სირიის ექსტრემისტული დაჯგუფების პანკისელი ლიდერის დოსიე

სირიის ექსტრემისტული დაჯგუფების პანკისელი ლიდერის დოსიე

პანკისის ხეობა თითქოსა მუდამ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე უყურადღებოდაა დარენილი...ესაა ხეობა, რომელიც მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ... ამ ხეობაში ქრისტიანბი არ ცხოვრბენ, მაგრამ იქაურები ალავერდობას, ალავერდში პირველები დიან მოსალოცად... ამ ხეობის ტკივილს არც ისმენენ და არც იზიარებენ...

ბირკიანისკენ მივდივარ, გზაზე ქისტი ქალი მხვდება, რომელსაც ზურგზე ფიჩხის უშველებელი კონა აუკიდია... 10 მეტრის მოშორებით, ქალი და ორი ბავშვი ტყის ფხალით სავსე ტომარას მიათრევენ... დაღლილები ძლივს მიიკლაკნებიან...

სოფელიც დაიწყო...

გზას ხრეშავენ... მთელი სოფელი შარაზეა და “გრეიდერის” მესაჭეს მიუთითებს, რა როგორ გააკეთოს...

„ბირჟაზე“ ვჩერდები. მამაკაცები უცნაურად მიყურებენ - მართალია, 21-ე საუკუნეა, მაგრამ ხეობაში აქტიური ქალები მაინც არ მოსწონთ... ტრადიციებით სავსე პანკისი ისევ ძველია, ძველი და არქაული...

სიტყვაძუნწები არიან, როცა გასაჭირზე ეკითხები, მაგრამ სახეზე აწერიათ, რომ სტკივათ...

მერე, ერთმა დაიწყო საუბარი, ერთს მეორე აჰყვა და გავიგე, რომ ხეობიდან წასულები უფრო სტკივათ, ვიდრე აქ, ხეობაში დარჩენილების ბედი...

- ბევრი წავიდა, ბევრი...

- სად?

- იქ, სადაც ალაჰი უხმობს.

- თარხან ბათირაშვილი აქ დაიბადა? - ეს შეკითხვა დავსვი თუ არა, ყველა იქ მყოფი გაჩუმდა, გაჩუმდა და ზურგი მაქცია. მივხვდი, რომ რაღაც შეცდომა დავუშვი და სიტყვა სკოლასა და განათლებაზე ჩამოვაგდე. აღარც ამ თემაზე ისურვეს საუბარი.

გეზი სკოლისკენ ავიღე... სამასწავლებლოში ენაწყლიანი ქალბატონი ვიპოვე, რომელმაც დეტალურად ამიხსნა, თუ ვინაა თარხანი...

 

თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი

თარხან ბათირაშვილი სოფელ ბირკიანში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ დედა მუსულმანი ჰყავდა, მამა კი, - ქრისტიანი, ოჯახი ქრისტიანული ტრადიციებით ცხოვრობდა, ოჯახში, დედას და მამას, განსხვავებული რწმენის გამო არასოდეს უდავიათ...

ოჯახი თავს მძიმე შრომით ირჩენდა... სამი შვილი - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი მშობლებს ისევე ედგნენ გვერდით შრომის დროს, როგორც დიდი და ჩამოყალიბებული ადამიანები...

ამბობენ, რომ ჩეჩნეთის ომის დროს, გარდატეხის ასაკში მყოფ თარხანს რუსლან გილაევისა და მისი ჯგუფის წევრების გაცნობა მოუხდა...

ძმები სკოლას ხშირად აცდენდნენ, რადგან ოჯახის ძირითადი შემოსავალი პირუტყვის მოვლაზე იყო დამოკიდებული. ჯერ-ჯერით მწყემსავდნენ, როგორც თავის საქონელს, ასევე - სოფლისას, შესაბამისად, ძმებს განათლება არ მიუღიათ...

მწყემსად წასულებს, როგორც ჩანს, სხვა უნარ-ჩვევების ათვისება მოუხდათ...

საშუალო განათლება ისე მიიღეს, რომ მასწავლებლებს მათი მოყოლილი გაკვეთილის გახსენება უჭირთ...

ამბობენ, რომ ჩეჩენ “ბოევიკებთან” თარხანის მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ჯარის ასაკის დადგომისთანავე, ქართულ ჯარს მიაშურა... მალევე სწორედ ქართული ჯარის სერჟანტი გახდა...

ცნობილია, რომ 2008 წელს ქართულ ჯარში იბრძოდა და ომში გამოირჩეოდა კიდეც...

