"რას აპირებს პროკურატურა და მოითხოვს თუ არა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებას? "ალიასთვის" კულუარულად ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში რამდენიმედღიანი მორატორიუმი გამოაცხადეს და მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით შეიძლება ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულ ახალაიას საქართველოში ექსტრადირება. წყაროს ცნობით, პროკურატურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ ისაუბროს ახალაიას საქმეზე, სანამ არ გაიგზავნება ოფიციალური მოთხოვნა საბერძნეთის საგამოძიებო ორგანოებში. მართალია, გავრცელებული ინფორმაციით დათა ახალაია ერთი თვის წინ დააკავეს, მაგრამ ჩვენი ინფორმირებული წყარო განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ ემუქრება დათა ახალაიას საბერძნეთში ლიკვიდაციით?
"ახალაია დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს საბერძნეთში, ქალაქ პატრასში. ის თვითმფრინავით გადაადგილებას თავს არიდებდა და არასდროს ჩნდებოდა აეროპორტში. მისი გადაადგილების საშუალება იყო გემი. პატრასშიც სწორედ გემით ჩავიდა. მასთან სამართალდამცავები მივიდნენ და სთხოვეს წარედგინა საბუთები. მან წარუდგინა ბერძნული საბუთი, რომელიც ყალბი იყო და რა თქმა უნდა, სახელიც და გვარიც შეცვლილი ჰქონდა. სამართალდამცავები დააეჭვა ამ დოკუმენტმა და სთხოვეს სხვა საბუთის წარდგენა. ამის შემდეგ დათა ახალაიამ მისცა უკრაინული საბუთი და სწორედ ამ საბუთის საშუალებით "ჩაავლეს". როდესაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მხოლოდ მაშინ აღიარა, ვინც იყო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ალიას" ინკოგნიტო წყარო.
"პოლიციელებს უთხრა, დათა ვარ ახალაია, ვიძებნები ადამიანის წამებისთვისო - ისეთი შეშინებული იყო, სამართალდამცავებს ფეხებში ჩაუვარდა და ეხვეწებოდა, ციხეში არ გადამიყვანოთ, იქ მე ცოცხალს არავინ დამტოვებსო. ამის გამო განყოფილებაში ჰყავდათ 10 დღის განმავლობაში და პოლიცია დარაჯობდა. რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს ალადაფონის ციხეში. აი, მაშინ მიხვდა, რომ ცუდად იყო მისი საქმე და სთხოვა თავშესაფარი საბერძნეთის ხელისუფლებას. მან ზუსტად იცის, რომ თუკი გაძლიერებული დაცვა არ ეყოლება, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ადამიანთა რამდენიმე ჯგუფია, რომელიც გეგმავს ანგარიშსწორებას ახალაიაზე", - განაგრძობს რესპონდენტი და კითხვაზე - "რატომ არის დათა ახალაია ასეთი შეშინებული, ვინმე ემუქრებოდა?" - პასუხობს:
"მოგიყვებით ერთ ისტორიას და მიხვდებით, რატომაც არის ასეთი შეშინებული ახალაია, რომელიც ციხეშიც კი დაუცველად გრძნობს თავს. მან ერთ ბიზნესმენს წაართვა რამდენიმე მილიონი დოლარი, მოუგონა რაღაც ბრალდება და პირდაპირ "აახია" ეს ფული. მოგვიანებით ამ ადამიანმა (ამ ეტაპზე ვინაობას ვერ დაგისახელებთ) იჩივლა და მოითხოვა ამ უკანონოდ წართმეული თანხის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ფულს არავინ დაუბრუნებდა. სხვათა შორის, დათა ახალაიამ ამ თანხიდან 150 000 დოლარი პირდაპირ მისცა ბესო სურმავას, ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, რომელიც მედიკამენტებით გააბრუეს და ყველას ახსოვს, რა სისულელეებიც ალაპარაკეს. დანარჩენი თანხა კი გაფლანგა..."
"როცა ხელისუფლება შეიცვალა და დათა ახალაია ქვეყნიდან გაიქცა, ის ბიზნესმენი საბერძნეთში იყო. ახალაიამ იცოდა, რომ ის არ გაჩერდებოდა და გადაწყვიტა მისი მოშორება. საბერძნეთში ჩაიყვანა კუდის ყოფილი თანამშრომლები და დაგეგმა ამ ადამიანის ლიკვიდაცია. როდესაც ბიზნესმენის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მანქანა სავალი ნაწილიდიან გადავარდა, მაგრამ ამ ადამიანს ტყვია არ მოხვედრია და გადარჩა. რა თქმა უნდა, ის არ გაჩერდება და ბოლომდე იძიებს შურს ახალაიაზე, რომელმაც ისე გაამწარა ადამიანები, რომ ისინი არაფერზე დაიხევენ უკან. ამიტომაც ეხვეწებოდა ბერძენ სამართალდამცავებს ციხეში არ გადამიყვანოთ, იქ მომკლავენო. როგორც გითხარით, მას ლიკვიდაციით ემუქრებიან, ეს ბიზნესმენი კი აპირებს საბერძნეთის საბერძნეთის ხელისუფლებისთვის ოფიციალური დოკუმენტაციის მიწოდებას, რომელშიც ახალაია როგორც მკვლელობის დამკვეთი ისე ფიგურირებს", - დასძენს "ალიას" ინკოგნიტო წყარო