უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი იმუქრებოდა, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ჯოჯოხეთს მოვუწყობო, მაგრამ გიგა ბოკერიას მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაბარება ფართომასშტაბიან სკანდალად ვერ იქცა. შესაბამისად, “ჯოჯოხეთის მოწყობაც” გადაიდო... საერთოდ, გიგა ბოკერია, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუახანებიდან მოყოლებული, ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იდუმალებით მოცული პერსონაა. მასზე ამბობდნენ, რომ “ნაცმოძრაობის” “რუხი კარდინალი” და მთავარი იდეოლოგია... სხვათა შორის, ბოკერიამ 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფომ გადაამეტა... სინამდვილეში, ვინ არის და ვისი დავალებით მოქმედებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი? უშიშროების პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მიანიშნებს, რომ ბოკერია იმთავითვე ამერიკული სამხედრო დაზვერვის რეზიდენტია. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი, რომელიც უწყებიდან ვანო მერაბიშვილმა დაითხოვა, იმ ამერიკელის ვინაობასაც ასახელებს, ვისთანაც გიგა ბოკერიას უშუალო კავშირი აქვს...
კონსტანტინე ფორჩხიძე: - მთელ ამ რევოლუციურ პერიოდში, ანუ ედუარდ შევარდაძის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, ცენტრალური ფიგურა სწორედ გიგა ბოკერია იყო. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: რევოლუცია, ვარდებისას დაარქმევ, ტიტებისას თუ ნარინჯისფერს, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა. საერთოდ, სახელმწიფო გადატრიალების სამი ფორმა არსებობს - სამხედრო, რევოლუციური და ე.წ. მცოცავი... უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე რევლუციის მომწიფება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან რევოლუციას მხოლოდ დიდი ფული კი არა, შესაბამისი ადამიანური რესურსი და მომზადებაც სჭირდება...
კარგად მახსოვს, 2005 წელს, სლოვაკეთში, კერძოდ, ბრატისლავაში ბუშის ვიზიტი.
- უკაცრავად, ეს გიგა ბოკერიასთან რა კავშირშია?
- ამ ვიზიტზე დასასწრებად საქართველოდან ორი ფიგურა - გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი იყო მიწვეული. შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ბუში სიტყვით გამოვიდა და ქართული რევოლუციის ახალგაზრდა ლიდერები წინა პლანზე ისხდნენ. ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა, თუ რა დამსახურებისთვის მიიწვიეს ბუშის ამ ვიზიტზე ის ფიგურები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მაინცდამაინც ავტორიტეტებად არ ითვლებიან. ამ თემის შესწავლა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტებმა დაიწყეს და მეც, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალი, დავინტერესდი.
სხვათა შორის, რევოლუციური პროცესი თავდაპირველად სერბეთში, მილოშევიჩის წინააღმდეგ განვითარდა, რასაც სისხლისღვრა და მილოშევიჩის გასამართლება მოჰყვა. სერბეთიდან რევოლუციურმა ტალღამ სლოვაკეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში გადაინაცვლა...
- ბატონო კოტე, “ვარდების რევოლუციის” დროს საქართველოში იგორ ივანოვი ჩამოვიდა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, წინა ინტერვიუებში აცხადებდით, რომ სააკაშვილი და, საერთოდ, “ნაცმოძრაობის” ელიტა რუსული პროექტია. მაშასადამე, გიგა ბოკერიაც კრემლზეა მიბმული?
- არა.
- აბა, “რუსულ აჯაფსანდალში” როგორ მოხვდა?
- ეს “რუსული აჯაფსანდალი” მას შემდეგ გაჩნდა, როცა შევარდნაძის წინააღმდეგ პროცესი დაიწყო - რუსეთს შევარდნაძე არ აწყობდა და ამას მის წინააღმდეგ მოწყობილი რამდენიმე ტერორისტული აქტიც ადასტურებს. იცით, ყურადღებას შევარდნაძეზე რატომ ვამახვილებ?
