თელავის მე-8 საბავშვო ბაღის გამგემ პატიმარი ქალის შვილები ბაღიდან გაყარა!

თელავის მე-8 საბავშვო ბაღის გამგემ პატიმარი ქალის შვილები ბაღიდან გაყარა!

ქართული სიტყვააგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

სულ ვცდილობ, ის არ დავწერო, რაც მაწუხებს და სხვების დარდზე გელაპარაკოთ, მაგრამ...

გული ვეღარ იტევს ტკივილს...

სულს უნდა, რომ გაანგრიოს კედლები და ქორივით გაფრინდეს, გაფრინდეს და თავისი შვილები დაიცვას...დაიცვას ამ უკიდეგანო სივრცეში არსებული ბოროტებისგან...

ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გადავრჩე...

უფრო სწორად, მე კი არა, ჩემი შვილები გადავარჩინო გაბოროტებისგან!

არ მინდა, ვანომ, მარიმ და თაკომ გაბრაზებულებმა იარონ, გაბუტულები იყვნენ კაცობრიობაზე...

მინდა, რომ იყვნენ ლაღები და თავისუფლები!

არასოდეს რცხვენოდეთ, რომ მათი დედა ვარ, თუნდაც პატიმარი, თუნდაც დამნაშავე, თუნდაც ათას ლაფნასროლი!

მე ხომ მათი დედა ვარ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ვარ!

დედა იყო გუშინ მოსული, ვანო და მარიც მოიყვანა...

ვანო მეტლიკინებოდა...

მარი სახეზე მეფერებოდა...

მათ სითბოსა და სურნელს ახლაც ვგრძნობ...

დედაჩემი კი, დაღლილი და სასოწარკვეთილი თვალებით მიყურებდა, რაღაც არ მომწონდა, აი, რაღაც...

მერე, ვანოს ვკითხე:

- ბაღი მოგწონს?

- კიი... ნათელა მასაწავლებელი მიყვარს, რადგან სულ მეფერება და მკოცნის... ბაღიდან თავისი მანქანით მივყავარ სახლში... ხომ მაგარია, დეე?!

ვერ მივხვდი, რას მიყვებოდა...

ვიდრე დამიჭერდნენ, ბავშვები სხვა ბაღში დადიოდნენ, იმ ბაღში გამგე სხვა იყო...

- ნათელა? - ვკითხე გაოცებულმა დედაჩემს...

- ხოო, - მითხრა და თავი ჩაღუნა დედამ...

- ნათელა ხომ პირველი ბაღის გამგეა? ასე შორს რატომ დაგყავს, სახლის გვერდზე ბაღი არ გვაქვს? თუ ისიც დახურეს?

დედამ იძულების წესით მიამბო:

- მერვე ბაღში აღარ მიიღეს, გამგემ ჯერ მითხრა, რომ ადგილი არ იყო, შევეხვეწე, ვუთხარი, ცუდ ამინდებში მაინც არ ვატარებ, კვირაში ერთი ან ორი დღით მოვიყვან-მეთქი... იუარა... სხვა მშობლებს მოეწონებოდათ შენი შვილები მათი შვილების ჯგუფში? ბავშვებიც თან მყავდა, არ მინდოდა, მათაც მოესმინათ ეს საუბარი... ამიტომ აღარ გავაგრძელებინე და წამოვედი... გზაში მარიმ მკითხა:

- ეგ გამგე ბოროტია? დედაჩემი არ უყვარს, ხო?

მერე ვანომაც მითხრა, დედა რომ ციხეშია, იმიტომ არ ვუნდივართო... ბავშვებს ვერ ვუმალავ ვეღარაფერს... შინ ორნი არიან და მარტო თამაშობენ... ამას წინათ, ვუსმენდი და გავიგე, რომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მოდი, ციხობანა ვითამაშოთო... ძალიან ვინერვიულე, მაკა, არ შეიძლებაბავშვების სახლში ჩაკეტვა და ამიტომ იქ მივიყვანე, შორს კი არის, მაგრამ ნათელა გამგე ღვთისნიერია, ხან თავად მიჰყავს და მოჰყავს ბავშვები. არ უნდა, რომ მე ვიწვალო - ბაღი სახლიდან შორსაა. ტაქსით კი ვერ ვატარებ...

გასკდა გული...

გამოხეთქა ტკივილმა...

თმის სათითაო ღერის ტკივილი ვიგრძენი...

გაბრაზება?

ამას გაბრაზება არ ერქვა...

ამას ერქვა მძვინვარება კავკასიონზე მიჯაჭული ამირანისა, სული რომ უმძვინვარებს და აწყვეტა უნდა, უნდა, რომ გაიქცეს და თავისუფლებას შეერკინოს...

დედა და ბავშვები წავიდნენ...

მე კი, პროკურატურას მივმართე...

 

****

საქმე აღიძრა, მაგრამ მასალების არარსებობის გამო, შეწყდა...

 

***

როცა შინ დავბრუნდი, ვანოც და მარიც უკვე სკოლაში დადიოდნენ...

ბედად, ის ბაღი აღარ ახსოვდათ, ახსოვდათ ნათელა გამგე და მასზე ტლიკინი არასოდეს ეზარებათ...

მე-8 ბაღს ისევ ის გამგე ჰყავს, „რჩეული, ბავშვთა უფლებების დამცველი და კეთილშობილების განსახიერება“...

მე კი, დამრჩა ტკივილი, ტკივილი განუზომელი და გამოუთქმელი...

მაინც არ გავბოროტდი, თუმცა ვერ მოვიშუშე გულიდან ეს იარა...

არ ვიცი, ვინ უფრო დაითრგუნა ამ ამბით - მე თუ ბავშვები, მაგრამ ჩვენ გადავრჩით, ჩვენ ისევ გვიყვარს, ისევ გვიხარია, ისევ შეგვიძლია, გავიცინოთ და არასოდეს ვაგრძნობინოთ გაჭირვებულებს ტკივილი.

ჩემს შვილებს დღემდე შენახული აქვთ ყველა ის გაზეთი და ჟურნალი, სადაც ციხიდან ნოველებსა და სტატიებს ვაქვეყნებდი...

ჩემს შვილებს ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ!

სიყვარულის გარდა, მათ სიამაყეც აქვთ, სიამაყე, რომ დედა ჰყავთ, რომელიც არასოდეს ტკივილს არ უტყდება!

ნუ დაარღვევთ პატიმრის შვილების უფლებებს, ყველაზე მეტად მათ გულებს უნდა სითბო და სიყვარული, ნებისმიერ ობოლ ბავშვზე მეტად, პატიმრის შვილის გული უფრო სათუთია!

მერწმუნეთ, ასეა!