ამერიკაში, კერძოდ, ფილადელფიაში, 1787 წლის კონსტიტუციური ყრილობის განხილვები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შესაბამისად, აღელვებული ხალხი გადაწყვეტილების მოლოდინში დამოუკიდებლობის სასახლის წინ იყო შეკრებილი. ერთ-ერთმა ფილადელფიელმა, მისის პაუელმა სასახლიდან გამოსულ ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ბენჯამინ ფრანკლინს ჰკითხა: “დოქტორო, რა მივიღეთ, რესპუბლიკა თუ მონარქია?” ფრანკლინმა უპასუხა: “რესპუბლიკა, თუ მის შენარჩუნებას შეძლებთ.”
ვფიქრობ, ჩვენში უკვე ბევრს სჭირდება იმის შეხსენება, რომ საქართველო არც თეოკრატიაა, არც მონარქია და არც მხოლოდ დემოკრატია. საქართველოს მმართველობის ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც უმრავლესობის ბატონობას ნამდვილად არ გულისხმობს. ბენჯამინ ფრანკლინის ზემოთხსენებული უკვდავი ფრაზა კი რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის:
1. რესპუბლიკა ღვთისგან ხელდასხმული მმართველობა არ არის, პირიქით, მისი საპირისპირო ცნებაა;
2. რესპუბლიკის შენარჩუნება არც მეტი, არც ნაკლები ჩვენზე არის დამოკიდებული;
3. რესპუბლიკის დაღუპვა მისი მტრების ძლიერების კი არა, ჩვენი სისუსტის გამო შეიძლება გახდეს შესაძლებელი.
გაზვიადებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი რესპუბლიკა საფრთხეშია და მისი მთავარი შიდა საფრთხე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოქმედი ჯგუფია2, რომელიც დიდი ხანია, ფეხქვეშ თელავს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ და ამავე დროს საერო პრინციპს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოქმედ ჯგუფს ერთი ძალიან ეფექტიანი და ამავე დროს ამაზრზენი სტრატეგიული იარაღი უპყრია ხელთ - მას შეუძლია ცრუ მორალური პანიკის წარმოქმნა და არაინფორმირებული ადამიანებით მანიპულირება. მორალური პანიკისთვის საუკეთესო ნიადაგია ჰომოფობია, რომელიც ლამის ერთადერთი რამაა, რაც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას აერთიანებს. აერთიანებს არა როგორც ერს და სახელმწიფოს, არამედ როგორც ბრბოს და, რასაკვირველია, არა ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მონარქია და სხვა ინიციატივები
გახსოვთ საუბრები მონარქიაზე? გახსოვთ სად იღებდა ისინი სათავეს? მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, ინიციატორების გარდა ეს იდეა სერიოზულად არავის აღუქვამს. ისევე, როგორც, მაგალითად, აბორტის და სუროგაციის აკრძალვა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადამიანების ციხეში გაგზავნა, ჰომოსექსუალი ქართველებისთვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, ანტიდისკრიმინაციული კანონის დისკრიმინაციის ინსტრუმენტად გამოყენება.
ვფიქრობ, რაც მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი იქნება ჩვენი რესპუბლიკისთვის - ეკლესიას ბევრი ისეთი ცვლილება სურს ჩვენს ქვეყანაში, რომელთა ანალოგი მხოლოდ რუსეთში ან მის სატელიტ ქვეყნებში თუ არსებობს ან რომლებიც ანაქრონიზმად შემორჩა სხვადასხვა ქვეყანაში. ეკლესია ვერ და არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების სფეროში უმაღლესი ავტორიტეტი. რადგან ის, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ნორმები აღიარებს, კაცობრიობის მრავალი საუკუნის მონაპოვარია. ეს მონაპოვარი ომებს, ჰოლოკოსტს, გენოციდს, ეთნოწმენდას და სხვა ჯოჯოხეთურ დანაშაულებსაც ეფუძნება, რომელთა ჩადენა, სხვათა შორის, სწორედ ადამიანების ღირსების და თანასწორობის უნივერსალური გაგების უარყოფას დაეფუძნა. ზუსტად იმას, რასაც ეკლესია ყოველდღე გვთავაზობს, სხვადასხვა შეფუთვით, სხვადასხვა ცრუ მორალური საფუძვლით.