- რატომ?
- რატომ და, - შევარდნაძე არც რუსებს აწყობდათ და აღარც - ამერიკელებს. მათ საქართველოში თავიანთი გეოსტრატეგიული ინტერესი ჰქონდათ და ახალი სისხლი სჭირდებოდათ.
- მაშასადამე, შევარდნაძესთან დაკავშირებით რუსებისა და ამერიკელების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა?
- დიახ, დაემთხვა და ორივე მხარემ საქართველოში ოპერატიული თამაში დაიწყო, ანუ “ვარდების რევოლუციაში” მხოლოდ რუსული კი არა, აშშ-ის და დასავლეთის სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართულნი.
- ესე იგი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დამეგობრება რუსეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურების დირექტივა იყო?
- ასე პირდაპირ არ ხდება. არსებობს ინტერესები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ერთმანეთს ემთხვევა...
სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, გიგა ბოკერია რუსულ კონტექსტში არასოდეს მიხსენებია და არც ვახსენებ, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ბოკერიას რუსულ სპეცსამსახურებთან შეხება არ აქვს. ამასთან, შემიძლია, იმ ადამიანის ვინაობაც გითხრათ, ვის დავალებებსაც ბოკერია ასრულებს.
- მაინც, ვის დავალებებს ასრულებს?
- ბრიუს ჯექსონის.
- ბრიუს ჯექსონი ვინაა?
- ბრიუს ჯექსონი აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და მხოლოდ აშშ-ში კი არა, სხვა ქვეყნებშიც ძალიან გავლენიანი ფიგურაა. მამამისი “სი-აი-ეს”-ის თანადამფუძნებელი გახლდათ და, როგორც “ფე-ბე-ერ”-ის დამაარსებელ გუვერს სცემენ პატივს, ასევე, პატივს სცემენ ჯექსონის მამასაც... მოკლედ, ყველა ამ რევოლუციის ავტორი სწორედ ბრიუს ჯექსონია. დოქტრინა კი, რომელსაც რევოლუციონერები ანხორციელებდნენ, პროფესორ შორტს ეკუთვნის, რომელიც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” სათავო ოფისში გავლენიანი ფიგურაა და რომელმაც დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელოს - “დიქტატურიდან დემოკრატიამდე” შექმნას ორმოცი წელი მოანდომა...
სხვათა შორის, 2005 წელს, როცა ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა, ბრიუს ჯექსონი დელეგაციის ოფიციალურ სიაში არ იყო შეყვანილი, თუმცა საქართველოში იმყოფებოდა და ტელეკამერების წინ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაც გამოჩნდა - სააკაშვილი ინტერვიუს, თუ არ ვცდები, მერიის ყოფილი შენობიდან აძლევდა და ბუშის ვიზიტზე საუბრობდა. ამ დროს, ბრიუსმა მხარზე ხელი მოხვია, ანუ მიშას, როგორც სჩვევია, ზედმეტი მოუვიდა და ამ ჟესტით ჯექსონმა აგრძნობინა, რომ გაჩუმებულიყო...
- ბრიუს ჯექსონმა იცოდა, რომ სააკაშვილი კრემლს ემორჩილებოდა?
- შესაძლებელია, იცოდა და ეს ხელისგადახვევაც კონტროლის მექანიზმი იყო... როგორია, როცა არაოფიციალური პირი, რომელიც პროტოკოლით, დელეგაციის ოფიციალურ სიაში არაა, ასეთ ჟესტს აკეთებს...
- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, ბრიუს ჯექსონმა გიგა ბოკერიას გადაბირება როდის და როგორ შეძლო?
- ეს არ ვიცი... ალბათ, სოროსის დახმარებით...
