[ლევან სეფისკვერაძე]
შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კონფლიქტის ზონის მიმდებარე ქართულ სოფლებში მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა. რუსებმა კვლავ განაახლეს ცხინვალის სამხრეთით, ქართული სოფლის – თამარაშენის ნანგრევებზე სამხედრო ბაზისა და სამხედრო ქალაქის მშენებლობა. ოსი მოსახლეობა განაწყენებულია იმის გამო, რომ მშენებლობაზე ოკუპანტები ძირითადად რუსეთიდან (ვლადიკავკაზიდან) ჩამოყვანილ ხელოსნებსა და მძღოლებს ასაქმებენ. ცხინვალელები კი ტრადიციულად, თამაშგარე მდგომარეობაში არიან დარჩენილნი.
ადგილობრივების მტკიცებით, სამაჩაბლოს დანგრეულ სოფლებისა და ნასახლარების ადგილზე, რუსებისათვის ღამით გავლა უკვე ძალზედ სახიფათო გახდა, რადგან ლიახვის ხეობაში მგლები მომრავლდნენ და მთებიდან საკვების საძებრად ჩამოსულმა მტაცებლებმა ქართული სოფლების ნასახლარებში დაიბუდეს. ყოველ ღამეს, ცხინვალის ჩრდილოეთიდან მოისმის ასეულობით მგლის გულისწამღები ყმუილი და დღევანდელი ცხინვალი თანდათან ემსფავსება ამერიკულ საშინელებათა ფილმებში არსებულ ქალაქს, საიდანაც წასვლაზე ყველა ადამიანი ოცნებობს.
მიუხედავად იმისა, რომ შარშან რუსეთის დუმამ საზეიმო ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის არმიის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ჩამოხეულ-ჩამოძონძილ ”უძლეველ” რუსულ არმიას, ამით არაფერი დატყობია.
სამაჩაბლოელები, ახალგორელები, პერეველები თუ ფრონეს ხეობის მცხოვრები ქართველები, ჟურნალისტებთან საუბარში არ მალავენ, რომ რუსი ჯარისკაცები ნახევრად მშივრები დაწანწალებენ და მოსახლეობას თხოვნითა თუ მუქარით, საკვებ პროდუქტებს სძალავენ. იმის გამო, რომ ახალგორის რაიონი სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს მოწყვეტილია, ამ რაიონში განთავსებული რუსული ბატალიონის ჯარისკაცები განსაკუთრებით გაუსაძლის პირობებში არიან. ახალგორელი ზეზვა ქუმსიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ერთ-ერთ ჩამოძონძილ რუს ჯარისკაცს თავისი ნახმარი ძველი ჯინსის შარვალიც კი აჩუქა.
ზეზვა ქუმსიაშვილი, ახალგორის რაიონის მკვიდრი: - “შეიძლება გამამტყუნოთ და მოღალატე დამიძახოთ, მაგრამ ერთი რუსი ახალგაზრდა ჯარისკაცი ისე შემეცოდა, ჩემი შარვალი ვაჩუქე და რამდენიმე პურიც გავუტანე. რუსები ბოლო დროს, მართლა გამოძალვაზე არიან, მაგრამ ის რუსი ბიჭი ძალიან საცოდავი იყო.
ისეთი ძველი ტანსაცმელი ეცვა, ნამდვილი ”ბომჟი” იყო. ახალგორის ბაზა საჭმლითა და ტანსაცმლით, რუსეთისგან როგორც ჩანს, წესიერად ვერ მარაგდება. როგორც ვიცი, არც ცხინვალის ბაზაზე ცხოვრობენ რუსები გადასარევად, მაგრამ ახალგორში განსაკუთრებულად ცუდად აქვთ საქმე. ქართველები ახალგორიდან ახლაც გამორბიან, რადგან არავინ იცის, მთვრალ რუსს როდის რა მოაგიჟიანდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც რჩება რაიონში. სახლები რომ დავტოვოთ, ვის დავუტოვოთ? და მერე სად ვიცხოვროთ? წეროვანში აშენებულ ხუხულებში? მაგას ისევ სოფელში დარჩენა და რუსების წასვლის იმედით ცხოვრება სჯობია”.
როგორც ჩვენთან საუბარში სამაჩაბლოელები ამბობენ, რუსეთის საოკუპაციო ნაწილების თითქმის ყველა ასეულში ერთი ქართველი ჯარისკაცი მაინც მსახურობს. რუსეთის ჯარის სარდლობამ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რადგან ჯერ ერთი, ქართულის მცოდნე ადამიანები ესაჭიროებოდა და გარდა ამისა, როგორც ჩანს, ოკუპანტები ქართველთა მხრიდან ნდობის მოპოვებას ესწრაფვიან.ჩვენთან საუბარში ადგილობრივი გლეხი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ იგი თავად ესაუბრა ეროვნებით ქართველ, რუსული საქმის მკეთებელ ჯარისკაცს.
“ცოტა ხნის წინ, რუსი ჯარისკაცები მომადგნენ სახლში და სასმელი მთხოვეს. თავიდან საკმაოდ ზრდილობიანად იქცეოდნენ, მაგრამ როდესაც დასალევის მიცემაზე უარი ვუთხარი, გინება დამიწყეს. გაბრაზებულ რუსებს ერთი ბიჭი აჩერებდა, რომელიც მერე ქართველი აღმოჩნდა. გვარიც მითხრა, მაგრამ არ მინდა, ამ გვარის ხალხს გული ვატკინო და არ გავამხელ ქართველი ჯარისკაცის გვარს.
ეს ბიჭი 15 წელია, ანუ ბავშვობიდან რუსეთში ცხოვრობს, თუმცა ქართული საკმაოდ კარგად იცოდა. როგორც თვითონ მითხრა, მოსკოვში ცხოვრობდა და ასაკის გამო, რუსულ ჯარში სამსახური ჯერ არ უწევდა, მაგრამ კომისარმა ძალით წაიყვანა, რადგან ქართველები სჭირდებოდათ. იფიცებოდა, აგვისტოს ომში მონაწილეობა არ მიმიღიაო. არ ვიცი, შეიძლება მართალიც იყო და არ უომია, მაგრამ რუსეთის ჯარში რომ მსახურობ და ქართველების წინააღმდეგ დგახარ, რა მნიშვნელობა აქვს, შენს ეროვნებას? უკვე ქართველების მტერი გამოდიხარ!
ყველაფრის მიუხედავად, სასმელი რუსებს მაინც არ მივეცი. ჯერ ერთი, ოჯახში ისედაც ძალიან ცოტა არაყი მქონდა და ბევრიც რომ მქონდეს, მაგათი გასაფუჭებელი სასმელი სად მაქვს?”
გაზაფხულის დადგომისთანავე, კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი ახალ ომზე. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებს სჯერათ, რომ რუსები მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდებიან და ახალ პროვოკაციებს წამოიწყებენ. სამაჩაბლოელი ქართველები სამი წლის წინ ამ დროსაც მოსალოდნელ ომზე საუბრობდნენ, მაგრამ ვინ დაუჯერა?