უმრავლესობის უფლებები
ალბათ კარგად გახსოვთ უმრავლესობა-უმცირესობის სრულიად ხელოვნური და რიგიდული დიქოტომია. და, იმედი მაქვს, გახსოვთ მისი წყაროც. სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც სამოქალაქო განათლება უსწავლია, სასაცილოდაც არ ეყოფა ეკლესიის ეს სრულიად ახალი და ფაშისტური დოქტრინა. დიახ, ფაშისტური, რადგან უმრავლეობის პრივილეგირებულ ჯგუფად გამოცხადება და უმცირესობაზე ბატონობა, ადამიანების ერთი, უნივერსალური, ადამიანური ბუნების უარყოფა, სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი.
სხვათა შორის, მე დიდი ხანია აღარ მჯერა, რომ უმრავლეობის უფლებებისთვის “ბრძოლა” გაუაზრებელი და ინფორმაციის ნაკლებობაზე დაფუძნებული რიტორიკაა. უმრავლესობის უფლებებისთვის ბრძოლა ყოველთვის ფარია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს თვალწინ, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველგან საშინლად ამცირებენ ფერადკანიან ადამიანებს. არ გამიკვირდება, თუ ეს სამარცხვინო რასიზმი ცოტა ხანში თეთრკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლით შეინიღბება და გამართლდება. თუკი უმრავლესობის სახელით მოლაპარაკე ჯგუფებს არ ავუხსნით, რომ არ არსებობს უმრავლესობის უფლებები, არსებობს ინდივიდუალური, ცალკეული ადამიანის უფლებები და თუკი ვინმეს უფლებები მეტად უნდა იყოს დაცული, ეს უმრავლესობა კი არა, სწორედ უმცირესობაა, რომელიც უფრო მეტი ჩაგვრის, დამცირების მსხვერპლია. თუ ამ ბაზისურ ჭეშმარიტებას ახლა არ შევაგნებინებთ, ცოტა ხანში გვიან იქნება, რადგან უმრავლესობა კურთხევას მიიღებს არა მხოლოდ სძულდეს, არამედ გაანადგუროს კიდეც მისგან განსხვავებული.
სამართლიანობისთვის კი უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიისთვის ზოგჯერ არც არის აუცილებელი უმრავლესობა უმრავლესობა იყოს, მთავარია, ის პრივილეგირებული ჯგუფი იყოს. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ქალები - ისინიც უმრავლესობას წარმოადგენენ საქართველოში, მაგრამ ხომ არავის გასჩენია აზრად მათი დაცვა, პირიქით, ქალი დიასახლისი, სამსახურიდან შინდაბრუნებული ქმრის მომვლელი და ფეხების მბანელი და გამრავლების საშუალებაა ეკლესიისთვის.
ტრადიციული ღირებულებები
არავინ საუბრობს ტრადიციულ ღირებულებებზე იმაზე მეტს, ვიდრე თავად ისინი, ვისაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ტრადიციული ღირებულებების შესახებ. ადამიანის უფლებების კონტექსტში ტრადიციული ღირებულებები, როგორც მისი საპირისპირო ცნება, ხშირად ჩნდება, ოღონდ მხოლოდ ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც ადამიანების ჩაგვრის ახალ გამართლებებს ეძებენ. მაგალითად, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სხვები.
ტრადიციულ ღირებულებებზე პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემაც ისაუბრა ამ დღეებში. მან თქვა: “ამ ქვეყანაში დაიბადა ვაჟა ფშაველა, ყველაზე თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი აზროვნებით, რომელმაც თავისი გენიალური პოემით "ალუდა ქეთელაური" გვითხრა ერთი ფუნდამენტური სიბრძნე, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ვერსად გაექცევი და ვერსად დაემალები. მან გვითხრა, რომ ადამიანისთვის ღირსებაა მთავარი და როცა შენს გვერდით სხვა ადამიანს ღირსებას ულახავენ, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მტერიც რომ იყოს შენი, მისი ღირსების შელახვა შენი ღირსების შელახვაა, ხოლო ასეთი საზოგადოება თვითკმაყოფილ ჯოგად გადაიქცევა და კაპიკია მისი ფასი. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული ტრადიციების საუკეთესო ნაწილი, სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული კულტურა და ამიტომაც არის ის ევროპული.”
ტრადიციული ღირებულებები თუ ევროპული ღირებულებები და ადამიანის უფლებები - ეს არის მეორე საშიში და რიგიდული დიქოტომია, რომელიც ეკლესიისგან მოდის, რაც სამწუხაროდ, მისმა ესოდენ მოშიშმა მთავრობამ უმალ აიტაცა. ეკლესია გვიმტკიცებს, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულება არის განსხვავებული სექსუალური ირიენტაციის ადამიანების სიძულვილი და მათი დევნა. ჩემი, როგორც ქართველის ტრადიციული ღირებულება კი ის არის, რაც ჩემმა წინაპრებმა 1921 წლის კონსტიტუციაში ჩაწერეს: “სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არ აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე“ (მუხლი 31, მესამე პუნქტი); “სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან” (მუხლი 142); “არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა” (მუხლი 143); “ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია” (მუხლი 144).
ჩვენი ტრადიციული ღირებულება და წინაპრების ოცნება ისაა, რომ ეკლესია და სახელმწიფო გაემიჯნონ ერთმანეთს და ეკლესიამ არ გვიკარნახოს, თუ ვისი უგულებელყოფა და დაჩაგვრა შეიძლება. იმიტომ, რომ არავისი უგულებელყოფა და დაჩაგვრა არ შეიძლება არანაირი საფუძვლით, მათ შორის ცრუ მორალური და ტრადიციული საფუძვლებით.
ფარისევლობა
ყველამ კარგად ვიცით, თუ რა არის ეკლესიის პასუხი ჩვენში გამეფებულ სიღარიბესა და აპათიაზე - ძვირადღირებული ჯიპები და საათები. არა, ჯიპებზე და სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსებაზე არაფრის თქმას ვაპირებ. ადრე თუ გვიან ყველა მივხვდებით, რომ ჩვენივე გადასახადებით დავაფინანსეთ უსამართლობა და უთანასწორობა, რომელიც ოდესმე იმაზე უარეს ნაყოფს გამოიღებს, ვიდრე ახლა ვიღებთ. მე მინდა ახლა სხვა სახის ფარისევლობაზე ვისაუბრო, რომლის მაგალითებსაც ეკლესია აძლევს მრევლს, მთელ ქვეყანას და, რაც მთავარია, ხელისუფლებას.
სწორედ ეკლესიას უკმევს გუნდრუკს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, როცა შარშანდელი 17 მაისის დამნაშავეების დაუსჯელობაზე სიამაყით საუბრობს, მაშინ როდესაც საშინლად უნდა რცხვენოდეს, რომ არა მხოლოდ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ვერ დაიცვა, არამედ ლეგიტიმური გახადა მათი დარღვევა.
თუმცა, თუნდაც ეკლესიისგან იყოს შთაგონებული, ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ ლაქას, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე კონსტიტუციურ ცვლილებაზე დაიწყო მსჯელობა და ჰომოსექსუალური ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვა მოინდომა. და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ოდესმე გავხდეთ იმ სამყაროს წევრი, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი დევიზი აქვს - “ყველა განსხვავებული ყველა თანასწორი” და “გაერთიანებული მრავალფეროვნებაში.”
ყველა ეს პრობლემა ნებისმიერი ქვეყნისა და კულტურისთვის არის დამახასიათებელი, ფარისევლობა პოლიტიკასთან და რელიგიასთან ყოველთვის იქნება დაკავშირებული, თუმცა მთავარი ისაა, როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ და წინ აღვუდგეთ მას. მაგალითად, ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიტიკოსების თუ რელიგიური მოღვაწეების კეთილგონიერების გასაზომად ერთი მარტივი ინდიკატორი აქვს, თუ მათ ევოლუციის თეორიის არ სჯერათ, ესე იგი საღად აზროვნების უნარს მოკლებულნი არიან და მისი ნდობით ვერ ისარგებლებენ. საქართველოშიც, მტყუან-მართლის გარჩევა სულაც არ არის ძნელი, რადგან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქართველების მიმართ სიძულვილი არის ერისა და ბერის კეთილგონიერების საზომი. ამიტომაც, რაც უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, სწორედ ისინი გადაარჩენენ რესპუბლიკას.
2 დიდხანს ვიფიქრე, ეკლესია მეწოდებინა ამ ჯგუფისთვის, თუ ეკლესიის სახელით მოქმედი ჯგუფი. თუმცა სანამ ქრისტიანები ამ ჯგუფს ეკლესიის სახელით მოქმედების უფლებას აძლევენ, ალბათ უპრიანი იქნება ეკლესიად მოვიხსენიოთ.