საერთოდ, მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებამდე ასეთი რევოლუციების მოწყობა “სი-აი-ეს”-ს ებარა. შემდეგ კი, კორუფციული მომენტები გაჩნდა, რადგან ამ საქმეში დიდი ფული ტრიალებდა. დიდმა ფულმა კი ყოველთვის ბიუროკრატების ჩათრევა იცის. ამიტომ, რევოლუციების მოწყობამ ეროვნულ-დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში გადაინაცვლა. ამ უკანასკნელს კი, ანუ რესპუბლიკურ ინსტიტუტს მაკკეინი აკონტროლებს.
- კოტე ბატონო, რაღა დაგიმალოთ და დავიბენი: მაკკეინი სააკაშვილის მეგობარია, თუკი სააკაშვილი რუსების სპეცსამსახურების ქვეშევრდომია, მაშასადამე, მაკკეინიც პრორუსული განწყობისაა?
- ამას არ ვამბობ, თან მაკკეინი სააკაშვილის კი არა, გიგა ბოკერიას მეგობარია. ამერიკელებს მეგობრების “გადაგდება” არ სჩვევიათ, მაკკეინმა კი, ბოლო განცხადებით სააკაშვილი, პრაქტიკულად, აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
- თუ არ ვცდები, ექსპრეზიდენტმა ერთხელ ისიც თქვა, მაკკეინი ბიძაჩემიაო...
- სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ერთი, მაკკეინსაც ჰკითხეთ, არის მისი მეგობარი? ის ფიგურა, ვისაც ამერიკელები დღემდე ეყრდნობოდნენ და მომავალშიც დაეყრდნობიან, გიგა ბოკერიაა!
- ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ აგვისტოს 5-დღიანი ომის ერთ-ერთი შემოქმედი გიგა ბოკერიაა. თუკი 2008 წლის მოვლენები ამერიკელების ინტერესში არ შედიოდა, აბა, გიგა ბოკერია “ომის პარტიის” ლიდერად რატომ მიიჩნევა?
- ისე არ გამიგოთ, რომ გიგა ბოკერიას ვიცავ, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში, მე სხვა ინფორმაცია მაქვს.
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დაკითხვაზე დაბარების გამო, ახალ ხელისუფლებას თეთრ სახლთან ურთიერთობა ხომ არ გაუფუჭდება?
- შეიძლება, გაუფუჭდეს, მაგრამ შეკითხვები შეიძლება, ნებისმიერ პიროვნებასთან გაჩნდეს, რომელიც სახელმწიფო ვერტიკალში იყო ჩართული და გინდ ამერიკული “კრიშა” ჰქონდეს, გინდ - ფრანგული, ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.
- ბატონო კონსტანტინე, ყველაფერი, რასაც ამბობთ, ლირიკაა. გაქვთ კონკრეტული ფაქტი, რომლითაც დადასტურდება, რომ გიგა ბოკერია ამერიკულ სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობს?
- ფატქები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ფაქტებზე საუბარი ჯერ არ მინდა.
- რატომ? მაინც, რა ფაქტებია?
- საუბარია შეხვედრებზე...
- ანუ?
- აშშ-ში გიგა ბოკერიას ვიზიტი ყოველთვის ბრიუს ჯექსონთან შეხვედრით მთავრდება... ასევე, მაქვს ინფორმაციაც, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, გიგამ ბრიუს ჯექსონს “კმარას” შავი მაისური აჩუქა, რომელზეც მუშტი იყო გამოსახული.
- ითვლება, რომ თეა თუთბერიძე გიგა ბოკერიას დავალებებს ასრულებს. არცთუ დიდი ხნის წინ, თუთბერიძემ პირდაპირ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი რუსეთის კაციაო. თუთბერიძის ეს განცხადება შეიძლება, ბოკერიას ერთგვარ მესიჯად ჩავთვალოთ?
- ბატონო ვანო, წინა ინტერვიუებშიც გითხარით: მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ მთელი “ნაცმოძრაობა” ჩაძიროს, ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
- კი ბატონო, მაგრამ თეა თუთბერიძის განცხადებაზე გკითხეთ და მიხეილ სააკაშვილი რა შუაშია?
- სააკაშვილი იმ შუაშია, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ბოკერია-უგულავასა და სააკაშვილ-მერაბიშვილის ფრთებს შორის კარგი ურთიერთობაც იყო ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, მიშამ არჩევანი მერაბიშვილზე გააკეთა.
- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს უშიშროების საბჭოს ბოკერია მართავდა...
- უშიშროების საბჭოს მდივნობა, პრაქტიკულად, უჯარო გენერლობაა. უშიშროების საბჭოს წონა ედუარდ შევარდნაძის დროს ჰქონდა - მაშინ ყველა ძირითადი გადაწყვეტილება სწორედ ამ უწყებასთან შეთანხმებით მიიღებოდა. სააკაშვილის დროს კი, გიგა ბოკერიას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, შეზღუდული უფლებები ჰქონდა, თუმცა ინფორმაციას ფლობდა, თან პატარა ფიგურა არც “ნაცმოძრაობაში” იყო.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა, თუკი, მართლაც, რუსებზე მუშაობს, ბოკერია, ანუ ამერიკელების კაცი რატომ არ მოიცილა?
- ვერ მოიცილებდა.
- რატომ?
- გიგა ბოკერიას მოცილება სააკაშვილის მხრიდან იმის აღიარება იქნებოდა, რომ თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია!
- მოარულ ხმას თუ დავუჯერებთ, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე თანამოაზრეები არიან. ამასთან, ვიღაცები ამტკიცებენ, რომ გივი თარგამაძე, სააკაშვილის მსგავსად, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მოკლედ, ლოგიკა აქაც არაა - სხვა თუ არაფერი, ბოკერია და თარგამაძე “თავისუფლების ინსტიტუტშიც” ერთად იყვნენ. ისე, ეს არასამთავრობო ვისი შექმნილია?
- ამერიკელების.
- ჰოდა, რუსებისგან მართული თარგამაძე და ამერიკელებისგან მართული ბოკერია “თავისუფლების ინსტიტუტში” ერთად როგორ მოხვდნენ?
- ქართული ე.წ. ენჯეო სექტორი მთლიანად ამერიკული პროექტია და ყველამ იცის, რომ მას, თავიდან ბოლომდე, სოროსი აფინანსებდა. რუსები დეგენერატები არ არიან და “თავისუფლების ინსტიტუტში” ბევრი ისეთი პიროვნება იყო, რომელსაც რუსეთთან ირიბი კი არა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა...
- “თავისუფლების ინსტიტუტის” სათავეებთან, როგორც მახსოვს, დავით ზურაბიშვილი და ლევან ბერძენიშვილიც იდგნენ...
- ახლა არც ზურაბიშვილზე ვსაუბრობ და არც - ბერძენიშვილზე... ამ ორგანიზაციას, გარკვეული დროის შემდეგ, სხვა “ტიპებიც” მიუერთდნენ. მოკლედ, რუსები თავიანთ ოპერატიულ წყაროებს ე.წ. ენჯეო სექტორშიც ამუშავებდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო ორი დიდი იმპერიის სპეცსამსახურების საჯილდაო ქვად იყო გადაქცეული და ეს ბრძოლა ენჯეოებისა თუ პოლიტიკური სპექტრის დონეზე ჩანდა. სამწუხაროა, რომ ყველაფერ ამას ქართული სპეცსამსახური ყურადღებას არ უთმობდა. არადა, ქვეყნის სპეცსამსახური მხოლოდ რუსეთის კი არა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა თუ ისრაელის დაზვერვის წინააღმდეგაც უნდა მუშაობდეს... მოკლედ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულ თუ სომხურ სპეცსამსახურებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ორი დიდი მონსტრი მოქმედებს, რომლებიც თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარებას ცდილობენ. იცით, ამას სპეცსამსახურების ენაზე რა ჰქვია? - დაზვერვის სხვისი დროშის ქვეშ წარმოება. ეს უბრალო მკითხველისთვის შეიძლება, ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ რაც ვთქვი, გამგები გაიგებს...
- ბატონო კოტე, მაგალითად, გივი თარგამაძე რუსულმა სპეცსამსახურებმა რის საფუძველზე გადაიბირეს?
- კარგად მომისმინეთ: ხელს პირდაპირ არ ვადებ, რომ ვინმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელია, მაგრამ მათი საქმიანობა ოპერატიულ ყურადღებას იმსახურებს. მთელი ის საქმიანობა, რომელშიც პატივცემული გივი თარგამაძე იყო ჩართული, კრახით დამთავრდა. გაიხსენეთ ყირგიზეთის მოვლენები, უდალცევისა და ანატოლი ლებეტკოს თემები. ასევე, გაიხსენეთ, თუნდაც უკრაინა. თქვენ, რა, გგონიათ, რომ “ნარინჯისფერი რევოლუციით” უკრაინაში დიქტატურა დაემხო? არაფერიც არ დაემხო - უკრაინა არასტაბილური ქვეყანა გახდა და ორი დიდი ცივილიზაციის შორისაა “გაკვეხებული”, სადაც, საქართველოს მსგავსად, ორი დიდი ქვეყნის სპეცსამსახურის ბრძოლა მიმდინარეობს...
- დავიჯერო, რუსულ სპეცსამსახურს გივი თარგამაძეზე უკეთესი პერსონა არ ჰყავდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სპეცდავალებით გაეგზავნა?
- ვიმეორებ: პირდაპირ რომ ვთქვა, თარგამაძე რუსეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობს-მეთქი, არასერიოზული იქნება...
- კარგი, შეკითხვას სხვანაირად დაგისვამთ: გივი თარგამაძის ბეგრაუნდში არის ისეთი დეტალი, რის გამოც შეიძლება, რუსული სპეცსამსახურის ინტერესის სფეროში აღმოჩენილიყო?
- რატომაც არა?!
- კონკრეტულად?
- შეიძლება, გივი თარგამაძეს შეხება კრიმინალთან ჰქონოდა. ასევე, შესაძლებელია, რომ მასზე პირადი კომპრომატიც არსებობდეს.
- “პირად კომპრომატში” ნასამართლეობას გულისხმობთ?
- დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, გივი თარგამაძე ნასამართლევია.
- რისთვის?
- გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რაც არაერთხელ გაჟღერდა პრესიდა და ტელევიზიით, ახალგაზრდობაში ინტიმურ დანაშაულზე გაასამართლეს. საერთოდ, ე.წ. ინტიმურ თემებზე საუბარი არ მიყვარს...
- ბატონო კონსტანტინე, საუბრის თემას შევცვლი... აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, საქართველოში ტერაქტების, ასე ვთქვათ, ბუმი დაიწყო და “ნაციონალური” ხელისუფლება რუსეთის მიერ მომზადებულ “ტერორისტებს” სულ ბითუმად იჭერდა. რეალურად, რა ხდებოდა?
- 2010 წელს, ალბათ, გახსოვთ, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა და, როგორც პროფესიონალს, შკეითხვები გამიჩნდა.
- რა შეკითხვები?
- შინ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მომაკითხეს და, როგორც სპეციალისტს, მთხოვეს, რომ მომხდარზე ჩემი აზრი გამომეთქვა. შემთხვევის ადგილზე წამიყვანეს, იქაურობა დამათვალიერებინეს და ასაფეთქებელი საშუალების დაქსეროქსებული სურათიც მაჩვენეს. სხვათა შორის, ორი ასაფეთქებელი იყო, ერთი აფეთქდა, მეორე კი, რომელიც საელჩოს ეზოში გადააგდეს - არა... ჩემი შეფასებით, ორივე ასაფეთქებელი ქარხნულად იყო დამზადებული და რუსულს წააგავდა.
- უცნაურია, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა აზრი “ნაციონალურ” ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ კოტე ფორჩხიძეს რატომ ჰკითხეს?
- თქვენ, რა, გგონიათ, არ იცოდნენ, ვის და რას ვებრძოდი?
- ვის ებრძოდით?
- რუსებს...
მოკლედ, შემთხვევის ადგილზე მისულმა ყურადღება მივაქციე, რომ აშშ-ის საელჩოს გვერდით სასაფლაოა. თბილისში სასაფლაოების უმრავლესობას შპს “ჰერმესი” ფლობს, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. “ჰერმესის” სასაფლაოების უმეტესობის დირექტორი კი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.
- აშშ-ის საელჩოსთან მოწყობილ ტერაქტთან ეს რა კავშირშია?
- უბრალოდ, შეკითხვა გამიჩნდა.
- მაინც, რა შეკითხვა?
- მაგალითად, არსებობს პიროვნება, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც “ჰერმესის” მამოძრავებელ ძალად ითვლება და რომელიც თავს “შახს” ეძახის... აღსანიშნავია, რომ სასაფლაოების დირექტორები სხვადასხვა დროს პოლიტიკურად ძალიან აქტიურობდნენ, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც იყვნენ და ე.წ. შეფიცულებშიც. სასაფლაოების დირექტორები ჩემი თვალთახედვის არეში მაშინაც მოხვედრილან, როცა კონტრდაზვერვაში ვმუშაობდი...
- საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ მესაფლავეებს სპეცსამსახური აკონტროლებს?
- ძალიან კარგად ვიცი, ეს პიროვნებები დღეს სად არიან და რას აკეთებენ, ვისზე იყვნენ და არიან მიბმულნი...
სასაფლაოსა და აშშ-ის საელჩოს კედელს შორის ვიწრო გზა გადის. ერთი აფეთქება ერთ-ერთ საფლავთან მოხდა, საელჩოს ეზოშიც ასაფეთქებელი სწორედ ამ საფლავიდან ისროლეს. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი იმან გააკეთა, ვინც იქაურობას კარგად იცნობდა, თან იქ ბევრი ხალხი არ მოძრაობს... ამ ვერსიაზე მუშაობა ღირდა...
საერთოდ, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება, ნებისმიერ ქვეყანაში, სერიოზული სკანდალია. ჩვენთან ეს ტერაქტი ძალიან სწრაფად გაიხსნა და შეგახსენებთ, ტელევიზიით გასულ კადრებსაც: გვაჩვენეს ტიპი, რომლის დაქირავებული ბინიდანაც ასაფეთქებელი საშუალებები ამოიღეს. ასევე, გვაჩვენეს ლუდის მეტალის ქილები, სადაც თითქოს “ჰექსოგენი” იყო დამონტაჟებული, მაგრამ ნებისმიერი სამხედრო სპეციალისტი მაშინვე მიხვდებოდა, რომ ის, რაც ტელევიზიით გვაჩვენეს, “ჰექსოგენი” კი არა, მყარი დენთი იყო. “ჰექსოგენი” მყარ დენთზე გაცილებით ძლიერია... ხომ გითხარით, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დაქსეროქსებული სურათები რომ მაჩვენეს. ჰოდა, შეკითხვა გამიჩნდა, ის, რაც ტელევიზიით გვანახეს, საიდან გაჩნდა?
ასევე, გაავრცელეს “ლეიბორისტების” ოფისთან გადაღებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც ერთი ხეც კი არ ჩანდა.
- ხე რა შუაშია?
- ჯავახიშვილის ქუჩაზე უამრავი ხეა და, წესით, კადრში უნდა მოხვედრილიყო. ერთი სიტყვით, ეს ტერაქტი, ჩემი აზრით, თავიდან გამოსაძიებელია.
- უშვებთ ალბათობას, რომ ტერაქტის ინსცენირება თავად “ნაციონალებმა” გაითამაშეს?
- შესაძლებელია...
- და ამ “მოდელირებული ტერაქტის” მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო?
- ვერ გეტყვით... შეიძლება, რაღაცის გადასაფარად გაკეთდა. ეს ტერაქტი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ხურჩაში მომხდარ ტერაქტს ძალიან ჰგავდა...
- საერთოდ, ბატონო კოტე, თუკი სააკაშვილი კრემლის დავალებებს ასრულებდა და ასრულებს, ვერ გავიგე, რუსეთის ჯაშუშებს რატომღა იჭერდა?
- რომელი ჯაშუში დაიჭირა?
- მაგალითად, “ენვერი”, ფოტოგრაფები...
- ყველაფერი ეს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შექმნას უკავშირდებოდა. ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, წყალგამყოფი იყო...
- საქართველოში რუსეთის ჯაშუშების ბითუმად გამოვლენა აგვისტოს ომის მერე დაიწყო...
- ყველაფერი მიშას პირადი პრევენცია იყო, რომ თუნდაც ამერიკელებს არ დაებრალებინათ, 2008 წელს რუსეთის საქმე გააკეთეო...
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება, დავუშვათ, რომ ციხეში არსებული სიტუაციის გასაჯაროებას ხელი ამერიკელებმა შეუწყვეს?
- ეს მათ გარეშე ნამდვილად არ მოხდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში თავის დროზე შეტანილი ცვლილებებით საფუძველი მოიმზადა, რომ პრემიერი გამხდარიყო და, ამერიკელების ზეწოლა რომ არა, ხელისუფლების უზურპაციას 2012 წლის ოქტომბერშიც კიდევ ერთხელ მოახდენდა! ამ უზურპაციის კი, ყველაზე მეტად ამერიკელებს ეშინოდათ, რადგან ხალხის მასა უმართავი გახდებოდა, ქუჩაში გამოვარდებოდა და ისეთი დესტაბილიზაცია დაიწყებოდა, რასაც რევოლუცია და შეიძლება, დიდი სისხლისღვრაც მოჰყოლოდა. ყველაფერი ეს კი, ამერიკელების ინტერესებს დაანგრევდა და სწორედ ამას მოერიდნენ.
- გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება შირმა ხომ არაა და, სინამდვილეში, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი სამართალდამცავებს სააკაშვილზე ინფორმაციებს აწვდის?
- “ნაცმოძრაობის” რებრენდინგი მიხეილ სააკაშვილისა და იმ ტიპებისგან ჩამოცილებას გულისხმობს, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან ოდესმე შეხება ჰქონიათ.
- ანუ, ამერიკელებს უნდათ, რომ “ნაცმოძრაობამ”, როგორც პარტიამ, იარსებოს?
- ამერიკელებს “ნაცმოძრაობის” იმ ფრთის შენარჩუნება უნდათ, რომელიც ნამდვილად პროამერიკულია... ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა ფაქტია: “ნაცმოძრაობაში” ცდილობენ, რომ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახდინონ!.. ისე, სააკაშვილზე ზოგი ფიქრობს, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებულია, მაგრამ ჯერ ერთი, ფსიქიურად გაუწონასწორებული ადამიანი ამდენ ენას ვერ სწავლობს, მეორეც, პიარტექნოლოგიებიც კარგად იცის, რომელიც კიევში, სპეცსამსახურის სკოლაში შეისწავლა... სხვათა შორის, სააკაშვილის განცხადება, “ნაცმოძრაობის” ლიდერები გავაფრთხილე, ქუჩის აქციებს მოერიდეთო, შეიძლება, “ნაცმოძრაობის” იმ ფრთაზე, რომელსაც ბოლომდე ვერ აკონტროლებს, ერთგვარი რევანშიც იყოს.