დედის ავადმყოფობამ მასზე მძიმედ იმოქმედა. მალე თავად ტუბერკულოზი დაემართა და ძლივს განიკურნა... განკურნებული კი, ქართულ ჯარში აღარ მიიღეს...

თარხანის ცხოვრებაში, როგორც მისი მასწავლებლები იხსენებენ, დედას განსაკუთრებული ადგილი ეკავა..

თუ რამე გაუჭირდა, ალბათ, ყველაზე მეტად, დედის გარდაცვალება...

სწორედ დედის გარდაცვალებამ შეცვალა მისი, როგორც სულიერი, ასევე საერო ცხოვრების წესიც...

ბათირაშვილი ისლამის მიმდევარი ისე შეუმჩნევლად გახდა, რომ სოფელს ისიც დაავიწყდა, რომ ოდესღაც პატარა ქრისტიანი მწყემსი სოფლის განაპირას მდებარე ეკლესიას მიაშურებდა ხოლმე და სანთლებს ანთებდა...

2010 წელს ბათირაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს...

მას სოფელში პოლიტიკური განცხადებები არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ მისი ძალა იმაზე მეტად ჩანდა, ვიდრე ეს წინა წლებში შეიმჩნეოდა. მისი მასწავლებელი თვლის, რომ ხელისუფლებამ იგი დროებით მოიშორა... დაპატიმრებიდან 16 თვის მერე, თარხან ბათირაშვილი ციხეს ტოვებს და უკანმოუხედავად სირიისკენ მიეშურება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფულისთვის იბრძოლოს, არამედ, - ალაჰისათვის...

 

ბათირაშვილი ციხეში

ბათირაშვილი 36-37 წლისა, პატიმრობა გლდანის ციხეში გაატარა, სასჯელის ბოლო 4 თვე კი, - ე.წ. მატროსოვზე...

ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი მიყვება:

„ქართველებთან არ კონტაქტობდა, განაპირა, მესამე ბარაკში ცხოვრობდა რამდენიმე აზერბაიჯანელთან ერთად. ალბათ, იმით გამოირჩეოდა, რომ მუდამ რელიგიურ ლიტერატურას კითხულობდა... მკაცრად იცავდა ყველა რელიგიურ ნორმას... ფანჯარასთან ლოცულობდა და პატარა სალოცავი კუთხეც ჰქონდა მოწყობილი...

განსაკუთრებული აურის კაცი იყო და, შესაბამისად, ყველა პატივს სცემდა... არავის საქმეში ერეოდა და არც სხვებს აძლევდა იმის უფლებას, რომ მის და მისი მეგობრების ცხოვრებაში ჩარეულიყვნენ...

მოკლედ, სასჯელს უსიტყვოდ იხდიდა...”

2012 წლის დასაწყისში, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ თარხან ბათირაშვილს, საბრძოლო ხელოვნების გარდა, კარგად ჰქონდა შესწავლილი ყურანი და, ბუნებრივია, ქრისტიან მამასთან, პანკისის ხეობაში ცხოვრება გაუჭირდებოდა... მისი სულიერი მოთხოვნილებები გაზრდილი იყო და შინაგანი პროტესტი ქართული არმიის ყოფილ სერჟანტს საქართველოდან შორს, უცხო მხარეში უნდა გამოევლინა...

თარხან ბათირაშვილი, რომელიც არ ეძალებოდა ალკოჰოლს და არც ეწეოდა, ტოვებს საქართველოს და სირიაში მიემგზავრება, სადაც ძალიან მალეო მარ ალ შიშანი ხდება და... ბირკიანში დაბადებული და ნამწყემსარი ახლა სირიის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობს. ეს ის რაზმია, რომელზეც უცხოური პრესა გამალებით წერს. თარხანის მასწავლებელი კი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თარხანი საქართველოში აღარ დაბრუნდება.

“ის პანკისში, ადრე თუ გვიან, ჩამოვა, რადგან აქ დედის საფლავი ელოდება, მან დედის თხოვნა აასრულა და ყველაზე ღრმად მორწმუნე მაჰმადიანი გახდა... მოსალოდნელი საფრთხეც დროულად იგრძნო - აქ რომ დარჩენილიყო, ალბათ, ლაფანყურის ამბავსაც “აჰკიდებდნენ” და მოკლავდნენ... მოკლედ, კაცები ქალებთან არ ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ის ხელისუფლებას დაუსხლტა და ცხოვრება ალაჰისათვის სხვა მხარეში გააგრძელა!” - ამბობს პედაგოგი.