერიან, თანდათან ტოვებენ აეროპორტს და ცეცხლი საქართველოს ყველა კუთხეში მიაქვთ - თავიანთ ოჯახებში, ავადმყოფებთან და შეჭირვებულებთან, საავადმყოფოებში და ციხეებში, ტაძრებში.

მაგრამ წელს წმინდა ცეცხლის ჩამოსვლით გამოწვეული სიხარული, ცოტა არ იყოს, დაიჩრდილა: იერუსალიმიდან ჩამოსულმა საეკლესიო პირებმა მიტროპოლიტი ეფრემის ხელმძღვანელობით და სააკაშვილის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ, რომელიც მათ მცველებთან ერთად დახვდა, უხეშად მისწი-მოსწიეს მორწმუნეები, უყვირეს, ცეცხლი არ გაუნაწილეს, ერთხელაც კი არ მიულოცეს სიტყვებით “ქრისტე აღდგა!” და ლამის სირბილით დატოვეს აეროპორტი, საპატრიარქოს მისამართით საყვედურების მიზეზად ქცეულ შავ ჯიპებს შეაფარეს თავი და გაემგზავრნენ.

თქვენო უწმინდესობავ! ეს ყველაფერი იმდენად უცერემონიოდ გაკეთდა, სანთლებით ხელში სახტად დარჩენილი ადამიანები იმდენად დამცირებული და გაოგნებული იყვნენ ამგვარი მოპყრობით, რის უფლებასაც თავის თავს ცეკას მდივანი შევარდნაძე და პრეზიდენტი სააკაშვილიც კი არ მისცემდნენ, რომ დარბაზში მხიარული მილოცვების, ლოცვის და გალობის ნაცვლად ამჯერად საშინელი სიჩუმე ჩამოწვა... მაგრამ, მადლობა ღმერთს, ათიოდე წუთში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ გამოჩნდნენ ქართველი მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმიდან ანთებული სანთლებით იმავე თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, და მრევლი, რომელმაც მდუმარედ გადასცა ერთმანეთს, სანთლიდან სანთელზე, წმინდა ცეცხლი, თანდათან დაიშალა.

თქვენო უწმინდესობავ!

როგორც ხვდებით, ამ უსიამოვნო ეპიზოდმა კარგი სამსახური არ გაუწია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მთავრობას, ხოლო მას, ვინც ის ჩაიდინა, ალბათ, არ მოუსმენია თქვენი სააღდგომო ეპისტოლე. შევეხვეწე - “მამაო, გთხოვთ, ერთ სანთელს მაინც მოვუკიდებ!” მან კი პასუხად - “არ მცალია!”, - ყვებოდა ყმაწვილი, რომელმაც მღვდლებს ავტომობილებამდე სდია. “რა თქმა უნდა, არ სცალიათ, პრემიერთან მიეჩქარებათ, სამებაში...” - მწარედ თქვა ვიღაცამ.

 

საქინფორმი
2014 წლის 20 აპრილი
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული