"როგორ იშორებს თეა წულუკიანი არასასურველ თანამშრომლებს"

"ჩემი პროტესტი სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან კანონის უხეშ დარღვევას უკავშირდება, რაც გახდა ჩემი საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლების საფუძველი. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როდესაც შრომის კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, ნამდვილად არ მეგონა, იუსტიციის სამინისტრო, სადაც მომზადდა ცვლილებების პროექტი, თავად თუ გახდებოდა ამ კანონმდებლობის დამრღვევი. მე გახლავართ მსხვერპლი იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მხრიდან კანონმდებლობის არცოდნის და არასწორად გამოყენების საფუძველზე დევნის. პრაქტიკულად, დღემდე გაურკვეველია სამინისტროს ზოგი წარმომადგენლისთვის რატომ არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებს კანონი" და რატომ უნდა გათავისუფლდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული პირი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით", - აცხადებს საჯარო რეესტრის ყოფილი მაღალჩინოსანი თამარ შოთაძე გაზეთ "ალიასთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ იშორებს თეა წულუკიანი არასასურველ თანამშრომლებს?

"ჩემი დევნა ხორციელდებოდა როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე მისი პირველი მოადგილის მხრიდან. მიწის კატეგორიის ცვლილების ბრძანების პროექტის მომზადების ეტაპზე მინისტრის ინიციატივით ამოღებული ვიყავი სამსახურებრივი მეილიდან, რათა ჩემი შენიშვნები და მოსაზრებები არ გამომეთქვა მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. მოგვიანებით გამოიცა მინისტრის ბრძანება სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის ცვლილების წესთან დაკავშირებით, რომლის შესრულება სარეგისტრაციო კანონმდებლობასთან მისი შინაარსის შეუსაბამობის გამო შეუძლებელი იყო. ჩემ მიმართ მინისტრის ასეთი დამოკიდებულება ეჭვს ბადებდა, ვინაიდან ცნობილია მთავრობისა და პრემიერ მინისტრის დაინტერესება პროფესიონალი კადრების აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმების მიმართულებით, მაშინ გაურკვეველია, რატომ დევნიდა თეა წულუკიანი პროფესიონალ კადრებს იუსტიციის სამისტროს სისტემიდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ შოთაძე. 

"ჩემი უკანონო სამსახურებრივი დევნით შეილახა ჩემი კანონიერი ინტერესი, შრომის უფლება, რის გამოც მომადგა მატერიალური და მორალური ზიანი. მივმართე სასამართლოს, მივმართე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, განახორციელოს სამსახურებრივი მოკვლევა ჩემი უკანონოდ გათავისუფლების საკითხზე და კონკრეტული შეფასება მიეცეს კანონდარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. მინისტრის მხრიდან არა მარტო სამინისტროს, არამედ სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების უკანონო სამსახურებრივი დევნა ხორციელდება. წულუკიანი ერთი ხელით სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს ნასამართლევ პირებს, ამასთანავე, იმავე საფუძვლით დევნის მისთვის არასასურველ თანამშრომლებს და ათავისუფლებს სამსახურიდან - პირველად მისი მინისტრობის დროს ვნახე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, რომ კანდიდატს მონაწილეობის მიღება შეეძლო მიუხედავად ნასამართლობისა. ამით მინისტრი არღვევს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მე-17 მუხლს, თუმცა მინის დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობის გამო, ეს სულაც არ აინტერესებს", - განაგრძობს საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი. 

"წულუკიანთან დაახლოებული პირები, რომელთაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მინისტრის ინიციატივით წახალისებული და დაწინაურებული არიან, ხოლო თუ თვალში ვინმე არ მოუვიდა, დევნის. არ მჯერა, რომ მინისტრი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას. როგორ შეიძლება მინისტრმა და მისმა პირველმა მოადგილემ სასამართლო ხელისუფლების რეფორმა ჩაატარონ, მოოსამართლეებს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მიუთითონ, როდესაც უხარვეზოდ მარტივი ტიპის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არ შეუძლიათ", - დასძენს თამარ შოთაძე და შეკითხვას - "თავად ხელმძრვანელობა რომ ატავისუფლების გასაგებია, მაგრამ ამ გაგანია უმუშევრობის ფონზე ხალხი რატომ გარბის უწყებიდან, რას შვრება ასეთ ეს წულუკიანი, რომ ხალხს უმუშევრობა ურჩევნია მასთან მუშაობას?" - პასუხობს:

"სამინისტროში მართლაც არის ასეთი ფაქტები და თანამშრომლების სამსახურიდან წასვლას იშვიათად უდევს ობიექტური საფუძველი. მე პირადად თავს შევიკავებ სხვა პირებზე საუბრისგან, თუმცა ვადასტურებ, რომ რამდენიმე წამყვანმა და ღირსეულმა თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა და ეს პროცესი, ჩემი ინფორმაციით, კვლავ გრძელდება. წულუკიანისთვის თანამშრომელთა კომპეტენციას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - თუ არ მოსწონხარ, ყველა საშუალებას იყენებს, მათ შორის უკანონოსაც, რომ მისთვის მიუღებელმა კადრმა სამსახური დატოვოს"